ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, თორნიკე ავალიშვილს, დღეს, 3 ოქტომბერს სხდომა პოლიციის ძალის გამოყენებით დაატოვებინეს.
თორნიკე ავალიშვილი მოითხოვდა, რომ საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებს ემსჯელათ სოციალური დახმარების დანიშვნის სამართლიანობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ის საკრებულოს თავმჯდომარეს სხდომის დაწყების საშუალებას არ აძლევდა.
მისი თქმით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიასა და საკრებულოში დასაქმებული საჯარო მოხელეები სოციალურ დახმარებას იღებენ.
ავალიშვილმა რამდენიმე დღის წინ სოციალური მომსახურების სააგენტოს ხარაგაულის განყოფილებისგან მოითხოვა იმ პირთა სია, რომლებიც სოციალურ დახმარებას იღებენ.
ამ სააგენტოს უფროსი, კიაზო გამრეკელაშვილი, რომელიც ამავე დროს ხარაგაულის საკრებულოს წევრი და კიცხი-ფარცხნალის მაჟორიტარი დეპუტატია, თორნიკე ავალიშვილს პასუხობს, რომ დახმარების მიმღებთა ვინაობა კონფიდენციალურია. თუმცა ამ პირთა სიას მისცემს იმ შემთხვევაში, თუ მიუთითებს ინფორმაციის გამოყენების კონკრეტულ საფუძველსა და მიზანს, რომელიც „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონს შეესაბამება.
„დახმარებას ვერ იღებენ ის ოჯახები, რომელთაც ფულადი შემწეობა რეალურად სჭირდებათ, – ამბობს თორნიკე ავალიშვილი, – რატომ უნდა იღებდეს სოციალურ შემწეობას საჯარო მოხელე, რომელსაც ათას ლარზე მეტი ხელფასი აქვს“.
კიაზო გამრეკელაშვილის განმარტებით, ის ოჯახები, რომელთა სარეიტინგო ქულა 120 ათასამდეა და ოჯახში 16 წლამდე ასაკის ბავშვები ჰყავთ, თითოეულ ბავშვზე თვეში 150-150 ლარს იღებენ.
დეპუტატებს შორის ამ თემაზე დაპირისპირებისას საკრებულოს თავმჯდომარის პირველმა მოადგილე დავით კიკნაძემ თქვა, რომ ფულად სოციალურ დახმარებას მისი შვილებიც იღებენ. დავით კიკნაძის თქმით, „საჯარო მოხელე თვითონაა და არა მისი შვილები“.
საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილის ხელფასი 3 410 ლარია.
ნინო კაპანაძე
რედაქციისაგან – დღევანდელი ფაქტი – დეპუტატ თორნიკე ავალიშვილის საკრებულოს სხდომიდან პოლიციის ძალის გამოყენებით გაყვანა – უკვე მესამეა.
ამასთან დაკავშირებით გაეცანით:
ხარაგაულის საკრებულოში პოლიცია გამოიძახეს
ხარაგაულის საკრებულოს დეპუტატს სხდომა პოლიციამ დაატოვებინა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი