სალოტბარო სკოლა ხარაგაულში, ხალხური შემოქმედების სახლის ბაზაზე, ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის მიერ, 2019 წლის მაისში ჩამოყალიბდა. ამჟამად ხარაგაულის სალოტბარო სკოლაში 40-მდე მოსწავლე ხალხურ სიმღერას ეუფლება.
სალოტბარო სკოლის მიღწევებზე, წარმატებებსა და სამომავლო გეგმებზე სკოლის ლოტბარი მაია მაღრაძე და მენეჯერი დალი მაღრაძე გვესაუბრებიან.
„ხარაგაულის სალოტბარო სკოლაში, გასულ წლებთან შედარებით, მოსწავლეთა რაოდენობა გაიზარდა – ამბობს მაია მაღრაძე, – მოსწავლეთა მიღება სექტემბრიდან დავიწყეთ და და ჯერ კიდევ მიმდინარეობს. ბავშვებს მუსიკალური სმენის მიხედვით ვარჩევ. თუმცა, ვცდილობ, ყველა მაქსიმალურად მივიღოთ, რადგან არიან ბავშვები, რომლებსაც ნაკლებად აქვთ სმენა, მაგრამ გუნდში მუშაობა ძალიან ბევრს ნიშნავს და ისინიც ნელ-ნელა ვითარდებიან. ზოჯგერ, ძალიან იშვიათად, არის შემთხვევები, რომ სმენას ვერ ვავითარებთ და ასეთ მოსწავლეებთან მუშაობას აღარ ვაგრძელებთ.“
ხარაგაულის სალოტბარო სკოლა 2022 წლის ივნისში, 16 მუნიციპალიტეტის სალოტბარო სკოლასთან ერთად, მონაწილეობდა ფესტივალში „მომავლის ხმები“. მოსწავლეები ოთხი დღის განმავლობაში ანაკლიაში სხავადასხვა საინტერესო აქტივობებში იყვნენ ჩართულები. მოსწავლეთა ტრანსპორტირებისა და კვების თანხა ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრმა დააფინანსა.
„ფესტივალებსა და კონკურსებში სისტემატიურად გვიწვევენ. ჩვენთვის ეს დიდი სტიმულია. სხვა სალოტბარო სკოლების გამოცდილებას ვეცნობით და ერთმანეთს მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას ვუზიარებთ. მომავალ წელს ფესტივალში „მომავლის ხმები“ სალოტბარო სკოლის ახალი მოსწავლეებიც ჩაერთვებიან.
ნოემბრის ბოლოს, სამტრედიისა და ბაღდათის სალოტბარო სკოლებთან ერთად, ხარაგაულში კონცერტის – „მეგობრობის საღამო“ – გამართვას ვგეგმავთ. ამისათვის ინტენსიურად ვემზადებით. სოფლებში გასვლითი კონცერტების ჩატარებას ვაპირებთ. ასევე მზად ვართ, ხარაგაულში დაგეგმილ ნებისმიერ კულტურულ ღონისძიებაში ჩავერთოთ.
სალოტბარო სკოლის მოსწავლეების მხრიდან საეკლესიო გალობის შესწავლის სურვილი გამოითქვა. ამისათვის საჭიროა მოვიძიოთ რეგენტი და ასევე სოლფეჯიოს მასწავლებელი, რომ მოსწავლეებმა ნოტების წაკითხვა და გალობის შესწავლა შეძლონ. სპეციალიტის მოძიება რთული არ არის, მაგრამ ამისათვის ადგილობრივი ხელისუფლებისგან ფინანსური მხარდაჭერა გვჭირდება“, – ამბობს მაია მაღრაძე.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრსა და ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას შორის 2019 წელს გაფორმებული მემორანდუმით, ხარაგაულის ბიუჯეტიდან ფოლკლორის ცენტრს გრანტის სახით 20 700 ლარი ერიცხება. ეს თანხა მთლიანად ორი ადამიანის ხელფასის ანაზღაურებას ხმარდება და მათი თვიური სახელფასო თანხა 1725 ლარს შეადგენს.
ხარაგაულის სალოტბარო სკოლის მენეჯერი დალი მაღრაძე ამბობს, რომ ამ სკოლას ძალიან სჭირდება დახმარება სხვადასხვა საკითხებში, განსაკუთრებით კი – ფინანსურად.
„სალოტბარო სკოლას ადგილობრივი ხელისუფლებისგან მხოლოდ 20 ათასი ლარი ეძლევა. ეს სკოლაში დასაქმებული ადამიანების შრომის ანაზღაურებისთვის მიზერულია. ხელფასი ელემენტარული საჭიროებისთვისაც კი აღარ გვყოფნის.
ბავშვებთან მუშაობა ძალიან რთული და შრომატევადია. მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება, მალე ალბათ ორი ჯგუფი გვეყოლება. გვჭირდება ინვენტარი, არც ელექტროტექნიკა გვაქვს, საკრავები მოგვიძველდა. ასევე გვჭირდება დიქტოფონი, რომ სიმღერები ჩავიწეროთ და შემდეგ ბავშვებს მოვასმენინოთ. ბევრი რამ გვჭირდება, მაგრამ ფინანსები არასაკმარისია.
ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი შეძლებისდაგვარად გვეხმარება, – კონკურსებსა და ფესტივალებში მონაწილეობისთვის მოსწავლეთა ტრანსპორტირებას, კომუნალურ გადასახადებს და სხვა ხარჯებს აფინანსებს.
სალოტბარო სკოლაში ახალგაზრდები ხალხურ ფოლკლორს ეზიარებიან. ამით უძლიერდებათ სამშობლოს სიყვარული, ქვეყნის წარსულისადმი ინტერესი და წინაპრებისადმი პატივისცემა. პროფესიონალურ დონეზე ღირებულ საქმეს ვაკეთებთ, თუმცა ეს ძალიან დაუფასებელია. სოფლებში გასვლით კონცერტებს რომ ვგეგმავთ, ტრანსპორტირების თანხას მშობლები იხდიან.
ღონისძიების მოსამზადებლად თანხა გვჭირდება, ჩვენ კი ამის საშუალება არ გვაქვს“, – ამბობს დალი მაღრაძე.
„ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრს დაქვემდებარებული სალოტბარო სკოლები საქართველოს 30 მუნიციპალიტეტში ფუნქციონირებს, – ამბობს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორის მოადგილე გიორგი გაბუნია, – სალოტბარო სკოლებში ათასზე მეტი მოსწავლე სწავლობს. ყველა მუნიციპალიტეტისგან თითქმის სრული თანადგომა გვაქვს (რა თქმა უნდა, ერთეულების გამოკლებით), მათ კარგად ესმით ამ პროექტის მნიშვნელობა. რამდენიმე მუნიციპალიტეტთან, მათ შორის ხარაგაულშიც, გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც თანადაფინანსებას მოიცავს. თანადაფინანსების თანხა, სასურველია, მეტი იყოს; მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტს მეტი ფინანსური საშუალება არ აქვს.
მომავალი წლიდან, კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით, სალოტბარო სკოლებთან დაკავშირებით დიდი გეგმები გვაქვს და კიდევ უფრო გავაქტიურდებით“.
თამთა გოგოლაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
ხარაგაულის თოჯინების თეატრს მეტი მხარდაჭერა სჭირდება
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში
კონსტიტუციონოლოგი ვახუშტი მენაბდე განმარტავს, რომ პარლამენტის
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი