დღეს გასული საუკუნის ხარაგაულის რაიონული გაზეთის გამორჩეული ჟურნალისტის, ღვაწლმოსილი, სიკეთითა და იუმორით სავსე  პიროვნების, ირაკლი ხაჩიძის დაბადების დღეა.

ირაკლი ხაჩიძე 1940 წლიდან 1966 წლამდე პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა. სხვადასხვა წლებში იყო საშუალო სკოლის სასწავლო ნაწილის გამგე, დირექტორი, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი.

1966 წლიდან მუშაობდა ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქტორის მოადგილედ. მან გაზეთს თავისი ორიგინალური და გამორჩეული სტილი შესძინა. 1970 წლიდან ირაკლი ხაჩიძე საქართველოს ჟურნალისტთა კავშირის წევრი იყო.

მისი აღზრდილები და კოლეგები დღემდე დიდი პატივისცემით იხსენებენ მის უბრალოებას, სამართლიანობასა და გამორჩეულ იუმორს.

ბატონი ირაკლი 1999 წელს, 85 წლის ასაკში, გარდაიცვალა. მისმა შთამომავლებმა, 2014 წელს მისი ლექსების კრებული გამოსცეს.

კრებულში „გაფრინდნენ წლები“ ლექსებთან ერთად თავმოყრილია ჩანახატები და ფელეტონები. ფელეტონები საბჭოთა პერიოდის მანკიერებებს ეხება და ნათლად წარმოგვიდგენს ბატონი ირაკლის პრინციპულობასა და დამოკიდებულებას. ზოგიერთი ფელეტონის თემა დღესაც აქტუალურია.

გთავაზობთ რამდენიმე ლექსს და ფელეტონს ირაკლი ხაჩიძის კრებულიდან.

 

ათასში ერთხელ…

ათასში ერთხელ, – ამბობს ლეგენდა,
ცა გახსნის თავის დაკეტილ კარებს,
თუ სათხოვარი ვინმემ შებედა,
ბედნიერებას ის ჩაიბარებს…

და ბევრჯერ ცისკენ წასული მზერა,
ბაგეს მომწყდარა ნატვრის ჩურჩული,
მაგრამ არ იქნა, ვერა და ვერა
ცის არ გაიხსნა ერთი კუნჭულიც…

 

ამავსეთ ლხენით

ჩამოვამწკრივე ბაღში ხეხილი,
ტკბილად ვაქციე ადრე მწარენი,
გაცოცხლდა ძირი გადახერხილი,
მე მაინც დავრჩი გულგატეხილი,

ვერ შევადუღე ლექსის ბწკარები,
ვაზისთვის კარგი ვნახე ალაგი,
მომყვნენ განცდები ანადევნები.
არ დამლევია თუმცა მარაგი,
ბევრი მჭირდება შრომა, ამაგი,
რომ დავამწიფო ლექსის მტევნები.

ჩემი ვენახი სახლის კარზეა,
მასპინძლისა და სტუმრის საყოფი,
ეს ხომ კაცისთვის დიდი განძია,
მაგრამ ლექსები განა ვაზია, –
ხუთი წლის შემდეგ მოგცეს ნაყოფი?!

მოდგმით არა ვარ ძუნწი, მდუმარი,
სახლის კარები მუდამ მაქვს ღია,
მეამაყება სახლში სტუმარი,
ვინ დაიზარებს მისთვის პურ-მარილს?
ქართველი კაცის სახელი გქვია!

თუ ჩემი ღვინით ავსილი თასის
ჩამოშორება უჭირთ ბაგიდან,
მსურს, ჩემს სიტვასაც დაედოს ფასი,
მსურს, დაეწაფონ ლექსებსაც ასე,
მე ამის მეტი, აბა, რა მინდა?

ვარ მასპინძელი, გულით მართალი,
პურით, მარილით, ლექსით და ღვინით…
ვით მე ვყოფილვარ ძილგანამკრთალი,
მენახოთ ჩემი ლექსებით მთვრალი,
ასე ორმაგად ამავსებთ ლხენით.

 

„საქსოვი საამქრო“

(ფელეტონი)

აქ არ არის სამკერვალო,
არც საქსოვი საამქრო,
მაგრამ ზოგმა სამსახურში
შრომის რიტმი ჩააქრო.

საქმეები გადინახეს,
ქსოვენ ჯემპრის სახელოს,
და ორივე იმას ფიქრობს,
თავი რომ ისახელოს.

სამსახურში არ აკლიათ,
უშრომელი ხელფასი,
მოდი ვიყოთ ხელმარჯვე და
ნუ ვიქნებით ხელნავსი.

– მე ვამთავრებ, შენ რას ფიქრობ,
ბევრი დაგრჩა, დაიკო?
– მეც ვამთავრებ, – დამშვიდებით
უპასუხა დარიკომ.

ფრთხილად ქსოვეთ, წინდის ჩხირი
თვალში არ დაიტაკოთ,
საათიც ხომ წუთებს ითვლის:
– ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკ, ტიკ-ტაკო.