ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში მთა რკინისჯვარზე ასვლა ტურისტებს, ამ დრომდე, მარელისიდან შეეძლოთ. ხიდრის მხრიდან მოკლე ბილიკით კი, მხოლოდ მწყემსები სარგებლობდნენ.
გაეროს განვითარების პროგრამისა (UNDP) და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის მხარდაჭერით, საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ (ხათუნა მანჯავიძე, ცისანა ჭიპაშვილი) ტურისტებისთვის წრიული – „რკინისჯვრის ბილიკი“ მოაწყო მარშრუტით – ხიდარი-საძროხე-რკინისჯვარი-ქვაზვინები-ვანი.
ამით, ადგილობრივ მოსახლეობას აგროტურიზმის განვითარების, ხოლო ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკს – ტურისტული პოტენციალის გაზრდის შესაძლებლობა მიეცა.
პროექტის ფარგლებში შედგა ადგილობრივ მწყემსებთან დიალოგი, გამოვლინდნენ დაინტერესებული პირები; ტურისტებისთვის, საძროხესა და ქვაზვინების მწემსების ბინებთან, ორი ტურისტული თავშესაფარი მოეწყო.
წრიული ბილიკი – ხიდარი-საქარიქედი-საძროხე-რკინისჯვარი-ქვაზვინები-ვანი მარკირებულია, ახალი სტანდარტების შესაბამისად დამონტაჟდა ნიშნულები. წლის ბოლომდე დაგეგმილია მწყემსების და ეროვნული პარკის რეინჯერების ტრენინგი ტურისტულ მარკეტინგში. ეს ტრენინგი მწყემსებს ტურისტებთან ურთიერთობაში დაეხმარება, მათ აგროპროდუქტს უფრო მიმზიდველს გახდის და მათი საქმიანობა დაიხვეწება. ტრენინგი ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივ თემსა და ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა შორის დიალოგს.
„ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხარაგაულის მხრიდან შესვლა ტურისტებს მხოლოდ მარელისიდან და ნუნისიდან შეეძლოთ, – ამბობს ა/ო „ქალები ქვეყნის მომავლისათვის“ დამფუძნებელი ხათუნა მანჯავიძე, – მარელისში, რაც ეროვნული პარკი შეიქმნა, სამი საოჯახო სასტუმრო ამოქმედდა. ხიდრისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა ამის შესაძლებლობას მოკლებული იყო. არადა, ხიდარი ტრადიციული მეცხოველეობის სოფელია, განვითარებულია მეფუტკრეობა. გვინდოდა, რომ ეს სოფელიც ისევე ჩართულიყო ტურისტულ საქმიანობაში, როგორც მარელისია, მოსახლეობისთვის ახალი პერსპექტივა და შანსი მიგვეცა.
ახალი ტურისტული მარშრუტის მოწყობა საკმაოდ რთული პროცესი აღმოჩნდა, ვინაიდან ამისთვის მწყემსებს საკუთარი სურვილი და მოტივაცია უნდა ჰქონოდათ; ბილიკი არ უნდა ყოფილიყო გასაყვანი, ანუ ტრადიციული გამოყენების ბილიკზე უნდა მოწყობილიყო და მწყემსების ბინები უნდა ყოფილიყო ამ ტურისტულ მარშრუტზე.
რკინისჯვრის ბილიკი ტურისტების მისაღებად მზად არის. საინფორმაციო ბროშურებს ვამზადებთ და ეროვნული პარკის ადმინისტრაციას გადავცემთ. ახლა მთავარია, როგორ გაართმევენ თავს მწყემსები. ტურისტების მიღებამდე მათთან შეხვედრებს და ტრენინგს ჩავატარებთ ტურისტულ მარკეტინგში“.
„მეცხოველეობას მივდევ და ფუტკარს ვუვლი; როგორც რეინჯერი, სამსახურებრივად მთელი დღეები აქ ვარ. შვილებიც მეხმარებიან. ტურისტებისგან დაინტერესება რომ იქნება, ამას თავშესაფრისა და მომსახურების განვითარება ბუნებრივად მოჰყვება. მინდა, რომ აქაურობა უფრო მეტად მოვაწესრიგო. აგროტურიზმის განვითარებით მე ძალიან დაინტერესებული ვარ“, – ამბობს მწყემსი, ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის რეინჯერი ამირან დოლიკაშვილი, რომელიც რკინისჯვრის ბილიკზე ხიდრის მხრიდან მოწყობილი საძროხის თავშესაფარში საქმიანობს.
„რკინისჯვრის ბილიკის მოწყობით ახალი ტურისტული მარშრუტი დაემატა ეროვნული პარკის მარშრუტების ქსელს. ახლა ეს მხარეც დაიტვირთება ტურისტულად, – ამბობს ნათია მულაძე, – ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციული განყოფილების უფროსი, – აქ მოსული ტურისტი ადგილობრივ პროდუქციას დააგემოვნებს, ადგილობრივ კულტურასა და წეს-ჩვეულებებს გაეცნობა. ეკოტურიზმი სწორად ასეთი პროექტებით ვითარდება, როდესაც ადგილობრივი მოსახლეობა მაქსიმალურად არის ჩართული ტურიზმის განვითარებაში.
მადლობა პროექტის განმახორციელებელსაც და დონორსაც, რადგან ასეთი პროექტები გვეხმარება იმ ცარიელი ადგილების ამოვსებაში, რის განხორციელებასაც, ზოგჯერ, ეროვნული პარკის ბიუჯეტით ვერ ვახერხებთ. ვფიქრობ, რომ დიდი პოტენციალი აქვს ამ ადგილს, რომ ტურისტულად განვითარდეს და მეტი ტურისტი მოვიდეს როგორც მუნიციპალიტეტში, ასევე ეროვნულ პარკში.
„ეს პროექტი, რომელიც ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ეკოტურისტული პოტენციალის გაზრდას ემსახურება, შეიქმნა მცირე გრანტების პროგრამის ფარგლებში, რომელსაც გლობალური გარემოსდაცვითი ფონდი აფინანსებს და საქართველოში განმახორციელებელია გაეროს განვითარების პროგრამა, – ამბობს ანა შუბითიძე, გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის მცირე გრანტების პროგრამის ეროვნული კოორდინატორი საქართველოში, – ამ პროექტის ფარგლებში შექმნილი ახალი ტურისტული მარშრუტი ადგილობრივების შესაძლებლობებისა და სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.
იმ თავშესაფრით, სადაც მწყემსები საქმიანობენ, ახლა ტურისტებიც ისარგებლებენ და აგროპროდუქტებსაც შეიძენენ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მაგალითი და სამომავლოდ ამ მწყემსებს სხვებიც მიბაძავენ. ამით მეტი ტურისტი ეწვევა ამ მხარეს, მეტად გაიცნობენ ხარაგაულს და ასევე ადგილობრივებს ექნებათ შესაძლებლობა, მეტი თავისი ეკოპროდუქტი და ეკოსერვისები შესთავაზონ მომხმარებლებს“.
ლაურა გოგოლაძე
ფოტოზე – საინფორმაციო შეხვედრა რკინისჯვრისკენ მიმავალ ტურისტულ ბილიკზე, საძროხის თავშესაფარში
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხარაგაულის უდიდესი ტურისტული პოტენციალი ასათვისებელია
ხარაგაულში ანდრიაობას რკინისჯვარის მოლოცვის ტრადიცია გრძელდება
ჩინელი მიგრანტების პრობლემა, ადგილობრივ მოსახლეობასთან კომუნიკაციისას, ენობრივი ბარიერია
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.