

დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ პრემიერა უნდა შედგეს. რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ეს სპექტაკლი მოსწავლეთა სახლთან მოქმედი თეატრალური წრის მოსწავლეთა მონაწილეობით დადგა.
როგორ დაიწყო მოსწავლეთა სახლში ბავშვებთან საქმიანობა, რა სირთულეები და გამოწვევები ახლავს საბავშვო სპექტაკლზე მუშაობას და რა მნიშვნელობა აქვს თეატრს მომავალი თაობისთვის, – ამ თემებზე ირინე ჩხეიძეს ვესაუბრეთ.
„ხარაგაულის მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში თეატრალური წრე 2026 წლის აპრილში ჩამოყალიბდა, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – უკვე მოზარდების მეორე ჯგუფთან ვმუშაობ. ამჟამად ამ წრეში 14 მოსწავლეა გაერთიანებული. მათგან ყველაზე უფროსი 13 წლისაა, უმცროსი – 9 წლის. პირველ ნაბიჯებს ვდგამთ და ვიმედოვნებ, რომ სპექტაკლი „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ წარმატებული იქნება.
თეატრალური წრის მოსწავლეებს მეტყველებასა და ეტიუდებში ვამეცადინებ; ვაცნობ ინფორმაციას თეატრალური ხელოვნებისა და კულტურის შესახებ. სპექტაკლზე მუშაობა რომ დავიწყეთ, ბავშვები ძალიან გახალისდნენ და უფრო მეტად დაინტერესდნენ. ძალიან მოსწონთ სცენა და ის, რომ მსახიობები არიან.
ხარაგაულელ მოსწავლეთა 80% სახელოვნებო წრეებზე დადიან – ცეკვაზე, კლასიკური და საესტრადო მუსიკის შემსწავლელ წრეებზე, ეუფლებიან გალობას, მხატვრულ კითხვას, ხატვას. მოსწავლეთა სახლში ამის კარგი შესაძლებლობაა და ბავშვები აქ სიხარულით მოდიან. იმის გამო, რომ ასეთი დაკავებულები არიან, მათი ერთად შეკრება გამიჭირდა და რეპეტიციებს შაბათ-კვირასაც ვატარებდით“.
სპექტაკლი „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ თანამედროვე პრობლემებზეა. მოსწავლეები, რომლებიც, ძირითადად, ტელეფონსა და სოციალურ ქსელებს მიეჯაჭვნენ, უეცრად, ერთი შემთხვევის გამო, ბიბლიოთეკაში ჩაიკეტებიან. შემდეგ კი მათ თავს საინტერესო ამბავი გადახდებათ.
სპექტაკლში მონაწილეობენ მოსწავლეები: ნინო კიკნაძე, თამარ ებანოიძე, ანი შავიძე, გიორგი თაბუკაშვილი, გიორგი მღებრიშვილი, დემეტრე მღებრიშვილი, გაბრიელ შარიქაძე, მერაბ ჩიჩილიძე, ნინო მაჭავარიანი, ლალი ხომასურიძე, ქეთევან ლაცაბიძე, ნატალი მანჯავიძე, მაქსიმე მანჯავიძე, ბარბარე ბოჭორიშვილი და მსახიობი დავით ჭყოიძე.
რეჟისორის შეფასებით, ხარაგაულში ძალიან ნიჭიერი მომავალი თაობა იზრდება. ამ სპექტაკლის ერთ-ერთი მონაწილე ხატია მეიფარიანი, ამავე დროს, სპექტაკლის ქორეოგრაფიცაა. ახალბედა მსახიობებს მოსწონთ და ძალიან უხარიათ ხარაგაულის სახალხო თეატრის მსახიობ დავით ჭყოიძესთან ერთად სპექტაკლში მონაწილეობა.
ირინე ჩხეიძე ამბობს, რომ სპექტაკლზე მუშაობისას გვერდით დაუდგნენ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლის დირექცია და თანამშრომლები. რეჟისორი ხარაგაულის კულტურის ცენტრის ოპერატორებს – დავით კვირიკაშვილს, ირაკლი შარიქაძეს, გრიმიორ ლიკა თაბუკაშვილს, სპექტაკლში მონაწილე ბავშვების მშობლებს მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის.
ირინე ჩხეიძე მიიჩნევს, რომ თეატრს ადამიანის ცხოვრებაში უდიდესი მნიშვნელობა აქვს – თეატრი არის თავისუფლება, სილაღე და ბედნიერება. ის ამბობს, რომ ბავშვობიდან სცენას მიჩვეულ ახალგაზრდებს მომავალში ადამიანებთან კომუნიკაცია, საკუთარი აზრის თამამად დაფიქსირება აღარ გაუჭირდებათ. ამავე დროს, მოსწავლეები დახვეწენ მეტყველების კულტურას, აუდიტორიასთან ურთიერთობას.
ხარაგაულში თეატრისა და ხელოვნების მიმართ განსაკუთრებული დამოკიდებულება და სიყვარული რომ აქვთ, ეს ირინე ჩხეიძის შეფასებით, ხარაგაულის თეატრის 126-წლიანი უწყვეტი ტრადიციის შედეგია.
ირინე ჩხეიძე ხარაგაულში მუდმივმოქმედი საბავშვო თეატრი შექმნას აპირებს. „მომავალში ვგეგმავ, რომ თავად მოსწავლეებმა შექმნან სპექტაკლისთვის დეკორაცია, მუსიკა, მოაწყონ სცენა, უფრო მეტად გაითავისონ თეატრი, – ამბობს ქალბატონი ირინე, – ხარაგაულში მუდმივმოქმედი საბავშვო თეატრის შექმნის რესურსი ნამდვილად არსებობს. ამ თეატრში განსაკუთრებული ნიჭისა და სამსახიობო მონაცემების მოსწავლეები გაერთიანდებიან.
საქართველოში ტარდება საბავშვო თეატრების ფესტივალები. 2015 წელს ხარაგაულში დავდგი საბავშვო სპექტაკლი „სათაგური“, რომელმაც იმერეთის თეატრალურ ფესტივალზე ჟიურის განსაკუთრებული მოწონება დაიმსახურა; ხოლო თბილისში, მოსწავლეთა და სტუდენტთა სამოყვარულო თეატრალურ ფესტივალზე, პირველი ადგილი მოვიპოვეთ. ვფიქრობ, მომავალი წლიდან საბავშვო თეატრების ფესტივალებში ჩავერთვებით“.
წარმატებებს ვუსურვებთ ხარაგაულის მოსწავლეთა სახლთან მოქმედ თეატრალურ წრეს და სპექტაკლს „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“.
ნინო კაპანაძე
დღეს, 27 ნოემბერს, 14:00 საათზე, ხარაგაულში სპექტაკლის „ბიბლიოთეკის ტყვეობაში“ პრემიერა უნდა შედგეს. რეჟისორმა ირინე ჩხეიძემ ეს სპექტაკლი მოსწავლეთა სახლთან მოქმედი […]
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციის ორგანიზებით,
ხარაგაულის საავადმყოფოში კონკრეტული ექიმ-სპეციალისტების
„ქართული ოცნების“ მიერ 2017 წელს გაცემული წინასაარჩევნო
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 2027 წლის ბიუჯეტის პროექტი