– ირა!..-ასე მიმართავდა ბაბუას ბებია თბილი, მზრუნველი ხმით. დღემდე მახსოვს ბაბუას გამთბარი მზერაც ამ ხმის გაგონებაზე. ჩემი ბავშვობაც ამ შეხმატკბილებული სითბოსა და სიყვარულის გარემოცვაში გაიზარდა, მოგონებებში დასახლდა…
დღეს ბაბუას დაბადების დღეა.
იმ ადამიანის, რომელიც ჩვენს დიდ ოჯახში ოთხი ქალ-ვაჟის, მათი შვილების, შვილთაშვილების პატივისცემის, მოწიწების, პატიოსნების კვარცხლბეკზე დღემდე ამაღლებული და დიადი რომ დარჩა. არ ვიცი, რა ძალა ჰქონდა ასეთი საოცრად მშვიდ ადამიანს. ჩემი ბავშვობა მისი სახელით სავსეა.
მახსოვს, როგორ ვღელავდი მასთან სამსახურში მისვლისას, იმ დროს ჯადოსნურ სამყაროში რომ მაქცევდა. რედაქციაში სტუმრობისას ყველა მხრიდან უცხო ადამიანების თბილ მზერას ვგრძნობდი – მე ხომ ბატონი ირაკლის შვილიშვილი ვიყავი! შემეძლო მოფუსფუსე რედაქციის თანამშრომლებისთვის მეცქირა, ან სტამბაში კლიშეებად ჩამოსხმული სიტყვების ფურცლებზე გაცოცხლება მენახა, ახალი გაზეთის სურნელი მეგრძნო… რაიონში სტუმრობისას ბაბუას ოთახში საწერ მაგიდაზე ახალგამოცემული წიგნები მეთვალიერებინა. სოფელში ხომ ბაბუას ბიბლიოთეკა ჩემი სამფლობელო იყო, თავისი აკრძალული თუ აუკრძალავი წიგნებით, მეორე სართულის მთელი ოთახი რომ ეჭირა. ჩემი თანატოლებისგან განსხვავებით მე ეს ბედნიერება მქონდა.
სიამაყეს არა, მაგრამ უკვე ჩვეულებრივი მდგომარეობა იყო მაშინ ჩემთვის, სრულიად უცხო ადამიანებისთვისაც საოცრად ახლობელი რომ ვხდებოდი, როცა ბაბუას სახელს ვახსენებდი. მას ხომ მთელი რაიონი იცნობდა და მე, პატარა გოგონაც და შემდეგ მასწავლებლად ფეხადგმულიც, ირაკლი ხაჩიძის შვილიშვილი ვიყავი. ვიდრე ჩემს სახელს დავიმკვიდრებდი, ვიდრე ირმა იჩქიტიძეს გაიცნობდნენ ადამიანები.
მაშინ ვერ ვგრძნობდი, მაგრამ ახლა ვიცი, ბავშვობიდანვე რამხელა პასუხისმგებლობა იყო ირაკლი ხაჩიძის შვილიშვილობა. ამას თავისთავად ვითავისებდი, რადგან უფრო მეტი მომეთხოვებოდა თითქოს, ვიდრე სხვებს, რადგან ღირსეულად მეტარებინა ეს სახელი და მაბედნიერებდა კიდეც ეს პასუხისმგებლობა თავისებურად.
მიხაროდა, როცა კითხვა ვისწავლე, ბაბუას დაბეჭდილი ფელეტონი, ლექსი თუ სტატია მე წამეკითხა ოჯახის წევრებისთვის, მახარებდა, როცა მისი ხელნაწერის საბეჭდ მანქანაზე აკრეფა შემეძლო და ასე გამოვხატავდი მის პატივისცემასა და სიყვარულს…
მახსოვს, რა ზეიმი გვქონდა არდადეგებზე, სოფელში თავმოყრილ შვილიშვილებს პარასკევ დღეს რაიონიდან დაბრუნებულ ბაბუას რომ ველოდებოდით. მერე შაბათ-კვირა მასთან რჩევის, დახმარების თუ მოკითხვის მიზნით მოსული ადამიანები არ ილეოდა სტუმრად. ბაბუა ღიმილითა და მშვიდი ხმით ებაასებოდა, ბებია სიხარულით მასპინძლობდა. საღამო ოჯახში შეკრებილ საუბრებსა და მის საოცარ იუმორში ილეოდა…
მახსოვს, პირველად როგორ დავინახე კიდევ სხვანაირი ბაბუა, როცა მის ყმაწვილურ დღიურებს წავაწყდი. რამხელა სევდას ატარებდა მამით ობლობაში გაზრდილი, როგორ აწუხებდა და მადლიერებას გრძნობდა ბაბუასადმი, რომელიც მის გადასარჩენად წამალზე წასული ზამთრის სუსხიან ღამეს გაყინულა წამლით ხელში. მერე როგორ გაიზარდა ღვთისნიერი მამობილის წყალობით და გამოიწრთო ჭიათურაში მისი სიჭაბუკე…
„გაფრინდნენ წლები, როგორც მერცხლები,
თვეთა მწკრივებად, დღეთა გუნდებად…
მე დამიტოვეს თმებში ვერცხლები,
მათ დაბრუნებას არ შევეცდები,
ვიცი, არასდროს დამიბრუნდება“.
მისი ლექსის ამ სტრიქონებს მისი სევდანარევი ხმა მიკითხავს დღესაც…
მახსოვს, მათემატიკოსი მშობლების შვილმა ფილოლოგობა რომ ავირჩიე, მისი კმაყოფილი, ამაყი მზერა და ჩუმი ღიმილი… მასთან მსჯელობა ერთი დიდი სიამოვნება იყო. თუმცა იმ დროს წავიდა, ვერ შევძელი შეთამამება…
მასთან, ბებიასა და ბაბუას გარემოცვაში ვხედავდი რა იყო სიყვარული, ადამიანობა, სამართლიანობა, სიკეთე, ამხანაგის კარგი რომ უნდა გამხარებოდა, სხვისი ღირსება დამეფასებინა, შრომა რომ ბედნიერებაა და ღმერთი შენს გულში რომ უნდა აცოცხლო. მაშინ მაოცებდა, თუმცა ბებიას ტრადიცია:ყოველ შაბათს უფლისთვის ანთებული სანთელი-სამადლობელი, ბაბუას მოწიწებული პირჯვრისწერით დამთავრებული, ბავშვური ცნობისმოყვარეობიდან სიყვარულად გადაიზარდა…
ღმერთო, რა ბედნიერება იყო, რაიონში მის გვერდით გავლა სახლიდან სამსახურამდე. მაშინ გაოცებულ თვალებად რომ მაქცევდა. ყოველ ნაბიჯზე გზად შემხვედრი რომ აჩერებდა, ესაუბრებოდა, ეღიმილბაასებოდა…
რაიონში ხო, მაგრამ აქაც, მისი სახელის ხსენებისას, თუ ნაცნობი ადამიანების ტკბილი სიტყვები შემიფაკლავდა ღაწვებს, ვერ ვიფიქრებდი. ეგეც განმაცდევინა. არადა, ისე მოკრძალებით გავიდა პენსიაში, რაიონის მიერ შეთავაზებულ იუბილეზეც კი უარი თქვა. როგორ შეიძლება ამ კაცის ბადიში სხვანაირი იყოს?!
ახალგაზრდობაში ვცდილობდი, ბაბუას შვილიშვილის სახელით ან ჩემი მშობლების შვილის სახელით კი არ ვცნობოდი ადამიანებს, ჩემი სახელით დამემკვიდრებინა ადგილი, მაგრამ ახლა, მეამაყება, რომ ირაკლი ხაჩიძის შვილიშვილი ვარ. შეიძლება ვინმესთვის არაფერს ნიშნავდეს დღეს რესპუბლიკის დამსახურებული ჟურნალისტის სახელი, წოდებასა და რეგალიებს არც ჩემთვის აქვს ახლა მნიშვნელობა, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ ის რაც ჩემში კარგია, მის სიახლოვეს შევითვისე. დღესაც, როცა რთულ სიტუაციაში აღმოვჩნდები ხოლმე, ან გადაწყვეტილებას ვიღებ, ბაბუა მახსენდება. ის რას მეტყოდა? რას მირჩევდა? ცისფერ თვალებში მშვიდ მზერას და ტუჩთან შეუმჩნეველ ღიმილს შევამჩნევდი? შევძელი მისი შვილიშვილობა?!
ზოგჯერ როგორ მჭირდება!…
… დღეს ბაბუას დაბადების დღეა.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ღვაწლმოსილი ჟურნალისტი ირაკლი ხაჩიძე 108 წლისაა
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.