საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი, დღეს, 12 ივნისს შეწყდება. როგორ გაართვეს თავი სკოლებმა დისტანციური სწავლების ახალ გამოწვევას და რა იყო მათთვის ყველაზე დიდი სირთულე, – ამის გასარკვევად ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მოქმედი რამდენიმე სკოლის დირექტორს დავუკავშირდით.
– პედაგოგებმა შესაშურად იმუშავეს და შეძლეს, რომ არც ერთი მოსწავლე ყურადღების მიღმა არ დარჩენილიყო. ეს არ არის საუკეთესო შედეგი, მაგრამ შექმნილ რთულ მდგომარეობას თავი გავართვით, – ამბობს ხარაგაულის #2 სკოლის დირექტორი ვალერი გოგნაძე, – სწავლა ორმხრივი პროცესია. მიუხედავად იმისა, რომ პედაგოგები ყველა მოსწავლეს უკავშირდებოდნენ, მოსწავლეების მხრიდან ამას მონდომება და მეცადინეობა უნდა მოჰყვეს, რომ სასწავლო პროცესი შედეგიანი იყოს.
ვფიქრობ, მიმდინარე სასწავლო წლის მასალებისათვის გარკვეული დროის დათმობა სექტემბერში მოგვიწევს და ამას განათლების სამინისტროც გაითვალისწინებს. მომავალში დისტანციურ სწავლებას, საჭიროების შემთხვევაში, უფრო მომზადებულები შევხვდებით. თუმცა, ვფიქრობ, მასწავლებლებისთვის დამატებითი სემინარები და ტრენინგები სწავლების ამ მეთოდის უკეთ დასაძლევაში დაგვეხმარება“.
კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ამბობს, რომ ამ სკოლაში 52 მოსწავლე სოციალურად დაუცველი ოჯახიდანაა დაზოგიერთ მათგანს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება.
– დისტანციური სწავლება მძიმე გამოწვევა იყო, თავიდან ძალიან შევშინდით, მაგრამ შემდეგ ფეხი ნელ-ნელა ავუწყვეთ, – ამბობს თამარ წიწილაშვილი, – მოსწავლეთა ნაწილი თიმსის პროგრამაში ჩაერთო, ზოგს „მესენჯერით“ ჩავერთეთ. თუ მოსწავლეს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებოდა, პედაგოგები ტელეფონებით უკავშირდებოდნენ და გაკვეთილს ასე უხსნიდნენ.
უფროსკლასელები ონლაინ სწავლებაში გაწაფულები აღმოჩნდნენ, ახალ პროგრამებს ალღოს ადვილად უღებდნენ. დაწყებითი კლასების მოსწავლეები უფროსების დაუხმარებლად პროგრამებში ჩართვას ვერ ახერხებდნენ. ნათქვამია „როგორც გიჭირდესო…“ მასწავლებლებმა ძალიან მოინდომეს და შედეგიც გვაქვს. თუმცა იმ შედეგის მიღწევა, რაც სკოლაში საგაკვეთილო პროცესშია შესაძლებელი, ონლაინ სწავლებით რთულია.
დისტანციური სწავლების ერთ-ერთი ყველაზე დიდი პრობლემა კონტროლის სისტემაა. ჩვენ გაკვეთილებს ვხსნით, მაგრამ მოსწავლეები რამდენად საფუძვლიანად სწავლობენ, ეს რთულად გასარკვევია; მიუხედავად იმისა, რომ მოსწავლეები შესრულებულ დავალებებს ფოტოებს უღებდნენ და მესენჯერით გვიგზავნიდნენ.
მოსწავლეები ძალიან მოგვენატრენ. რთულია დისტანციური სწავლება. თუმცა, ამ მეთოდს დადებითი შედეგიც აქვს. ჩვენს ეპოქაში აუცილებელია, მოსწავლემ ინტერნეტის გამოყენება იცოდეს და კომპიუტერულ პროგრამებს ფლობდეს.
კიცხი ერთ-ერთი დიდი და ძლიერი სოფელია ხარაგაულში. თუმცა, აღმოჩნდა, რომ ბევრ ოჯახს ინტერნეტი არ აქვს. მშობლების უმრავლესობა თვლიდა, რომ ინტერნეტი და კომპიუტერი მოსწავლეს მეცადინეობაში ხელს შეუშლიდა. თუმცა, დისტანციურმა სწავლებამ მათ ამის საჭიროება კარგად დაანახა.
