გასულ კვირაში 12 წლის გოგონამ ბავშვი გააჩინა. გავრცელებული ინფორმაციით, ახალშობილის მამაც არასრულწლოვანი, 16 წლისაა. უფლებადამცველებმა და ფსიქოლოგებმა ამ ფაქტთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განმარტეს, თუ რამდენად აუცილებელია სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლება.

12 წლის გოგონა ბავ­შვს აჩენს და უხარია. ეს ფაქტი გვიჩვენებს, რომ მოზარდი ვერ იაზრებს, რა მოხდა მის თავს, – ამბობს ქალთა მოძრაობის დამფუძნებელი ბაია პატარაია, –  მას შვილის გაჩენა „დედობანას“ თამაში ჰგონია. 11-12 წლის ბავ­შვმა როგორ შეიძლება ნებაყოფლობით სექსზე გადაწყვეტილება მიიღოს?! რა იცის მან, რა არის სქე­სობ­რი­ვი ურ­თი­ერ­თო­ბა?! ვთვლი, რომ ეს გაუპატიურებაა. დღეს გო­გონ­ე­ბი და ქა­ლე­ბი ყვე­ლა­ზე მეტად და­უც­ვე­ლე­ბი ვართ სქე­სობ­რი­ვი ძალადობისგან. ამიტომ ვითხოვთ, გაუპატიურების შესახებ კანონში ჩანაწერს, რომ თანხმობის გარეშე სქესობრივი აქტი არის გაუპატიურება“.

ანა არგანაშვილი, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის აღმასრულებელი დირექტორი მიიჩნევს, რომ 12 და 16 წლის ბავშვებს რომ სცოდნოდათ, რა საფრთხე ახლავს ადრეულ ასაკში სქესობრივი ცხოვრების დაწყებას, როგორ ხდება ორსულობისგან თავდაცვა, ეს შემთხვევა არ მოხდებოდა. „სტატისტიკის მიხედვით, იმ ქვეყნებში, სადაც ბავშვებს აქვთ სრულფასოვანი სქესობრივი და რეპროდუქციული განათლება, სქესობრივ აქტივობას უფრო გვიან იწყებენ“, – ამბობს ანა არგანაშვილი.

განათლების სამინისტრო სქესობრივი განათლების სკოლებში დანერგვისგან ამ დრომდე თავს იკავებს. გასულ წელს განათლების სამინისტროდან გვიპასუხეს, რომ „ნაადრევ ქორწინებასთან და რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხები ბიოლოგიასა და სამოქალაქო განათლების საგნებშია გაშლილი, რაც  ნიშნავს, რომ მისი სწავლა სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის“.

სამინისტრო გეგმავდა, რომ ექიმის საათის ფარგლებში, 30-მდე სკოლაში იუნესკოს სტანდარტით დამუშავებული საკითხების პილოტირება დაეწყოთ. მანამდე კი სამუშაო შეხვედრები სხვადასხვა ჯგუფებთან, მათ შორის მშობლებთან იგეგმებოდა.

ამ მიმართულებით განათლების სამინისტროს, ჯერჯერობით, ნაბიჯები არ გადაუდგამს. უფლებადამცველები ამბობენ, რომ სკოლებში სქესობრივი განათლების სწავლების საკითხის აუცილებლობაზე სისტემატურად არც მედია საუბრობს და ამ თემას მხოლოდ საგანგაშო ფაქტების შემდეგ აშუქებს. განათლების სამინისტროს უმოქმედობას უფლებადამცველები დანაშაულად მიიჩნევენ.

კიცხის საჯარო სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი ფიქრობს, რომ „სქესობრივი განათლების შემოტანა სკოლაში ფაქიზი თემაა. ვფიქრობ, სკოლის ექიმი უფრო სწორად მიაწოდებს ინფორმაციას მოსწავლეებს სქესობრივი ცხოვრებისა და რეპროდუქციული ჯანმრთელობის შესახებ.

სქესობრივი განათლება, როგორც საგანი, თუ დაინერგა, მნიშვნელოვანია, როგორი სახელმძღვანელო იქნება. შემინიშნავს, რომ მოზარდები სიცილით უყურებენ ბიოლოგიის სახელმძღვანელოში იმ გვერდებს, სადაც ადამიანის აგებულება და გამრავლებაა მოცემული.

მოზარდებს შორის ნაადრევი სქესობრივი კავშირები მარტო უცოდინარობის ბრალი არაა. სამწუხაროდ, მოზარდებს მშობლებისგან ყურადღება აკლიათ. მშობლების უმრავლესობა საზღვარგარეთ წასულია. შვილები ბებია-ბაბუებთან ან სხვა ნათესავებთან ცხოვრობენ. გარდატეხის ასაკში შვილს მშობელი უნდა ესაუბრებოდეს. ჩვენი თაობის დროს სქესობრივი საკითხები ტაბუირებული იყო. შვილისთვის ყველაზე უკეთ ასეთ თემებზე საუბარი დედ-მამამ უნდა შეძლოს.

ვფიქრობ, 12 წლის მოზარდისგან ბავშვის გაჩენის საკითხი უფრო მშობლების უყურადღებობის ბრალიცაა. ბავშვებს ბევრი უფლება მივეცით და სამწუხაროდ, თავიანთი პასუხისმგებლობები დაივიწყეს. დედას შვილის ზედმეტი სუნთქვა არ გამოეპარება. ყველაფრის სკოლისთვის გადაბრალება სწორად არ მიმაჩნია. შეიძლება ფსიქოლოგი და სექსოლოგი მოვიწვიოთ, მაგრამ მშობლის ჩართულობის გარეშე არაფერი გამოვა.

ერთის მხრივ, სქესობრივ საკითხებზე ინფორმირებულობის დონე გაიზარდა. თუმცა, მოზარდები ამ ინფორმაციას არასწორი გზებით, სხვადასხვა ინტერნეტსაიტებიდან იღებენ. ეს საიტები მოზარდებისთვის უნდა იყოს დახურული. სხვაგვარად, – რას და როგორ ნახულობს ინტერნეტში ბავშვი, – ამის გაკონტროლება რთულია.

ჩვენ ყველა მოსწავლეს ვამოწმებთ, გაკვეთილების შემდეგ სახლში მივიდა თუ არა. ვინტერესდებით, რატომ იყო უხასიათოდ, რა პრობლემა აქვს. მცირეკონტინგენტიან სკოლაში ამის გამოკვლევა შედარებით ადვილია. დრომ და სიტუაციამ მოიტანა, რომ სქესობრივი განათლების შესახებ სწორი ინფორმაცია მოზარდებს აუცილებლად სჭირდებათ“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

სქესობრივი განათლება სკოლებში – პრევენცია ძალადობისგან დაცვისა და ჯანმრთელობისთვის