სოფლად მცხოვრებ ქალებს, წარმატების მისაღწევად, ბევრი შრომა და წინააღმდეგობის გადალახვა სჭირდებათ.

15 ოქტომბერი სოფლად მცხოვრები ქალების საერთაშორისო დღეა, რაც კარგ საშუალებას ქმნის მათი საჭიროებებისა და პრობლემების წარმოსაჩენად.

ქალების გარკვეული ნაწილი პესიმისტურადაა განწყობილი და მიაჩნია, რომ როგორადაც უნდა იშრომო, სოფელში დასახული მიზნის მიღწევა მაინც შეუძლებელია.

ამის პარალელურად, კი საქართველოს სოფლებში ბევრი ისეთი ქალია, რომლებიც თავიანთი ცხოვრებით და საქმიანობით ამტკიცებენ, რომ სოფლად არსებული რესურსებისა და საკუთარი შესაძლებლობების სწორად გამოყენება წარმატების მიღწევის საწინდარია. ასეთი ქალების რიცხვს მიეკუთვნება იზოლდა კვანტრიშვილი. ის ყოველთვის ცდილობს, რომ სოფელში მცხოვრები ქალებისთვის მოტივაციის მიმცემი იყოს.

იზოლდა კვანტრიშვილს სოფლისა და მიწის სიყვარული მშობლების ოჯახიდან თან სდევდა. ბავშვობის დიდი ნაწილი ზესტაფონის რაიონის სოფელ თვრინში გაატარა. მოგვიანებით კი ოჯახთან ერთად საცხოვრებლად ქალაქ ზესტაფონში გადავიდა. შრომა არასდროს ეზარებოდა და ამის პარალელურად კარგ განათლებასაც იღებდა.

მან ქუთაისის პედაგოგიური ინსტიტუტის ფილოლოგიის ფაკულტეტი დაამთავრა. აქვე გაიცნო მომავალი მეუღლე. დაქორწინების შემდეგ ცხოვრება ბაღდადის რაიონის სოფელ ვარციხეში განაგრძო. აქ სკოლაში პედაგოგად მუშაობდა. 1988 წელს კი დირექტორად აირჩიეს.

„დედაჩემი პედაგოგი იყო და მეც ეს ტრადიცია გავაგრძელე. სკოლაში ჩემი მუშაობა ძალიან ცუდ წლებს დაემთხვა. სკოლის საჭიროებებისათვის თანხა არ გვქონდა. სწორედ ამიტომ, სკოლის ნაკვეთზე გავაშენე სათბური, კაკლის სანერგე. გვყავდა აბრეშუმის ჭია. ამით მოსწავლეები შრომას ეჩვეოდნენ და პარალელურად, სკოლის საჭიროებებისთვის გარკვეულ სახსრებსაც ვიღებდით.

ქალაქში ცხოვრებაზე არასდროს მიფიქრია, რადგან სოფელი ძალიან მიყვარს. მიწაზე მუშაობა ცხოვრების არც ერთ ეტაპზე არ შემიწყვეტია“.

ქვეყანაში შექმნილი რთული ეკონომიური სიტუაციის გამო, იზოლდამ, ოჯახთან ერთად, ყაზახეთში წასვლა გადაწყვიტა. ამ ნაბიჯის გადადგმა მისთვის ძალიან რთული აღმოჩნდა. ყაზახეთში იმ განწყობით წავიდა, რომ საქართველოში აუცილებლად დაბრუნდებოდა.

გამგზავრებისას თან სათესლე მასალა წაიღო. იცოდა, რომ მიწაზე შრომის გარეშე ვერ გაჩერდებოდა. თავდაპირველად, სხვადასხვა დასახელების ბოსტნეული დაქირავებულ მიწაზე მოჰყავდა. შემდეგ კი, როდესაც ოჯახი ფინანსურად მოძლიერდა, იზოლდამ საკუთარი სააგარაკე მიწა შეიძინა.

„ყაზახეთშიც არ იყო კარგი სიტუაცია, მაგრამ საქართველოსას კი სჯობდა. ოჯახი ეკონომიურად ნელ-ნელა მოვაძლიერეთ. ჩემი მეუღლე მუშაობდა. ის ყაზახეთში როგორც მწერალთა, ასევე ჟურნალისტთა კავშირის წევრია. მისი ავტორობით რამდენიმე წიგნი გამოვიდა.

გულს მტკენდა ის ფაქტი, რომ ყაზახეთში ცხოვრობდა ბევრი ქართველი ბავშვი, რომლებმაც ქართული ენა არ იცოდნენ. სწორედ ამიტომ, მეუღლესთან ერთად, ქართული კულტურის ცენტრი „ივერია“ დავაარსე. ქართველების გარდა, ქართული ენით, ადგილობრივებიც ინტერესდებოდნენ.

საჭირო ლიტერატურა საქართველოდან ჩამოვიტანე. მახსოვს, ქართული წერა-კითხვა ერთ პენსიონერ ქალსაც შევასწავლე. ის ქართულად არაჩვეულებრივად მღეროდა.

ჩვენგან დაფუძნებულ ქართული კულტურის ცენტრს ბევრი წარმატება ჰქონდა. პარალელურად, მიწის ნაკვეთზე ვმუშაობდი. იმის გამო, რომ ყაზახეთში მკაცრი კლიმატია, სასოფლო-სამეურნეო სამუშაოებს 9 მაისიდან ვიწყებდი. იმდენი ხილი და ბოსტნეული მომყავდა, რომ ოჯახსაც გვყოფნიდა და მეგობრებსაც ვუნაწილებდი. ეს ჩემთვის ძალიან სასიამოვნო პროცესი იყო“.

ყაზახეთში ცხოვრებისას იზოლდა კვანტრიშვილის ოჯახმა საქსოვი და სამკერვალო საამქრო შეიძინა. საქმიანობა თითქმის ნულიდან დაიწყეს. ფირმას სათავეში იზოლდა ჩაუდგა და მას ოცი წელი ხელმძღვანელობდა. საამქროს სახელიც ქართულ ფესვებთან დააკავშირა და „ოქროს საწმისი“ უწოდა.

შვილების აღზრდას, სოფლის მეურნეობას, მასწავლებლობასა და ფირმის ხელმძღვანელობას ერთდროულად ახერხებდა. დასვენებისთვის დრო არასდროს რჩებოდა. ეს პროცესი არ ღლიდა, რადგან მისთვის შრომა უცხო არ იყო.

„ჩემი შვილები ქართველ გოგონებზე დაქორწინდნენ. ეს მე ძალიან გამეხარდა. შვილიშვილებს ქართულ ატმოსფეროში ვზრდიდით. ისინი ქართულად კარგად საუბრობდნენ. მიუხედავად ამისა, ძალიან მინდოდა, ბავშვები საქართველოში აღზრდილიყვნენ და განათლებაც აქ მიეღოთ.

ჩემი დიდი თხოვნით, ყაზახეთში ყველაფერი დავტოვეთ და ოჯახი საქართველოში დავბრუნდით. ყაზახეთი ჩემთვის მეორე სამშობლოდ იქცა, სადაც ძალიან კარგი ხალხი ცხოვრობს. იქედან დაბრუნებულებმა ვარციხეში სოფლის მეურნეობა ავაღორძინეთ. ათასი ძირი ვენახი დავრგეთ. პარალელურად, ხელი მეცხოველეობას მივყავი“.

სოფლის მეურნეობასთან ერთად, ოჯახს სხვა შემოსავლის წყაროც სჭირდებოდა. იზოლდას ძმამ ურჩია, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხში, საკმაოდ დიდ მიწის ფართობთან ერთად, ძველი შენობა იყიდებოდა. გადაწყდა, რომ აქ სარიტუალო დარბაზის გაკეთება შეიძლებოდა. რვა თვეში ყველაფერი აღადგინეს, მოაწესრიგეს და მუშაობას შეუდგნენ.

იზოლდამ ადგილობრივები შემოიკრიბა და აქცენტი სწორედ მათ დასაქმებაზე გააკეთა. სარიტუალო დარბაზის ხელმძღვანელობის პარალელურად, სათბური მოაწყო, ცხოველები მოაშენა; დარგო ჟოლო, უეკლო მაყვალი და თხილები.

პანდემიის გამო, უკვე მეორე წელია, კიცხში სარიტუალო დარბაზი აღარ ფუნქციონირებს. ამით მას ფინანსური ზარალი მიადგა. ახლა კიცხში მარტო ცხოვრობს და მეურნეობას დამოუკიდებლად უძღვება.

„ბუნებით ოპტიმისტი ვარ. მიმაჩნია, რომ გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს. შრომისმოყვარე ადამიანი გამოსავალს ყოველთვის იპოვის. ახლა მე რომ დავჯდე, ფეხი ფეხზე გადავიდო, ამ კედლებს შევაჩერდე და ვთქვა, – მუშაობა არ არის, რა გამოვა?!

უქმად ყოფნა არ მიყვარს. ყოველი დღე დაგეგმილი და განსაზღვრული მაქვს. ხან თხილებში ვარ და იქაურობას ეკალ-ბარდებისგან ვასუფთავებ, ხან ჟოლოს ვკრეფ, ცხოველებს ვუვლი. ახლა შემოდგომაა და თივა უნდა ავიღო, ასევე ყანაც. საქმე არასდრო ილევა.

ორი ვაჟი და ოთხი შვილიშვილი მყავს. ვცდილობ, მათ შრომა და სოფელი შევაყვარო. შაბათ-კვირას ვარციხეში ჩამოდიან ხოლმე და ამ დროს მეც იქ მივდივარ“.

ქალბატონ იზოლდას ძალიან აწუხებს ის ფაქტი, რომ სოფლები მოსახლეობისგან იცლება. ადამიანებს სიტუაციიდან მარტივი გამოსავლის გზად სოფლის დატოვება ესახებათ. მას მიაჩნია, რომ სოფელში წარმატების მიღწევა შესაძლებელია.

„არ ვეთანხმები მოსაზრებას, რომ სოფელში ადამიანი ვერ განვითარდება. სოფლად მცხოვრებ ქალებს ვეტყვი, რომ დრო სწორად გადაანაწილონ, შრომა არ დაეზაროთ და მთელი ოჯახის საქმიანობა მხოლოდ საკუთარ თავზე არ აიღონ.

ოჯახში საქმე თანაბრად უნდა განაწილდეს. შეიძლება სირთულეები შეხვდეთ, მაგრამ ხელი არ უნდა ჩაიქნიონ. მე არასდროს არავისგან ველოდებოდი წყალობას და ამას ვურჩევ ყველას.

ხელისუფლებამაც სოფლის განვითარებაზე უნდა იფიქროს. ახლა ამის საუკეთესო დროა, რადგან პანდემიის გამო ადამიანთა გარკვეული ნაწილი სოფელს დაუბრუნდა“.

ლიკა ხიჯაკაძე