დისტანციურად ვუკავშირდები კოლეგებს, ვაანალიზებთ და ვაჯამებთ მოსწავლეთა შედეგებს, გარკვეულ საგნებში, ალბათ, აუცილებელი იქნება მოსწავლეებს სექტემბერში დამატებით ვამეცადინოთ. ღმერთმა დაგვიფაროს, მაგრამ თუ მომავალში დისტანციური სწავლება კიდევ დაგვჭირდა, ვფიქრობ, ამ გამოწვევას უფრო მომზადებულები შევხვდებით და შედეგიც უკეთესი გვექნება. სოფლების ინტერნეტიზაცია აუცილებელია, რომ ინტერნეტი ყველა მოსწავლისთვის იყოს ხელმისაწვდომი, – ამბობს თამარ წიწილაშვილი.
დისტანციურ სწავლებაში აქტიური ჩართულობისათვის მოსწავლეებსა და მშობლებს ვაშლევის საჯარო სკოლამ სერთიფიკატები გადასცა. სკოლის დირექტორი ქეთინო ლურსმანაშვილი ამბობს, რომ წლის შემაჯამებელი მეცადინეობები ყველა კლასში ჩატარდა და შედეგებით კმაყოფილები არიან.
– ქართულ ენასა და ლიტერატურას ვასწავლი. ლიტერატურის სასწავლო მასალა კარგად ავითვისეთ, ქართული ენის შესწავლა მოსწავლეებს ცოტა გაუჭირდათ, – ამბობს ქეთინო ლურსმანაშვილი, – ამიტომ, ვფიქრობ გარკვეულ მასალებს სექტემბერში, სკოლაში დაბრუნების შემდეგ განმეორებით გავივლით. მსურს, სპეციალისტებისგან პროგნოზირებული კორონავირუსის მეორე ტალღა აგვერიდოს და სექტემბრიდან ჩვენს მოსწავლეებთან სრულყოფილი საგაკვეთილო პროცესის ჩატარება შევძლოთ.
– ხიდრის სკოლა სასწავლო წელს, დისტანციური სწავლების ფონზე, არც თუ ისე ცუდად ამთავრებს, – ამბობს ხიდრის საჯარო სკოლის დირექტორი ეთერ პაპავა, – დისტანციურ სწავლებაში ყველა მოსწავლე ჩაერთო. როგორც სკოლის ხელმძღვანელი, ხშირად ვუკავშირდები მშობლებს და მათგან ვიგებ, თუ როგორ მიმდინარეობს სწავლის პროცესი. ყველა მათგანი პედაგოგების აქტიურობით ძალიან კმაყოფილია. თავად ქიმიასა და ბიოლოგიას ვასწავლი. ამ საგნების სწავლებაში ტელეგაკვეთილები მეხმარებოდა. მოსწავლეებს ქიმიაში გაკვეთილს რომ ავუხსნიდი, მასალის შესაბამის ცდას ტელეგაკვეთილის დროს ნახულობდა.
დისტანციურ სწავლებას ახლდა პრობლემებიც. ზოგიერთ პედაგოგს კომპიუტერი არ აქვს, ან ინტერნეტპაკეტის შეძენა უჭირს. ინტერნეტის სიხშირე დაბალია. ხიდარში მობილური ქსელების სიგნალის მიღებაც პრობლემაა. თუ მომავალში სწავლის გაგრძელება ამ მეთოდით მოგვიწევს, ამ ხარვეზების გამოსწორება აუცილებელია.
დისტანციური სწავლების პროცესში აუცილებლად გასათვალისწინებელია მოსწავლეების განცდები. ისინი მასწავლებლებსა და მეგობრებს სადღაც შორს ეკრანებზე ხედავენ. სკოლა მხოლოდ გაკვეთილები არ არის. აქ ბავშვები ურთიერთობას, მეგობრობას, სითბოსა და ზრუნვას სწავლობენ. ვგრძნობ, რომ ჩვენს მოსწავლეებს სკოლა ენატრებათ.
დისტანციური სწავლების მეთოდის გამოყენება, სკოლაში ჩვეულებრივი სასწავლო პროცესის მიმდინარეობის დროსაც შეიძლება. თუ მოსწავლე ავად გახდება და სკოლაში სიარულს ვერ შეძლებს, ჩვენ უკვე გვაქვს გამოცდილება, მას ინტერნეტით ან ტელეფონით დავუკავშირდეთ და სწავლაში ხელი შევუწყოთ“.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი