სოხუმში დაიბადა. მშობლები, უფროს და-ძმასთან ერთად, ამ ქალაქში მის დაბადებამდე ათი წლით ადრე დასახლებულან. მამამისი, პავლე მეტრეველი, სოხუმის რკინიგზის მემანქანედ, ხაშურიდან გადაუყვანიათ. ნიჭიერი და უნარიანი ახალგაზრდა ყოფილა და ამიტომ ჯერ დეპოს პარტიული კომიტეტის მდივნად, შემდეგ კი აფხაზეთის საოლქო კომიტეტის ბიუროს წევრად აურჩევიათ.

1953 წელს, სტალინის გარდაცვალების შემდეგ, რუსებს უთქვამთ, აწი „კაცო“ აღარ დავინახოთ კრემლშიო და ქართველების დევნა დაუწყიათ.

„მამამ რომ შეხედა, „მონასტერი აირია“ და უკვე აქ აღარ დამედგომებაო, მოგვხვია ხელი და ხარაგაულში წამოგვიყვანა, – იხსენებს ალექსანდრე (საშა) მეტრეველი, – თუმცა, ამას კი ვერ ამბობდა, – მაშინვე დაიჭერდნენ. „ოჯახი გამირუსდა, ცოლი რუსულად ლაპარაკობს, შვილმა ქართული არ იცისო“, – აფხაზეთიდან ამ „საბაბით“ წამოვედით.

… სოხუმის სახლი გავყიდეთ. სოხუმში გოგოლის ქუჩაზე ვცხოვრობდით.

ზაფხული იყო, ხარაგაულში რომ დავბრუნდით. პირველ სექტემბერს მაშინდელი რკინიგზის სკოლის პირველ კლასში შემიყვანეს. მიშა გაბუნიას მეუღლე ევა იყო ჩემი პირველი კლასის მასწავლებელი. სოხუმში ჩვენი ბაღი რუსული იყო – მე ქართული არ ვიცი, ევამ – რუსული. მასწავლებელს ვერ დაველაპარაკე, ვერაფერი გავაკეთე და… მიბრწკინა.

მიბრწკინა და… შევაგინე. რუსულად ვაგინე და ევა მასწავლებელმა ვერ გაიგო, რომ ვაგინებდი. სოხუმში ჩემი ბაღის გამგე იყო ქართველი, გვარად ძიძიგური. ერთადერთი ქართველი აღსაზრდელი ვყავდი და მათამამებდა; რუსულად გინება ბაღის გამგემ მასწავლა.

იმის მიუხედავად, რომ აფხაზეთიდან 6 წლის ასაკში წამოვედით, სოხუმში მეზობლებთან, დედაჩემის ნათლულთან ხშირად დავდიოდი.

თბილისში რომ ვსწავლობდი, თვითმფრინავით მგზავრობა 4 მანეთი ღირდა, – 55 წუთში სოხუმში ვიყავი. ნათლიაჩემი გაგრაში ცხოვრობდა და ზაფხულობით იქ ჩემი მეუღლე დაჯია და შვილებიც დამყავდა; კონტაქტი არ გამიწყვეტია, 1993 წლამდე, – სანამ შესაძლებელი იყო, – ძალიან ხშირად დავდიოდით. ახლა, – რაც არის, ეგ არის და ეგ!..

… აფხაზეთში რომ ძველებურად ვეღარ მივდივარ, გულზე ლოდივით მაწევს, – სოხუმზე ლექსიც დავწერე, თქვენც ხომ გამოაქვეყნეთ… ძალიან მძიმეა ეს მონატრება, ძალიან მძიმე…

ბავშვობაში ჭიდაობა და ფეხბურთი აინტერესებდა. დედამ, ქალბატონმა ქეთომ, არ გაუშვა, ტრავმის შეეშინდა, – რაღაცას მოიტეხავ და დაიმტვრევიო. გაგრაში რომ ნათლია ჰყავდა, ბანკის მმართველად მუშაობდა. პირველ სართულზე ბანკი იყო განთავსებული და მესამე სართულზე თავად ცხოვრობდა.

ბავშვობაში ხშირად უწევდა ნათლიასთან ბანკში ყოფნა და ამიტომ საფინანსო საქმიანობით დაინტერესდა. ჯერ თბილისის საფინანსო-ეკონომიკური ტექნიკუმი დაამთავრა. სამხედრო-სავალდებულო სამსახურის გავლის შემდეგ კი დაუსწრებლად, – ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააღრიცხვო-ეკონომიკური ფაკულტეტი.

უნივერსიტეტში სწავლის პარალელურად, ხარაგაულის ფინგანში სახელმწიფო შემოსავლების ინსპექტორად დაიწყო მუშაობა. ორი წლის შემდეგ უფროს ეკონომისტად დააწინაურეს  და რაიონში რაც ორგანიზაცია იყო, ყველას საბუღალტრო ბალანსს იბარებდა. ასეთი პრაქტიკა და უნივერსიტეტში სწავლა, როგორც ბატონი საშა ამბობს, როგორც „მჭადი და ყველი, ასე ეწებოდა ერთმანეთს“.

გამოცდებს ისეთი წარმატებით აბარებდა, რომ საკუთარი გამოცდილებით ლექტორებს ანცვიფრებდა.

ალექსანდრე მეტრეველი 1984-1991 წლებში ხარაგაულში ფინანსთა სამინისტროს რევიზორად მუშაობდა; 1992-2002 წლებში – ხარაგაულის საგადასახადო ინსპექციის განყოფილების უფროსად.

„ფინანსთა სამინისტროს სარევიზიო აპარატში მუშაობა მიჭირდა იმიტომ, რომ არ უნდა შეგცოდებოდა არავინ, – იხსენებს ბატონი საშა, – მე მაგნაირი არ ვიყავი. მე თუ რაღაც დარღვევას ვნახავდი, დავჯდებოდი და სხვის გაფუჭებულ საქმეს ვასწორებდი; ასე მოვდიოდი თავიდანვე. სარევიზიო აპარატში თუ მუშაობ, არავინ უნდა გეცოდებოდეს“.

ბატონი საშა მადლიერებით იხსენებს თანამშრომლებს, რომლებიც სრულიად ახალგაზრდას ხარაგაულის ფინგანში დახვდნენ, განსაკუთრებით კი – ფინგანის გამგე მიხეილ (მიშა) მამაცაშვილს:

„ენით აუწერელი, ძალიან მაგარი კაცი იყო. სულ ფიქრობდა, რომ შენ რამე გესწავლა, ძლიერი სპეციალისტი ყოფილიყავი; როგორც ეკონომისტი, რომ გავიზარდე, „ობეხეესში“ გათავისუფლდა ადგილი და მაშინდელმა აღმასკომის თავმჯდომარე ელისო ბერიძემ ჩემი იქ გადაყვანა მოინდომა. მიშა მამაცაშვილი გადაირია, – რას ჰქვია, მე გავზარდე, ამდენი რამე ვასწავლეო. მართლაც, მიშას არაერთ რჩევას დღემდე ვითვალისწინებ.

არა-არა, არა-არა, – წავიდა ჯიკავი. მერე მიშამ ფინანსთა მინისტრ დემურ დვალიშვილს დაურეკა, – სპეციალისტი გავზარდე, კარგი კაცი დადგა და მართმევენო.

ფინანსთა მინისტრმა ჯერ რაიკომის პირველ მდივანს, შოთა დევდარიანს, დაურეკა და მერე – ელისოსაც, – მაგ კაცს თავი დაანებეთ, ჩვენი კადრია და ჩვენთან უნდა დარჩესო. ასე  გადავრჩი, თუ არა, მილიციაში მიშვებდნენ. „ობეხეესი“ დატაცებისა და სპეკულაციის წინააღმდეგ ბრძოლის სპეციალური სამსახური იყო მილიციაში. იქ ჩემისთანა კაცი მაინც ვერ იმუშავებდა. იქ უნდა ყოფილიყავი მხეცი, ნადირი; არც დედა უნდა გყვარებოდა და არც მამა. მე კი ძალიან ხათრიანი და მორიდებული ვარ.

ფინანსთა სამინისტროს რევიზორად რომ გადამიყვანეს, მიშამ მითხრა, – ბიძიაო, კაცს არ თხოვო ფულიო. უფულოდ ვერ იმუშავებ, – ვიღაცას რომ მიეხმარები, ყველა გცემს პატივსო, მარა ერთი რამ დაიმახსოვრეო, – შენ რომ კაცს ასი მანეთი თხოვო და იმას გულში ორასი მანეთის მოცემა ჰქონდეს, შენს ას მანეთს იტყვის და თავის ორას მანეთს არ იტყვისო. და მართლა ამ პრინციპით ვიმუშავე, – ფული არასდროს, არავისთვის მითხოვია.

სკოლას რომ ვამთავრებდი, სკოლის დერეფანში გამოკრული იყო ილია ჭავჭავაძის სიტყვები:

„კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე, –
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო, –
აბა, დღეს მე  ვის რა ვარგე“.

დღემდე ამ დევიზით მოვდივარ. რევიზორად რომ დამნიშნეს, საკუთარ თავს ვუთხარი, – არ გათამამდე, სულ მაგ სკამზე არ იჯდომები. ვიღაც რომ მოიმდურო და ქუჩაში შეგხვდეს, თვალები ძირს არ უნდა დახარო.

დასკვნას სხვისი მონაყოლით არასდროს ვაკეთებ. ყოველთვის ვამოწმებ ფაქტებს, რამდენად რეალურია.

– ბატონო საშა, ოთხ ათეულ წელზე მეტია, ფინანსისტად მუშაობთ. ამდენი ხნის განმავლობაში რომ პროფესიონალის სტატუსი შეინარჩუნო, თქვენი გამოცდილებით, ამისთვის რა არის საჭირო?

– მონდომება და სიახლეების მუდმივად გაცნობა. სიახლეებს დღესაც მუდმივად ვეცნობი. ძალიან კარგია, რომ, – თუ რაიმე ცვლილებაა, ახალ ინფორმაციას სწრაფად გვაწვდიან შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე. მხოლოდ, აჯობებდა, რომ ეს სიახლეები ნათარგმნი კი არა, ქართულად იყოს დაწერილი. ნათარგმნით შინაარსის ზუსტად აღქმა ძნელია.

საბჭოთა პერიოდში სიახლეებზე ჯერ ქართულად ნათარგმნი ინსტრუქცია მოდიოდა, – წაიკითხავდი ერთხელ, – ერთი მიმართულებით მიდიოდი; წაიკითხავდი მეორედ – სხვა მიმართულებით და ასეთ დროს იბნევი. მერე დავანებებდი ხოლმე თავს, გავიდოდა ერთი თვე, მოვიდოდა ორიგინალ ენაზე შექმნილი ინსტრუქცია, ერთს წავიკითხავდი და ყველაფერი სრულიად გასაგები იყო.

უცხო ენაზე ნააზრევი და ქართულად ნათარგმნი, ისე არ გამოდის, როგორც ავტორს აქვს გააზრებული. თანაც, ძალიან ხშირია ჩვენს დარგში სიახლეები.

– ასეთ შემთხვევაში როგორ მოქმედებთ?

– გადავრეკავ, გადმოვრეკავ, – ტელეფონზე ვარ დაკიდებული, ვაზუსტებ – ამ საკითხს მე ასე ვუდგები და სწორად ვაკეთებ თუ არა, – ქუთაისშიც და თბილისშიც კვალიფიციური ნაცნობები მყავს.

– ხელახლა რომ იწყებდეთ ცხოვრებას, რაიმეს თუ შეცვლიდით?

– არა, ისევ ჩემი გზით გავივლიდი. ეს უკვე ჩემშია ჩამჯდარი, მე სხვანაირ საქმეს ხელს ვერ მოვკიდებ.

რევიზორად რომ ვმუშაობდი, მივხვდი, რომ შემმოწმებელი არავის სიამოვნებს. არც მე მიყვარს, ვიღაცა თუ მამოწმებს, შენც ასე იქნები, მაგრამ ამ საქმეს შევაბერდი.

მიყვარს ქაღალდებში მუშაობა, ბუღალტერია მიყვარს. გიყვარს, როცა იცი და როცა არ იცი, – არ გიყვარს მაშინ.

– თქვენს ოჯახზე რას გვეტყვით?

– ჩემი მეუღლე, დარეჯანი, საფინანსო-ეკონომიკურ ტექნიკუმში სწავლობდა, ხარაგაულის ფინგანში რომ მოვიდა პრაქტიკაზე. მე მაშინ 26 წლისა ვიყავი, დარეჯანი – 20 წლის. გაცნობიდან 2-3 თვეში დავქორწინდით. ჩვენმა შვილებმა – ლაშამ და ქეთინომ ორივემ ეკონომიკური განათლება მიიღეს. ლაშას საკუთარი ბიზნესი აქვს, ქეთინო კერძო აუდიტორულ ფირმაში მუშაობს.

– ოცი წელია, რაც „ჩემი ხარაგაულის“ ბუღალტერი ბრძანდებით. „ჩემ ხარაგაულს“ რას უსურვებთ?

– წინსვლასა და მკითხველების სიმრავლეს. მიხარია, გაზეთი რომ გამოდის. მიუხედავად იმისა, რომ, ახლა ინფორმაციას ბევრი ინტერნეტში კითხულობს. ამის მიუხედავად, ხარაგაულელებს ეს გაზეთი უყვართ. ძალიან მადლობელი ვარ, კარგი გაზეთია. ამ ბოლო დროს არაფერი სასიხარულო აღარ არის და „ჩემ ხარაგაულს“ რომ ვკითხულობ, მიხარია. მთავარია, რედაქციამ ფინანსურად არ წაიბორძიკოს.

– ჩვენი ინტერვიუ ამით დავიწყეთ – სოხუმში დაბადებული ხარაგაულელი ბრძანდებით.

– სამხედრო სავალდებულო სამსახური ჩინეთისა და მონღოლეთის საზღვარზე, სადგურ ბორზიასთან გავიარე. 1975 წელს ჩინეთის საზღვართან მასშტაბური სამხედრო სწავლება ჩატარდა. ჩინელებს ჰგონებიათ, საბჭოთა კავშირმა ომი დაიწყოო. საზღვრიდან შვიდ კილომეტრში ვიმყოფებოდით. სწავლების შემდეგ დავბრუნდით და პოლკში დავბანაკდით. ჩინელები კი საზღვარს მოადგნენ. როგორია?!

ახალ-ახალი იარაღი დაგვირიგეს. ამ დროს მოვიდა პოლკის მეთაური, რომელსაც ქართველები ვუყვარდით; დამინახა და შეწუხებულმა მკითხა, შენ აქ რა გინდაო?! ვპასუხობ, – ამხანაგო პოლკოვნიკო, მანქანაში რაღაც ჩამიდეს; არც ვიცი და არც ასეულის მეთაური მეუბნება, რა იარაღია-მეთქი.

პოლკის მეთაურმა ამიხსნა, რომ ფეხოსანთა საწინააღმდეგო იარაღი ყოფილა, – ამ გასასროლ იარაღს ზურგზე გაიდებ და იმის შესაბამისად მომართავ, მოწინააღმდეგე რა მანძილზეც არის ჩასაფრებული. ვთქვათ, თუ 300 მეტრშია ჩასაფრებული, აქედან გასროლილი ყუმბარა 300 მეტრზე რამდენიმე ათას ნაწილად, დაბლა სკდება, – ე.ი. ფეხოსნების გასანადგურებელი იარაღია.

ჩამობნელდა, მე კი ვფიქრობ, – ჩინელები უკვე შვიდ კილომეტრში არიან, იმათ ჩვენი დივიზია რას შეაკავებს?! …ვკვდები და რისთვის, არ ვიცი; ჩემი საქმე დამთავრებულია. აღარაფერი გიშველის. შიშის გრძნობა კი არ დამეუფლა, უფრო ძლიერი სინანული ვიგრძენი, – აქ სად უნდა მოვკვდე, – დედა ვერ დაგიტირებს, საფლავი არ გექნება ან არავის ეცოდინება…

მთელი ღამე ასეთ საშინელ განცდაში გავატარე. ამ წარმოუდგენლად უსიამოვნო განცდებში ხან ხარაგაულში „ვიყავი“, ხან – სოხუმსა და გაგრაში; ვოცნებობდი, – ერთხელ მაინც მანახა კიდევ… ხარაგაულისა და აფხაზეთის მონატრებაში გათენდა… გადავრჩით!

დღესაც, ძალიან ხშირად მესიზმრება, რომ სოხუმსა და გაგრაში ვარ. დღე არ გავა, რომ არ გამახსენდეს. თუმცა, ხარაგაული მაინც სულ სხვაა. ხარაგაულივით არაფერი მიყვარს. თბილისში ათსართულიანი სახლიც რომ მომცე, ერთი წუთით არ გავჩერდები.

ალექსანდრე მეტრეველი იუბილარია, – ახლახან 70 წელი შეუსრულდა. თუმცა, საკუთარი ენერგიულობით, პროფესიული მოტივაციითა და სიახლეებისადმი ინტერესით გაცილებით ახალგაზრდაა.

გილოცავთ, ბატონო საშა! კიდევ მრავალი წლის განმავლობაში გემსახუროთ საყვარელი საქმისა და თანამემამულეებისათვის.

ლაურა გოგოლაძე