15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა. გაეროს მიერ დაფუძნებული ეს დღე ეძღვნება სოფლად მცხოვრებ ქალთა წვლილს თემის განვითარებასა და სოფლის მეურნეობაში, საკვების უსაფრთხოების გაუმჯობესებასა და სიღარიბის დაძლევაში.

სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღე შეგვახსენებს, თუ რამდენად ფასეულია ამ ქალების შრომა და საზოგადოებას მოგვიწოდებს, რომ ისინი ღირსეულად დავაფასოთ.

ლელა ცისკაძემ ოჯახი 16 წლის წინ შექმნა, ბაზალეთელ ბესო შერგელაშვილთან ერთად. ლელა, სოფლად მცხოვრები ბევრი ქალის მსგავსად, სასოფლო-სამეურნეო და საოჯახო საქმეებს უძღვება, ტყუპი ვაჟის აღზრდასთან ერთად.

საშუალო განათლების მიღების შემდეგ საექთნო ტექნიკუმი დაამთავრა. თუმცა, თავისი პროფესიით არასდროს უმუშავია. თავიდან სამსახური არ გამოჩნდა, შემდეგ ოჯახი შექმნა და მისი მთავარი საზრუნავი საოჯახო საქმეები გახდა. ახლა კი ამბობს, რომ გადამზადების გარეშე ექთნობას ვეღარ შეძლებს.

ოჯახში ყოველდღიური შრომა მისთვის ბუნებრივია და სხვაგვარად ვერც წარმოუდგენია. მით უფრო, რომ მეუღლე თბილისში მუშაობს. ლელა ცისკაძის ყოველი დღე დილის ექვს საათზე შვილების გაღვიძებით იწყება. ბავშვებს ასაუზმებს და სკოლაში გასამგზავრებლად ამზადებს. თავად პირუტყვს უნდა მიხედოს – ძროხები და თხები მოწველოს, საძოვარზე გაუშვას; შემდეგ ღორებისა და ქათმების გამოკვების ჯერია.

ახლა შემოდგომაა და სოფლად უამრავი საქმეა. ლელაც ყანის ასაღებად მიდის, შემდეგ სიმინდის გარჩევას იწყებს. ამასობაში შვილებზეც უნდა იფიქროს – სკოლიდან მოსულებს სადილი უნდა დაახვედროს, სახლი მიალაგოს.

„მეზობლებთან მისასვლელად ან ჩემს ტოლ გოგოებთან ყავის დასალევად სად მცალია, – ამბობს ლელა ცისკაძე, – სანამ დავოჯახდებოდი, მშობლების სახლშიც სულ ვშრომობდი, არც ერთი წუთი არ გავჩერებულვარ. ყოველი დღე ერთი და იგივე საქმე მაქვს. უშრომლად არაფერი გამოდის.

… ტყუილად გაჩერება არ შემიძლია. რუსთავში გვაქვს ბინა, მაგრამ მაინც სოფელში ვცხოვრობ. არ მიყვარს ქალაქი. სოფელში თავს უფრო კარგად ვგრძნობ. იქაც კარგია, თუ ნორმალური სამსახური გაქვს, მაგრამ უშრომლად ვერც ქალაქში მიაღწევ რამეს“.

ლელა ათ სულ საქონელს, ექვს სულ თხას, ხუთ ღორს, 30-მდე ფრთა ქათამს უვლის. წელს, ძლიერი გვალვის გამო, წვრილფეხის სამყოფი მოსავალი ვერ მიიღო და ამაზე ძალიან წუხს.

„ბუნება, ღმერთი საითაც წაგიყვანს, ისე უნდა იცხოვრო. მე ასეთი ცხოვრება მერგო. შენი ოჯახი სადაც არის, იქ უნდა იყო, – ამბობს ლელა, – ჩემი ოცნება რა არის? – შვილების კარგად ყოფნა. მინდა, რომ მათ კარგად ისწავლონ და დამოუკიდებლად იცხოვრონ. ამაზე მეტი რა უნდა მინდოდეს“.
ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე დაგაინტერესებთ

სოფლად წარმატების მიღწევა შესაძლებელია – შრომისმოყვარე ადამიანი გამოსავალს ყოველთვის იპოვის

ქალები ზრუნვით შრომაში, კაცებთან შედარებით, სამჯერ უფრო მეტ დროს ხარჯავენ

ფონდი „ტასო“ სოციალურად აქტიურ ადამიანებს შემოსავლიანი ბიზნესის წამოწყებაში ეხმარება