სკოლაში სექსუალური განათლების სწავლების იდეას საზოგადოება არაერთგვაროვნად აფასებს. ნაწილი ამის სასტიკი წინააღმდეგია, ნაწილი კი მიიჩნევს, რომ ეს აუცილებელი და მნიშვნელოვანია. სადავოა ის, თუ ვინ ასწავლის, ვინ ისაუბრებს მოსწავლეებთან სექსუალური განათლების საკითხებზე.
რას გულისხმობს სკოლაში სექსუალური განათლების სწავლება და რა მნიშვნელობა აქვს მოსწავლეებისთვის სწორი ინფორმაციის მიწოდებას, – ამ შეკითხვებით ფსიქოლოგ მაია ცირამუას მივმართეთ.
– პირველ რიგში, სექსუალურ განათლებას აქვს პრევენციული დატვირთვა ბევრი სხვადასხვა მიმართულებით, – ამბობს მაია ცირამუა, – ესენია – ბავშვის დაცვა:
სექსტინგი არის სოციალურ ქსელებში გავრცელებული დამოკიდებულება, როდესაც უფროსი ასაკის ადამიანები ცდილობენ თინეიჯერებთან ურთიერთობის დამყარებას. ხშირად ისინი სხვა სახელითა და გვარით არიან წარმოდგენილნი. ნაკვლევი აქვთ ბავშვების პირადი გვერდები, მათი ინტერესები, ფოტოები და ახერხებენ მათ ხაფანგში შეტყუებას.
მოზარდობის ანუ პუბერტატის ასაკში, წამყვანია ჭაბუკური ჰიპერსექსუალობა. ბავშვი იზრდება და მასთან ერთად იზრდება რისკი ნაადრევი სქესობრივი ცხოვრების დაწყების. ასეთ ასაკში მას რომანტიკული ურთიერთობები იზიდავს. ძალიან მნიშვნელოვანია მოზარდებმა იცოდნენ, როგორ დაიცვან თავი ზეწოლისგან, როცა მათ ვიღაცა ასეთ „რომანტიკულ“ ურთიერთობებს სთავაზობს.
სექსუალური განათლება ძალიან ბევრი საკითხისგან შედგება – მოიცავს როგორც უსაფრთხოების საკითხებს, ისე რეპროდუქციული სისტემის, სქესობრივი გზით გადადები დაავადებების შესახებ ინფორმაციას.
რაც მთავარია, გარკვეული გზამკვლევია იმისთვის, რომ მოზარდი არ შევიდეს სახიფათო ურთიერთობებში, იცოდეს თვითრეგულაცია. მოზარდს ინტერესი აქვს სექსის მიმართ, რაც ბუნებრივია და ხშირად უკვირს, რატომ ეფიქრება ამ საკითხებზე; ან პირიქით, ის ფიზიოლოგიური პროცესები, რაც მასში ხდება, გამოხატული სხვადასხვა ტიპის სომატურ ჩივილებში (ხშირი თავის ტკივილი, გულის აჩქარება), რას უკავშირდება.
პუბერტატის ასაკი ჰორმონალურ ცვლილებებთან არის დაკავშირებული. მოზარდს სარისკო ქცევა იზიდავს. რაც უფრო შეაიარაღებ ბავშვს ამ ცოდნით, მით უფრო დაცულია არასასურველი ძალადობრივი სიტუაციებისგან.
სექსუალური განათლების გაგება ხდება არასწორად. რატომღაც ადამიანებს ჰგონიათ, რომ ეს არის სქესობრივი ურთიერთობის, პოზების და ასეთი რაღაცების სწავლება.
სექსუალური განათლება არა მხოლოდ ბავშვისთვის, არამედ მშობლისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია. ყველა მშობელმა უნდა იცოდეს, როგორია მისი შვილის ტიპიური სექსუალური განვითარება.
მშობელმა უნდა იცოდეს, როგორ ამოიცნოს, მისი შვილის მიმართ ცუდად დაინტერესებული პირი, რომელიც ცდილობს ბავშვთან დაახლოებას, მის შეტყუებას ურთიერთობაში.
მშობელმა უნდა იცოდეს, რომ სამი წლის ასაკში ბავშვს აუხსნას, თავისი სხეულის საზღვრები, მიაწოდოს ინფორმაცია ცუდი შეხების, ცუდი საიდუმლოს შესახებ; იმაზე, თუ როგორ ამოიცნოს, როცა ვინმე ცდილობს მის მოსყიდვას, დაშინებას; ის, რომ მერე აუცილებლად ყველაფერი მშობელს უნდა მოუყვეს. ეს საკითხები არის თანაბრად მნიშვნელოვანი არა მარტო ბავშვებისათვის, არამედ მშობლებისთვის.
მშობლებისა და ბავშვების განათლება ამ მიმართულებით ხვალ კი არ უნდა დაიწყოს, გუშინ და გუშინწინ უნდა დაწყებულიყო. ამისთვის ბარიერს ქმნის ის დამოკიდებულება, რომ თითქოს ამ ცოდნით ვინმეს რაიმე ზიანი მიადგება. პირიქით, ეს არის კარგი იარაღი ბავშვისა და მშობლის ხელში, რომ მან თავი დაიცვას.
ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი სტატისტიკა სექსუალური ძალადობის შემთხვევების და ეს პირდაპირ კავშირშია სწორედ განათლების დეფიციტთან.
მასწავლებელს უნდა ჰქონდეს ცოდნა, ამოიცნოს ძალადობის მსხვერპლი ბავშვი, იცოდეს, როგორ ირეაგიროს, ვის მიმართოს, როგორ დაიცვას კონფიდენციალობა და ა. შ. ანუ ეს სამკუთხედი – მასწავლებელი, ბავშვი, ოჯახი ცოდნით შეიარაღებული უნდა შეიკრას იმისთვის, ბავშვი დავიცვათ ნაადრევი სქესობრივი ურთიერთობებისგან, სქესობრივი გზით გადამდები დაავადებებისგან, სექსინგისგან, ძალადობისგან და. ა. შ.
რაც შეეხება იმას, თუ ვინ უნდა ასწავლოს სკოლაში სექსუალური განათლება, ჩვენ იმდენი ფსიქოლოგი არ გვყავს, ყველა სკოლა რომ მოვიცვათ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, გადამზადდნენ კლასის ხელმძღვანელები, სამოქალაქო განათლების პედაგოგები. შეიძლება სკოლის ექიმმა და ბიოლოგიის მასწავლებელმა გაკვეთილი ერთობლივად ჩაატარონ; მაგალითად, ამ საკითხებს უნდა დაეთმოს გარკვეული დრო, როდესაც მოსწავლეები ანატომიას სწავლობენ.
შეიძლება სკოლებმა მოიწვიონ სპეცილისტი და ხშირად ერთი შეხვედრაც კი იყოს ძალიან მნიშვნელოვანი. სპეციალისტების ჩართვა ვებინარისა და სემინარის საშუალებით შეიძლება.
სექსუალური განათლება არ გულისხმობს პოზების სწავლებას! ეს არის ემოციების, კომუნიკაციის, ჰიგიენის, რეპროდუქციული სისტემის შესწავლა.
ძალიან ბევრმა ახალგაზრდმა ქალმა და კაცმა საკუთარი რეპროდუქციული სისტემის აგებულება არ იცის. ბევრმა ბავშვმა არ იცის, როდის ეწყება მენსტრუალური ციკლი, ბევრმა ბიჭმა არ იცის, ერექცია რა არის და რა პროცესებს იწვევს, რა არის სექსუალური ფანტაზია. ძალიან ბევრი ნიუანსია და ის მიდგომა, რომ „ჩვენ თუ არ გვასწავლეს, რა ვერ შევძელით“, არის აბსოლუტურად არაპროფესიული მიდგომა.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
„სქესობრივი განათლების შესახებ მოზარდების სწორად ინფორმირება აუცილებელია“
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი