ხარაგაულში, მეხუთე წელია, უსინათლოთა პროგრამა ხორციელდება. პროგრამაში ჩართული ბენეფიციარები კვირაში ერთხელ, ოთხშაბათობით, ხარაგაულის ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში იკრიბებიან და ბრაილის შრიფტით წერა-კითხვას, ადაპტირებული კომპიუტერის გამოყენებასა და სამაგიდო თამაშებს სწავლობენ. ამ პროგრამისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 12 ათასი ლარია გამოყოფილი. ეს თანხა პროგრამის მენეჯერისა და სასწავლო წრეების ხელმძღვანელების ხელფასებს ხმარდება.

„გასულ წლებში მეცადინეობები კვირაში ორჯერ ტარდებოდა, – ამბობს პროგრამის მენეჯერი გულიკო ჭარბაძე, – წრეების ხელმძღვანელებს ხარაგაულამდე ტრანსპორტირების ხარჯები გაუძვირდათ. ამიტომ ხელფასების მომატება მოვითხოვეთ, რაც ვერ მოხერხდა. ამის გამო იძულებული გავხდით, რომ მეცადინეობები კვირაში მხოლოდ ერთხელ ჩავატაროთ.

ამჟამად პროგრამაში 8 უსინათლოა ჩართული. 2022 წლის დასაწყისში 12 ბენეფიციარი გვყავდა, თუმცა რამდენიმე მათგანმა სოფლებიდან ტრანსპორტირება ვეღარ შეძლო. უსინათლოსთვის საჭიროა, რომ ტრანსპორტამდე ვინმემ მოიყვანოს. ჩვენს უსინათლოებს კი ამის შესაძლებლობაც არ აქვთ. პროგრამის დაწყების დღიდან ბენეფიციარების ტრანსპორტირების დაფინანსებას ვითხოვთ, თუმცა, ჯერჯერობით, უშედეგოდ.

პროექტის მთავარი მიზანი უსინათლოების საზოგადოებაში ადაპტირებაა. ხუთი წლის განმავლობაში ეს პროგრამა გაიარეს ახალგაზრდებმა, რომლებმაც კარგად შეისწავლეს ბრაილის შრიფტით წერა-კითხვა და ასევე ადაპტირებული კომპიუტერული პროგრამების გამოყენება“.

უსინათლოთა საზოგადოების ზესტაფონის ორგანიზაციის თავმჯდომარე ვასილ ლომიძე ამბობს, რომ ხარაგაულის ადგილობრივ ხელისუფლებას ანდროიდის ტიპის ტელეფონების შეძენის თხოვნით მიმართა. თუმცა მისი ეს მოთხოვნა არ დაკმაყოფილდა.

„ოთხი ტელეფონის შესაძენად, დაახლოებით, 2 ათასი ლარია საჭირო, – ამბობს ვასილ ლომიძე, – ამ ტიპის ტელეფონით შეიძლება სოციალური ქსელების გამოყენება, სხვადასხვა პროგრამების ჩაწერა. ინტერნეტში უამრავი ელექტრონული წიგნია. უსინათლოებისთვის ელექტრონული წიგნების გამოყენება შეუძლებელია, რადგან ეს ხმოვანი პროგრამა, რომელიც კომპიუტერის გამოყენებაში გვეხმარება, სკანირებულ წიგნებს ვერ კითხულობს.

მე მაქვს პროგრამა ჩემს ტელეფონში, რომლითაც ვახერხებ, რომ ეს სკანირებული წიგნები გავაციფრულო და უსინათლოებისთვის მათი მოსმენა შესაძლებელი გავხადო. თუ მომავალი წლისთვის ადგილობრივი ხელისუფლება ბენეფიციარებისთვის ტელეფონების შეძენას უზრუნველყოფს, მე კომპიუტერთან ერთად, მათ ტელეფონების სხვადასხვა ფუნქციის გამოყენებას ვასწავლი.

ხარაგაულში უსინათლოთა პროგრამის სრულყოფილად ფუნქციონირებისთვის ტრანსპორტირება და გამყოლი აუცილებელია. ეს პრობლემა კი, ჩემი აზრით, მარტივად მოსაგვარებელია.

ჩვენს ქვეყანაში სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმების პროგრამა ამოქმედდა. რატომ არ შეიძლება, რომ უსინათლოებს, დასაქმების ამ პროგრამით, გამყოლები და მძღოლები დაგვინიშნონ?!  ამით, ჩვენი ბენეფიციარების ტრანსპორტირებისა და გამცილებლის ხარჯი არც ისე მასშტაბური იქნება, რადგან მათ სახელმწიფო ხელფასს უხდის. საჭირო იქნება მხოლოდ საწვავის ხარჯი და ავტომობილი“.

უსინათლოთა პროგრამის მონაწილეთა საჭიროებებთან დაკავშირებით ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერის პირველ მოადგილეს, ვარლამ ჭიპაშვილს, დავუკავშირდით.

მან გვიპასუხა, რომ უსინათლოთა პროგრამაში დასაქმებულ პირებს ხელფასები მუნიციპალიტეტის ფინანსური შესაძლებლობების მიხედვით მოემატება. თუმცა წინასწარ ვერ დააკონკრეტა, თუ რამდენით გაიზრდება მათი ხელფასები.

„მუნიციპალიტეტის მერია შეძლებისდაგვარად ზრუნავს, რომ ყველა მიმართულებით დაინიშნოს მუნიციპალური ტრანსპორტი, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი, – ვცდილობთ, მოსახლეობისთვის გადაადგილება უფრო კომფორტული და იაფი გახდეს. ამ ტრანსპორტით სარგებლობა ყველას შეუძლია,

უსინათლოებისთვის ასევე მნიშვნელოვანია გამყოლი, მაგრამ ინდივიდუალურად თითო ბენეფიციარს მიეჩინოს გამცილებელი, ეს წარმოუდგენელია. თუმცა ზონალურად – შესაძლებელი. სოციალურად დაუცველი მოქალაქეების დასაქმება ამ მიმართულებით რამდენად მოხდება, ამის თქმა ახლა არ შემიძლია.

ანდროიდის ტიპის ტელეფონების შესყიდვისთვის, ჩემი ინფორმაციით, მათი მხრიდან მომართვა არ ყოფილა. რაც შეეხება ტექნიკას, ისინი სარგებლობენ ბიბლიოთეკაში არსებული კომპიუტერებით. უსინათლოთა ხელშეწყობის პროგრამა ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მომავალ წელსაც გაგრძელდება“, – ამბობს ვარლამ ჭიპაშვილი.

თამთა გოგოლაძე

ამავე თემაზე
საქართველოში შშმ პირთა სრულყოფილი სტატისტიკაც კი არ არსებობს

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ:
„ორიონის“ სპექტაკლი საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე დაჯილდოვდა
ქალები არაფორმალურ შრომაში – უხილავი საფრთხე სიბერეში