„ბაბუას სმენის პრობლემები შეექმნა, – წერს ხარაგაულელი ლიკა ხიჯაკაძე სოციალურ ქსელში, – მე და დედამ სასწრაფოდ წავიყვანეთ ზესტაფონში ყურის ექიმთან, ოტოლარინგოლოგთან.
ბაბუამ თქვა: მოხუცი კი ვარ, მაგრამ იქნებ მიშველონ რამეო. მოვიარეთ ზესტაფონის კლინიკები. ვერსად აღმოვაჩინეთ ჩვენი გასაჭირის მშველელი. ამ დარგის სპეციალისტი ზოგ კლინიკას საერთოდ არ ჰყავდა, ზოგი კი შვებულებაში იყო გასული.
ბაბუამ ნელ-ნელა დაკარგა მანამდე არსებული, ის პატარა იმედიც, რომ ცოტას მაინც გაიგონებდა რამეს.
ჩვენდა გასახარად, ოტოლარინგოლოგს ერთ-ერთ კლინიკაში მივაკვლიეთ. სასწრაფოდ მივედით. დედას მიმღებში მსხდომმა გოგონებმა უთხრეს, რომ ექიმი ადგილზე იმყოფებოდა და საბუთების მოგვარების შემდეგ შეგვეძლო მასთან კაბინეტში შევსულიყავით.
საბუთები მოვაწესრიგეთ და ექიმის კაბინეტში შევედით. იქ მყოფმა ასისტენტმა ამაყად გამოგვიცხადა, რომ ექიმი გამგეობაშია წასული და ოთხ საათზე მოვაო. დავხედეთ საათს და პირველი იყო. შევწუხდით, მაგრამ გადავწყვიტეთ დავლოდებოდით.
სანამ მე და ბაბუა შესასვლელში დასაჯდომ ადგილს ვეძებდით, მანამ დედა მივიდა მიმღებში მსხდომ გოგონებთან, მათ კი განუცხადეს: „უი, არ ვიცოდით ექიმი თუ არ იყო, დარეკვით ვერ დავურეკავთ და ვერ ავაჩქარებთო“.
დრო ძალიან ნელა გადიოდა. გახდა ოთხი საათი და დაიწყო ხუთი. ვგრძნობ, რომ ბაბუა, რომელიც 82 წლისაა, უკვე ვეღარ ძლებს და ცუდად ხდება.
ამ დროს კარში გამოჩნდა მაღალი, წარმოსადეგი ქალბატონი, რომელიც ავტომობილის გასაღების ხელში თამაშით მოემართებოდა ჩვენსკენ. გუმანით ვიგრძენი, რომ ეს იყო ჩვენი ლოდინის მიზეზი. შევიდა, თუ არა კარში, აქეთ-იქიდან რამდენიმე ადამიანი გამოჩნდა, რომელნიც ამ სამი საათის განმავლობაში არ დამინახავს. ყველა ამ კაბინეტს მიაწყდა.
გავიდა კიდევ ერთი საათი და როგორც იქნა, მოგვიწია ურიგო რიგმა. ექიმმა რაღაც წამალი ჩააწვეთა ბაბუას, დერეფნის ბოლოში ერთ-ერთი კაბინეტის წინ გაგვამწესა და გვითხრა: „უნდა დამელოდოთ, მოვალ და ყურს გამოვურეცხავო!“
ლოდინს ისე მივეჩვიეთ, არ გაგვკვირვებია. საავადმყოფოში აღარავინ იყო, მხოლოდ საავადმყოფოს ერთი-ორმა ჩანთებაკიდებულმა და სახლში სწრაფად მიმავალმა თანამშრომელმა გაიარა. კაბინეტთან რომ მივედით, ექთანი გამოვიდა, ისიც სახლში მიდიოდა. გვკითხა რა გვინდოდა იქ და ჩვენი იქ ყოფნის მიზეზი რომ გაიგო, დამიძახა.
მეც თვინიერად გავყევი და მითითებების მოსმენა დავიწყე: ახლა მე ჩავრთავ მადუღარას და ეს ცოტა დიდხანს უნდება ადუღებას. რომ ადუღდება, გამორთე. ამასობაში ექიმიც მოვა და ამ წყლით შენს ბაბუას ყურს გამოურეცხავსო.
ყველანაირ მადუღარას მოველოდი, მაგრამ ამას ნამდვილად არა. ბოლოს ათი წლის წინ ვნახე. სავარაუდოდ, ყავის მოსადუღებლად ჰქონდათ აქ და თან სამედიცინო ფუნქციაც შეუთავსეს.
გავდივარ და გამოვდივარ კაბინეტში და აღარ დაადგა წყლის ადუღებას საშველი. როგორც იქნა ადუღდა და დადგა გამორთვის ჟამი. ახლა შიშმა შემიპყრო, ვაითუ დენმა დამარტყას-თქო, მაგრამ სიმამაცე გამოვიჩინე და წარსულიდან გადმონაშთი ეს ნივთი გამოვრთე.
წყალი კი ადუღდა, მაგრამ ექიმი არა და არ ჩანს. როგორც იქნა, გამოვიდა კაბინეტიდან, ვუმზერთ იმედის თვალით და ნურას უკაცრავად, საპირფარეშოსკენ განაგრძო გზა. მოულოდნელად მოიხედა ჩვენსკენ და დაგვაკვირდა; აი, მაშინ კი ცივად შემობრუნდა. მიხვდა, რომ მისი დავიწყებული და დიდხანს მომლოდინე პაციენტები ვიყავით.
ყური კი გამოურეცხა ბაბუას და ცოტა დაუბრუნდა მას სმენა, მაგრამ ორი დღე დასჭირდა გადაქანცული ადამიანის მოსულიერებას. ამ ყველაფერს თან ახლდა შიში, რომ ამ ე.წ. „მინუტკაში“ ადუღებული წყლით ინფექცია არ შეჭროდა.
შეიძლება ეს ყველაფერი არაფერია და ვინმემ ჩათვალოს, რომ უბრალო დეტალებს გამოვეკიდე, მაგრამ ასეთი პატარ-პატარა ხარვეზები ქმნის იმ დიდ ლაფსუსებს, რომლებიც ჩვენს სამედიცინო სისტემაში გვაქვს“.
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.