„აქტიური, მოწესრიგებული და პასუხისმგებლიანი ვიყავი. ჩემს საქმეს ყოველთვის კეთილსინდისიერად, რწმენით ვაკეთებდი. ბოლომდე ვიხარჯებოდი, რომ პირველობა არავისთვის დამეთმო და მაღალი შეფასება მიმეღო. საზოგადოებისგან ყოველთვის სიყვარულსა და პატივისცემას ვგრძნობდი და ამიტომაცაა, ალბათ, ამდენ ხანს რომ ვიცოცხლე“, – ამბობს 90 წლის ნუნუ ასათიანი.
ის 45 წელი ხარაგაულის რკინიგზის #10 საშუალო სკოლაში (ახლანდელი #3 სკოლა) პიონერხელმძღვანელად, გეოგრაფიის, მუსიკისა და გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობდა.
ღვაწლმოსილ პიროვნებას საიუბილეო თარიღი მივულოცეთ და განვლილი ცხოვრებიდან საინტერესო ეპიზოდების გახსენება ვთხოვეთ.
„სოფელ ხორითში დავიბადე და გავიზარდე, – გვიამბობს ნუნუ ასათიანი, – მთავარი როლი ჩემი და ჩემი ძმის, ავთანდილის, პიროვნებად ჩამოყალიბებაში, მამას, – ფილიმონ ასათიანს მიუძღვის.
ჩვენი ოჯახი შეძლებული იყო. მამა რუსული ენის მასწავლებელი გახლდათ. დამთავრებული ჰქონდა ასევე საფერშლო და მეფუტკრეობის კურსები. ხორითში დაწყებითი სკოლა რომ გაიხსნა, მის გამგედ დანიშნეს. მთელ სოფელს მამაჩემი ეხმარებოდა – სამედიცინო მომსახურება თუ ვინმეს დასჭირდებოდა, მამას ეძახდნენ, გაჭირვებულ ოჯახებს თაფლს ჩუქნიდა.
მეექვსე კლასში ვიყავი, მამა რომ გარდაიცვალა. თითქოს ახლაც ჩამესმის მისი ხმა, რომ კარგად უნდა მესწავლა და შეძლებისდაგვარად სხვებს დავხმარებოდი.
ხარაგაულის #2 საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ოჯახის ნათესავმა მირჩია, სწავლა თბილისში, პიონერხელმძღვანელთა სკოლაში გააგრძელეო. ამ სკოლის წარჩინებით დასრულების შემდეგ მუშაობა ხარაგაულის რკინიგზის #10 საშუალო სკოლაში პიონერხელმძღვანელად დავიწყე. სიხარულით მიმიღო სკოლის მაშინდელმა დირექტორმა მიხეილ გაბუნიამ და მითხრა, ფილიმონ ასათიანის სახელს რომ ეკადრება, ისეთი წარმატებული უნდა იყოო.
ძალ-ღონეს არ ვიშურებდი, ყველა ღირსშესანიშნავი თარიღისთვის ფართომასშტაბიან ღონისძიებებს ვამზადებდი. სკოლაში სიმღერის გუნდი ჩამოვაყალიბე. ერთხელაც, მოვამზადე ღონისძიება ქართულ და რუსულ ენებზე სახელწოდებით – „სხვადასხვა ქვეყნის ბავშვები“. სტუმრები მოსკოვიდან ჩამოვიდნენ. ღონისძიების შემდეგ მითხრეს, ასეთი კარგი პიონერხელმძღვანელი ერთი სახალინზე გვყავს და მეორე თქვენ ხართო. ეს ჩემთვის უმაღლესი შეფასება იყო და ძალიან ბედნიერი ვიყავი. დაუვიწყარია ჩემთვის ის დღეები, როცა ა/კ რკინიგზის ხარაგაულის #10 საშუალო სკოლისა და ბანაკ „არმაზის“ სიმღერის გუნდებმა ერევანსა და ვლადიკავკაზში, სხვადასხვა წლებში, პირველი ადგილი დაიკავეს. ბანაკ „არმაზის“ სიმღერის გუნდსაც მე ვხელმძღვანელობდი.
