კიცხის სკოლა ერთ-ერთია ხარაგაულის მუნიციპალიტეტის იმ ექვსი სკოლიდან, სადაც აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, სამოქალაქო განათლების პროგრამა ხორციელდება.

ამ სკოლის უფროსკლასელებმა, სამოქალაქო განათლების მასწავლებელთან ერთად, პროგრამით შემოთავაზებული საკითხებიდან სკოლაში დემოკრატიული კულტურის განვითარებასა და სკოლის თვითმმართველობის გაძლიერებაზე ხელშეწყობა აირჩიეს.

„ჩვენი პრიორიტეტი, ამ ხუთწლიან პროგრამაში, სკოლაში დემოკრატიული მმართველობის დამკვიდრების ხელშეწყობაა, – ამბობს კიცხის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ეკა მელქაძე, – მოსწავლეთა თვითმმართველობის საქმიანობის საკითხებზე ტრენინგები უკვე ჩაგვიტარდა.

კიცხის სკოლაში მოსწავლეები გააქტიურდნენ, ახალგაზრდული კლუბი ჩამოაყალიბეს. კლუბის წევრები სისტემატურ შეკრებებს გეგმავენ. მოსწავლეები აპირებენ სკოლის საჭიროებებსა და მათ წინაშე არსებულ პრობლემებზე მსჯელობას, აზრების გაზიარებას, დებატებს. ეს მოსწავლეებში დებატების ჯანსაღი კულტურის დანერგვას, მათ აქტიურ მოქალაქეებად ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს.

მომავალში, ეს ახალგაზრდები, თუ მოისურვებენ და სახელმწიფოს მმართველობით სტრუქტურებში ჩაერთვებიან, კარგი საჯარო მოხელეები დადგებიან; სხვა შემთხვევაში, ის მაინც ეცოდინებათ, თუ როგორ დაიცვან თავიანთი უფლებები, როგორ ჩაერთონ გადაწყვეტილების მიღების პროცესში, დაინახონ პრობლემა და დაგეგმონ მისი გადაჭრის გზები; ვის მიმართონ კონკრეტული საკითხის გადასაწყვეტად – ხელისუფლებას თუ საზოგადოებრივ ორგანიზაციას და სხვ.

სამოქალაქო განათლების პროგრამის ფარგლებში სექტემბრიდან ჩავერთეთ. პირველი პროექტი კლიმატის ცვლილებას ეხებოდა, მეორე – ტოლერანტობას, მესამე – მოხალისეობას. დეკემბერსა და მომავალი წლის იანვარში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაზე ვიმუშავებთ როგორც სკოლაში, ასევე თემში. თებერვალში კიბერბულინგზე პროექტს ვგეგმავთ. ასე რომ, ყოველი თვე სხვადასხვა თემებითა და აქტივობებითაა დატვირთული“.

კიცხის საჯარო სკოლის თვითმმართველობის თავმჯდომარეს, ვერონიკა ჩაჩანიძეს სამოქალაქო განათლების პროგრამისგან დიდი მოლოდინები აქვს. ის ამბობს, რომ იღებს ძალიან მნიშვნელოვან ცოდნასა და გამოცდილებას, რასაც თანატოლებს უზიარებს.

„ვფიქრობ, რომ ჩვენი სკოლისა და შემდეგ ქვეყნის დემოკრატიული კულტურის განვითარებაში, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაში ჩვენს მოკრძალებულ წვლილს შევიტანთ“, – ამბობს ვერონიკა.

აშშ‑ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) სამოქალაქო განათლების ამ ხუთწლიან პროგრამაში საქართველოს 650 სკოლაა ჩართული; მათ შორის იმერეთიდან 93, ხოლო ხარაგაულიდან 6 სკოლა (ხარაგაულის #2 და #3, მარელისის, კიცხის, ბორისა და ბორითის) შეირჩა.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

სამოქალაქო საზოგადოება მაღალი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის მქონე ახალგაზრდებით გაძლიერდება

საზოგადოების გააქტიურება სკოლიდან იწყება

ხარაგაულში პოსტერების კონკურსი – „გახდი ტოლერანტი“ გაიმართა