1989 წელს, ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქციაში რომ დავიწყე მუშაობა, ირაკლი ხაჩიძე მშრომელთა წერილების განყოფილების გამგედ მუშაობდა. უამრავი ადამიანი მოდიოდა რედაქციაში ბატონ ირაკლისთან, – ზოგი რჩევას თხოვდა, ზოგი – თანადგომას, ზოგიც – პრობლემის გადასაჭრელად გზის გაკვლევაში დახმარებას.
ხმალამოწვდილი კაციც რომ შემოსულიყო, ბატონი ირაკლი დაუყვავებდა, დაამშვიდებდა, დააიმედებდა და „გზაზე დაყენებულს“ გაისტუმრებდა. იგი ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული უნარითა და პრობლემებში წვდომის გამორჩეული ალღოთი იყო დაჯილდოებული. მისგან უნდა გესწავლა! ხშირად შევპარულვარ ბატონი ირაკლის სამუშაო ოთახში მისი მომაჯადოვებელი საუბრის მოსასმენად.
75 წლის ასაკშიც მუდმივად ფლობდა უახლეს და ობიექტურ ინფორმაციას არა მარტო ჩვენს ქვეყანაში, არამედ მსოფლიოში მიმდინარე ფაქტებსა და პროცესებზე. ასაკოვანიც კი ადვილად იღებდა სიახლეებს.
ირაკლი ხაჩიძე 1914 წელს დაიბადა სოფელ წაქვაში. ნიჭიერმა ახალგაზრდამ ჯერ ჭიათურის პედტექნიკუმი დაამთავრა, შემდეგ კი ფილოლოგიური განათლება მიიღო. პედაგოგიური მოღვაწეობა ხევის არასრულ სკოლაში დაიწყო გასული საუკუნის 30-იან წლებში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებლად. ამავე სკოლაში ხანგრძლივად მუშაობდა სასწავლო ნაწილის გამგედ, სკოლის დირექტორად.
1965 წლიდან, როგორც აღიარებული ფელეტონისტი და მრავალი საგაზეთო სტატიის ავტორი, ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილედ მოიწვიეს. ამ პოზიციაზე სრულად გამოვლინდა მისი, როგორც ღრმად ერუდირებული ჟურნალისტის, გაზეთის ტექნიკური მხარის უბადლო სპეციალისტის თვისებები. მისი ნარკვევები, ჩანახატები, რეპორტაჟები, ფელეტონები მუდამ მოსწონდა მკითხველს.
ირაკლი ხაჩიძე აქტიურად თანამშრომლობდა რესპუბლიკური გაზეთების – „კომუნისტი,“ „სოფლის ცხოვრება,“ „სახალხო განათლება“ რედაქციებთან. ღვაწლმოსილი პიროვნება დაჯილდოებული იყო მთავრობის მრავალი ჯილდოთი.
განათლებული, ავტორიტეტული, დინჯი, დარბაისელი, უაღრესად თავმდაბალი, შრომისმოყვარე, – ასეთი გვახსოვს ბატონი ირაკლი ყველას, ვისაც კი მასთან ურთიერთობა გვქონია. როგორც რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილე, მუდამ ცხოვრების შუაგულში ტრიალებდა, გულწრფელად იზიარებდა ხარაგაულელთა ჭირსა და ლხინს.
განსაკუთრებით აღსანიშნავია ირაკლი ხაჩიძის არაჩვეულებრივი იუმორი. ერთხელ რედაქტორს, ქალბატონ ქეთევან სახვაძეს, ორჯერ მიუბრუნებია ბატონი ირაკლისთვის სტატია – ესა და ეს აკლია და დაამატეო. ორივეჯერ დინჯად შეუსრულებია რედაქტორის მითითება და სტატიაზე წაუწერია:
„გასრულდა ესე წერილი,
ვითა სიზმარი ღამისა,
მე აღარა ვარ ამაზე
დამმატებელი რამისა“.
ერთი კურიოზიც მახსენდება ირაკლი ხაჩიძის ჟურნალისტური საქმიანობიდან. სასურსათო მაღაზიაში ახალმიღებული ხორცი გაიყიდა. რიგში მყოფი მოქალაქეები, რომელთაც სასურველი ხორცი არ შეხვდათ, წუხდნენ, ცოტ-ცოტა რომ განაწილებულიყო, მეტს შეგვხვდებოდაო. ბატონი ირაკლის ამ თემაზე დაწერილ ფელეტონში ვკითხულობთ:
„ხორცი მოვიდა, რა ხორცი,
შეიქნა ერთი ხორხოცი,
ზოგს ერთი კილო არ შეხვდა,
ზოგმა წაიღო ოც–ოცი…”
ამ ფელეტონის გამოქვეყნების შემდეგ რედაქციაში ბატონ ირაკლისთან მოვიდა გამყიდველი, – არავისთვის გამიტანებია ოცი კილო ხორციო. რითმისთვის დამჭირდაო, – ძლივს გააგებინა მყიდველებისგან შევიწროვებულ გამყიდველს ბატონმა ირაკლიმ.
ირაკლი ხაჩიძემ მეუღლესთან, მარიამ გრიგალაშვილთან, ერთად, აღზარდა ოთხი შვილი: შეჰერა, დინარა, ზაირა და მირზა ხაჩიძეები. მის ხსოვნას დღეს სახელოვნად აგრძელებენ შვილიშვილები და შვილთაშვილები.
1999 წელს, 85 წლის ასაკში, გადასახლდა იმქვეყნად. ნათელი კვალი დატოვა ამქვეყნად.
დღეს, 2022 წლის 30 ოქტომბერს, ირაკლი ხაჩიძის დაბადებიდან 108 შეუსრულდა. მარად იცოცხლებს ამ დიდებული ხარაგაულელის ხსოვნა და დიდება კოლეგების, ახლობლებისა და ხარაგაულელების გულებში.
ლაურა გოგოლაძე
ფოტოზე: რაიონული გაზეთის რედაქციის თანამშრომლები გულიკო ნიქაბაძე, ირაკლი ხაჩიძე, ქეთევან სახვაძე, ზინა მამასახლისი და ჯუმბერ კვინიკაძე, 1975 წ. 31 დეკემბერი
გონერი ლომიძის ფოტო
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.