ინტერნეტი ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა და 21-ე საუკუნის ადამიანისთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა შეიძინა. თუმცა, საქართველოს მოსახლეობის ერთ მეხუთედზე მეტი მოწყვეტილია ამ შესაძლებლობას.

საქართველოს კონსტიტუციით, ინტერნეტზე წვდომა ყველა ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა, რომელიც საკუთარი აზრის გამოხატვის გარანტიას იძლევა. ინტერნეტის გამოყენებით, სახლიდან გაუსვლელად,  შეგიძლია ისწავლო, იმუშაო, გაერთო, მთელ მსოფლიოს მისწვდე და შენი ხმა გააგონო.

პანდემიისა და  საგანგებო მდგომარეობისას საჭიროებასთან ერთად დავინახეთ ისიც, რომ საქართველოს მოსახლეობის დიდ ნაწილს ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდება. ამ კუთხით განსაკუთრებით რთული ვითარებაა საქართველოს რეგიონებში.

მკვეთრად გამოხატული ციფრული უთანასწორობა გეოგრაფიული და ეკონომიკური ფაქტორებითაა განპირობებული.

ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა, რეგიონებთან შედარებით, თბილისში უფრო მაღალია. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) 2020 წლის კვლევით, იმერეთში ფართოზოლოვანი ინტერნეტის აბონენტთა რაოდენობა 94,253-ს უტოლდება მაშინ, როდესაც ეს ციფრი თბილისში საკმაოდ მაღალია და 919.905 აბონენტს შეადგენს.

ამ სტატისტიკის მიღმა ადამიანები დგანან, რომელთაც არა თუ ხარისხიან, არამედ უბრალოდ ინტერნეტზეც კი არ მიუწვდებათ ხელი. დღეს ფართოზოლოვანი ინტერნეტის დადგმა დიდ თანხებთან არის დაკავშირებული და შესაბამისად ამით ფინანსურად გამართული  ოჯახები სარგებლობენ.

საჩხერის, ჭიათურის, ზესტაფონისა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტების მოსახლეობა ამბობს, რომ ისინი უმეტესწილად მობილურ ინტერნეტს იყენებს. დაბალი ხარისხის მობილური ინტერნეტი კი ადამიანებს ბევრ შესაძლებლობას ვერ აძლევს, განსაკუთრებით პანდემიის გამო შექმნილ მოცემულობაში.

„მე ოჯახში ინტერნეტი არ მაქვს, რადგან მისი შემოყვანა გარკვეულ ხარჯებთანაა დაკავშირებული- ამბობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ გეზრულის მკვიდრი მარო ხოჯანაშვილი, – გეზრულის საჯარო სკოლაში ვასწავლი და დისტანციური სწავლებისას მოსწავლეებსაც და მასწავლებლებსაც ძალიან გაგვიჭირდა.

პირადად მე მობილურ ინტერნეტს ვიყენებდი, რომლითაც თიმსის პლატფორმაზე შესვლა მიჭირდა. მოსწავლეებისთვის კომპიუტერით დავალებების გადაგზავნა მიწევდა ხოლმე, მაგრამ ეს ინტერნეტი კომპიუტერზე არ მუშაობდა. ბევრს ვწვალობდი.

მოსწავლეების ნაწილი ახერხებდა  მობილური ინტერნეტის შეძენას. ვისაც ინტერნეტი არ ჰქონდა, ტელეფონით ვუკავშირდებოდით. ეს სრულყოფილი საგანმანათლებლო პროცესი არ ყოფილა“.

 

„ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა კონსტიტუციით აღიარებული უფლებაა“

ინტერნეტ კავშირით უზრუნველყოფა სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ცხოვრების ხარისხს აუმჯობესებს. დღეს კი საქართველოში ბევრი ისეთი სოფელია, სადაც ფართოზოლოვანი ინტერნეტი საერთოდ არ იჭერს. ასეთი დაახლოებით ათასი სოფელია.

მოსახლეობა კომუნიკაციისა და უწყვეტი ინფორმაციის მიღების შესაძლებლობას აბსოლუტურად მოწყვეტილია.

საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხომარეთში ინტერნეტი მხოლოდ ადმინისტრაციულ შენობასა და ბიბლიოთეკაშია. აქ მცხოვრებ არც ერთ ოჯახს ინტერნეტი არ აქვს. სოფლის რწმუნებული, გიგა მერმანიშვილი ამბობს, რომ აქ მოსახლეობას სატელეფონო კავშირზე წვდომაც უჭირს.

ცხომარეთის თემში შედის სოფელი მოხვი. ინტერნეტი აქაც მიუწვდომელია.  მოხვის საბაზო სკოლის პედაგოგი, ნატო ტალახაძე ამბობს, რომ სოფლის მოსახლეობამ ადგილობრივ ხელისუფლებას კი მიმართა, მაგრამ მათგან მხოლოდ დაპირებები ისმის. ამ პრობლემის მოსაგვარებლად ქმედით ნაბიჯს არავინ დგამს.

„ინტერნეტი ჩვენთვის არანაირად არ არის ხელმისაწვდომი. დისტანციური სწავლებისას ბავშვებს ტელეფონით ვუკავშირდებოდით. მაგთის კორპორაციული ნომრები გვაქვს, მაგრამ აქ ეგეც არ იჭერს.

მხოლოდ ჯეოსელი იჭერს ჩვენთან, რადგან ჯეო-სილქნეტის მიმღები დაგვიყენეს სოფელში. ჯეოსელზე ინტერნეტსაც ვრიცხავ ხოლმე, მაგრამ დისტანციური სწავლებისას ვერ გამოვიყენე. მოსწავლეებსაც ხომ უნდა ჰქონდეთ ის?!

პროვაიდერებსაც დავუკავშირდი. მათ ასეთი პასუხი გამცეს – თქვენი სოფელი მაღალმთიანია, ძირითადად ასაკიანი ადამიანებითაა დასახლებული, შესაბამისად აბონენტების სიმცირე იქნება და არ გვიღირს ასეთ მცირე რაოდენობის აბონენტებთან სატელიტური მიმღებით შემოსვლაო. ჩემი დიდი სურვილი და ოცნებაა ჩვენს სოფელში ინტერნეტი იყოს“.

ზემო იმერეთში მხოლოდ ცხომარეთის თემი არ არის ერთადერთი გამონაკლისი, სადაც ინტერნეტი არ იჭერს. ასეთია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელი გედსამანია. გოჩა ჩადუნელი სოფელ გედსამანიის მკვიდრია. ამავე სოფლის საბაზო სკოლაში ასწავლის. მისი შვილებიც  სკოლის მოსწავლეები არიან. დისტანციური სწავლებისას ძალიან გაუჭირდათ.

„მოსწავლეებს ტელეფონით ვუკავშირდებოდით, თუმცა აქ ისიც არ იჭერს კარგად. ინტერნეტი სკოლის შენობაშიც არ არის. სოფელ ხუნევის სკოლასთან ვართ ინტეგრირებული და ყველაფერს იქ ვაკეთებთ, რაც ინტერნეტთანაა დაკავშირებული.

ადგილობრივები ამ პრობლემაზე ხშირად ვსაუბრობთ ხელისუფლებასთან. საკითხს ჩაინიშნავენ ხოლმე და მიდიან. ჩვენთვის იმედიანი სიტყვა ჯერ არავის უთქვამს. პროვაიდრები მიზეზად ასახელებენ იმას, რომ პატარა სოფელია მცირე მოსახლეობით, შესაბამისად ვერ დაინტერესდებიან“, – ამბობს გოჩა ჩადუნელი.

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) იკვლევს, რამდენად აქვს საქართველოს მოსახლეობას ხელმისაწვდომი და ხარისხიანი ინტერნეტი. აღნიშნული ორგანიზაციის ინტერნეტისა და ინოვაციების მიმართულების ხელმძღვანელი, თეონა ტურაშვილი ამბობს, რომ სახელმწიფოს უდიდესი ვალდებულებაა თითოეულ ადამიანს მისცეს ინტერნეტზე წვდომის შესაძლებლობა.

„საკონსტიტუციო ცვლილების თანახმად, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობა ადამიანის ერთ-ერთ უფლებადაა აღიარებული, – აღნიშნავს თეონა ტურაშვილი, – შესაბამისად, სახელმწიფოს გაუჩნდა პოზიტიური ვალდებულება, იზრუნოს იმ ადამიანებზე, ვისაც არ აქვს ინტერნეტზე  ხელმისაწვდომობა.

მეორეს მხრივ, მან უნდა დაიცვას იმ ადამიანის უფლებები, ვინც ინტერნეტს იყენებს, რათა არ დაწესდეს მათთვის რაიმე შეზღუდვა. ინფრასტრუქტურის პრობლემა – ეს არის ის მიზეზი, რის გამოც ადამიანები ინტერნეტის გარეშე რჩებიან.

სახელმწიფო ვალდებულია, მოაწყოს ინფრასტრუქტურა ისეთ ადგილებში, რომელიც ნაკლებად მომგებიანია კერძო სექტორისთვის. ამის შემდგომ ნებისმიერ პროვაიდერს უნდა მიეცეს ამ ქსელის გამოყენების საშუალება“.

 

დისტანციური სწავლება ინტერნეტის გარეშე

„-მასწავლებელო, საჭმლის ყიდვა გვიჭირს და ინტერნეტი როგორ შევიძინოთ?! – ამას რომ გეტყვის მოსწავლე, მას როგორ უნდა მოსთხოვო რაიმე?- კითხულობს ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ სვერის საჯარო სკოლის პედაგოგი, თეა ცუცქირიძე, – 300-დან მხოლოდ 10 ოჯახს აქვს საკაბელო ინტერნეტი შეყვანილი. ეს ძალიან ცოტაა“.

დისტანციური სწავლება ლაკმუსის ქაღალდი აღმოჩნდა, რომელმაც გვაჩვენა, რომ საქართველოში ინტერნეტი ჯერ კიდევ ფუფუნების საგანია. სკოლის მოსწავლეებისა და მასწავლებლების გარდა, დისტანციური სწავლება გამოწვევებთან იყო დაკავშირებული სტუდენტებისთვისაც. განსაკუთრებით მათთვის, ვინც რეგიონებში ცხოვრობს.

მარიამ გორგაძე ზესტაფონის მუნიციპალიტეტის სოფელ შროშაში ცხოვრობს. მან შარშან თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ჩააბარა. მარიამმა პირველი კურსი ისე გაიარა, რომ უნივერსიტეტში არ ყოფილა. სოფლიდან ესწრებოდა ლექცია-სემინარებს. მარიამი ამბობს, რომ დისტანციური სწავლებისას მობილურის ინტერნეტს იყენებდა, რომელიც ხარისხიანი არ არის. მისი კომპიუტერთან დაკავშირება უჭირდა. ეს დამატებით პრობლემებს უქმნიდა.

„თავი არ უნდა მოვიტყუოთ, რომ დისტანციური სწავლება რამის მომცემია, მითუმეტეს პირველკურსელისთვის. ვიცი, რომ ბევრ სტუდენტს სწავლაზე გული აუცრუვდა. ჩვენთან ინტერნეტი კი იჭერს, მაგრამ მისი შეყვანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. მხოლოდ რამდენიმე ოჯახს აქვს. ძირითადად, ყველა მობილურ ინტერნეტს იყენებს“.

 

რა ბედი ეწია საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტს

საყოველთაო ინტერნეტიზაციის იდეაზე საუბარი ხელისუფლებამ 2015 წელს დაიწყო. მისი მიზანი იყო 2020 წლისთვის, 8,000-კილომეტრიანი ოპტიკური ქსელის გაყვანა და 2,000-მდე დასახლებულ პუნქტში მაღალსიჩქარიანი ინტერნეტის შეყვანა.

კომპანია „ოუფენ ნეტს“ უნდა აეშენებინა ინფრასტრუქტურა ისეთ ადგილებში, სადაც ინტერნეტ-პროვაიდერები, მაღალი ხარჯის და მომხმარებელთა დაბალი მოთხოვნის გამო, არ გეგმავდნენ ინვესტიციის ჩადებას.

შესყიდვების სააგენტომ „ოუფენ ნეტს“ უფლება მისცა, გამარტივებული შესყიდვით დაეწყო ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის მშენებლობა, თუმცა გამოცხადებული 20 მილიონიანი ტენდერი ჩაიშალა.

2020 წლის პირველ იანვარს დამტკიცდა საქართველოს ფართოზოლოვანი ქსელების განვითარების 2020-2025 წლების ეროვნული სტრატეგია, რომლის მიზანია  4G კავშირით საქართველოს ტერიტორიის 99%-ის დაფარვა.

ჩვენ დავინტერესდით, მიმდინარეობს თუ არა ეს პროექტი. დავუკავშირდით კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას, რომელიც აღნიშნული სტრატეგიის ერთ- ერთი მონაწილეა.

„იმ 1000-მდე სოფელს, რომლებსაც ინტერნეტი არ მიეწოდება, ფართოზოლოვან მომსახურებას მომხმარებელი საყოველთაო ინტერნეტიზაციის პროექტის ფარგლებში მიიღებს, – აღნიშნავს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წამყვანი სპეციალისტი, რუსუდან ჭაბუკიანი, – პროექტი მომდევნო 5 წლის განმავლობაში განხორციელდება და ეტაპობრივად 1000-მდე სოფელს მოიცავს.

ნახევარ მილიონ ადამიანს ექნება მაღალი ხარისხის ინტერნეტზე წვდომა. ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, რომელიც აღნიშნული პროექტის ფარგლებში უკვე განხორციელდა, ოზურგეთია, სადაც, 140 კმ-იანი ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურა აშენდა“.

სოფლად მცხოვრებ მოსახლეობას ხარისხიანი ინტერნეტისთვის ლოდინი, სავარაუდოდ, კიდევ ოთხი წელი მოუწევს. მანამდე კი კვლავ მობილურით, მეზობლის ინტერნეტითა და კიდევ სხვა ხერხებით გადააგორებენ 21-ე საუკუნის გამოწვევებს.

ლიკა ხიჯაკაძე