სკოლისგარეშე ღონისძიებები მოსწავლეებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ისინი საზოგადოების წინაშე გამოსვლას, დამოუკიდებლობას ეჩვევიან. მოსწავლეებს ხშირად უთქვამთ, რომ ლექსის მხატვრულად კითხვა და სიმღერა ჩემგან ისწავლეს.
პიონერხელმძღვანელად მუშაობის პარალელურად ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის პედინსტიტუტის გეოგრაფიის ფაკულტეტი დავამთავრე. საჭიროების მიხედვით ამ საგანსაც ვასწავლიდი, დაწყებით კლასებში კი სიმღერის საათები მქონდა.
განსაკუთრებული სიყვარულით გახანგრძლივებული ჯგუფის მასწავლებლად მუშაობის პერიოდს ვიხსენებ. ყველა ბავშვი ერთნაირად მიყვარდა, – შემიძლია შვილები დავიფიცო. გახანგრძლივებულ ჯგუფში დაბალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეთა მეცადინეობაში დახმარებას ფრიადოსნებს ვავალებდი. შინ მისულ ბავშვებს გაკვეთილები უკვე დასწავლილი ჰქონდათ. მშობლები და მასწავლებლები მადლობას მიხდიდნენ. ბავშვები მეხუთე კლასში რომ გადადიოდნენ, წუხდნენ, ნუნუ მასწავლებელთან რომ აღარ ვიქნებით გახანგრძლივებულ ჯგუფშიო.
64 წლის ვიყავი, სკოლიდან რომ წამოვედი. ცოტა გამიჭირდა მოსწავლეებისა და სკოლის გარეშე. თუმცა, დღემდე ყოფილი მოსწავლეების სიყვარული და მოგონებები მაძლიერებს. ხან ჩემს შვილებს – ნიკოსა და ეთერის აბარებენ მოკითხვას, ხანაც ქუჩაში მხვდებიან და სკოლაში გატარებულ წლებს მახსენებენ.
მთავარი ხომ ამ ცხოვრებაში ადამიანობა, სიკეთის კეთებაა; კიდევ ის, რომ სამსახურსა და სახლში შენზე დაკისრებული საქმე პირნათლად შეასრულო. ამას ბავშვობაში მამამ მიმაჩვია“.
ნუნუ ასათიანმა ოჯახი რეზო დეკანოსიძესთან ერთად შექმნა. ყველაზე მეტად სწავლასა და მუშაობაში ხელს მეუღლე უწყობდა, დასასვენებლად თუ სამოგზაუროდ აგზავნიდა და მცირეწლოვან შვილებს თავად იტოვებდა. ქალბატონი ნუნუ ამბობს, რომ მეუღლე ყველა წამოწყებაში გვერდით ედგა და მხარს უჭერდა. ნუნუ ასათიანმა, როგორც თავად ამბობს, წარმატებებს ა/კ რკინიგზის ხარაგაულის #10 საშუალო სკოლის დირექტორების მიშა გაბუნიას, ანზორ არევაძის, მასწავლებლების – ნინა ნავროზაშვილის, მერი გიორგიძის, გურამ გურგენიძის ხელშეწყობითა და თანამშრომლობით მიაღწია.
ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობის გამო ნუნუ ასათიანს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიანიჭეს და ღირსების ორდენით დააჯილდოეს. ყველაზე ძვირფასი ჯილდო კი მისთვის ორი შვილი, ხუთი შვილიშვილი, ოთხი შვილთაშვილი და ყოფილი მოსწავლეების დიდი სიყვარულია. ქალბატონ ნუნუ ასათიანს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ.
ნინო კაპანაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში