ხარაგაულის საკრებულოს ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თორნიკე ავალიშვილი ვარაუდობს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძეს განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები გაყალბებული აქვს.
ავალიშვილი ამბობს, რომ მუნიციპალიტეტის ოფიციალურ ვებგვერდზე საკრებულოს თავმჯდომარის განათლების შესახებ გამოქვეყნებული ინფორმაცია გადასამოწმებელია, რისთვისაც ამ დოკუმენტების ასლებს, თვეზე მეტია, ითხოვს.
ის აცხადებს, რომ იმდენად საკრებულოს თავმჯდომარის განათლება კი არა, არამედ იმის დასაბუთება აინტერესებს, რომ მისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ყალბი არაა.
დღევანდელ საკრებულოს სხდომაზე ერთი საათის განმავლობაში გაგრძელდა ხმაური და დავა ავალიშვილს, ბარბაქაძესა და საკრებულოს სხვა დეპუტატებს შორის. ავალიშვილი აცხადებს, რომ მისთვის დაუშვებელია საკრებულოს თავმჯდომარისგან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბება.
სხდომაზე საკრებულოს რამდენიმე წევრმა თქვა, რომ თითქოს საკრებულოს თავმჯდომარეს მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროების ვალდებულება არ აქვს, რადგან ის პერსონალური მონაცემია.
სინამდვილეში საკრებულოს თავმჯდომარის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები ნამდვილად არის ღია და საჯარო ხასიათის ინფორმაცია და მოთხოვნის შემთხვევაში უნდა გაიცეს ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე.
აღნიშნული გამომდინარეობს რიგი საკანონმდებლო აქტებიდან, კერძოდ: საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 44-ე მუხლის თანახმად, „საჯარო დაწესებულება ვალდებულია, არ გაახმაუროს პირის პერსონალური მონაცემები თვით ამ პირის თანხმობის გარეშე, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა, როდესაც ეს აუცილებელია სახელმწიფო ან საზოგადოებრივი უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, საჯარო ინტერესების, ჯანმრთელობის ან სხვათა უფლებების დასაცავად. თანამდებობის პირის, აგრეთვე თანამდებობაზე წარდგენილი კანდიდატის პერსონალური მონაცემები საჯაროა“.
საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 32-ე მუხლი ადგენს, რომ მუნიციპალიტეტის თანამდებობის პირები არიან მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, კომიიისა და ფრაქციის თავმჯდომარეები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატთა ნაწილი „ქართული ოცნებიდან“ აცხადებს, რომ მათთვის საკრებულოს თავმჯდომარის განათლებას მნიშვნელობა არ აქვს – „მთავარია, საქმე გააკეთოს“.
საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობა არჩევითია და ამ პოსტზე არჩეულ პირს საკმარისია, რომ საშუალო განათლება მაინც ჰქონდეს.
დღეს, 4 აპრილს, საკრებულოს სხდომაზე დეპუტატებმა განაცხადეს, რომ ავალიშვილსა და ბარბაქაძეს შორის დავის გამო მუშაობაში ხელი ეშლებათ და სხდომის ნორმალურ რეჟიმში ჩატარებას ითხოვდნენ.
საკრებულოს რამდენიმე წევრმა თორნიკე ავალიშვილს სასამართლოსთვის მიმართვა ურჩია. ავალიშვილი აცხადებს, რომ სასამართლოს მიმართ ნდობა არ გააჩნია და საკრებულოს თავმჯდომარისგან განათლების დამადასტურებელი დოკუმენტების გაყალბების დასასაბუთებლად აქტივობას გააგრძელებს.
საკრებულოს სხდომაზე ერთსაათიანი ხმაურის შემდეგ თორნიკე ავალიშვილი სხდომათა დარბაზიდან პოლიციამ ძალის გამოყენებით გაიყვანა. პოლიცია საკრებულოს აპარატმა საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით გამოიძახა, რადგან ავალიშვილი მას სხდომის დაწყების შესაძლებლობას არ აძლევდა.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქციამ საკრებულოს დღევანდელი სხდომიდან ეს ფაქტი პირდაპირ ეთერში გადასცა.
ამავე თემაზე ასევე დაგაინტერესებთ
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი