პირველადი ჯანდაცვის საჭიროებებისა და პრობლემების მოსაგვარებლად სახელმწიფო კუს ნაბიჯებს დგას.
ასეთია სოფლის ექიმის შეფასება, რომელიც ზემო იმერეთში ექვსი სოფლის მოსახლეობას სათანადო სამედიცინო მომსახურებას ვერ უწევს.
რა უჭირთ და რა ულხინთ სოფლის საექიმო ამბულატორიის ექიმებს, რომელი პრობლემები გამოსწორდა და რისი მოლოდინები აქვთ ხელისუფლებისგან, – ამის გასარკვევად ზემო იმერეთში ხარაგაულის, ზესტაფონის, ჭიათურისა და საჩხერის ამბულატორიების ექიმებს დავუკავშირდით.
სოფლის ექიმების თქმით, მათ საქმიანობაში სასიკეთოდ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ანგარიშებს, ქუთაისში ფიზიკურად ჩასვლის ნაცვლად, ელექტრონულად აგზავნიან. ექიმებს შეუძინეს კომპიუტერული ტექნიკა და ამბულატორიებში შეიყვანეს ინტერნეტი. თუმცა, მაღალმთიან სოფლებში ინტერნეტის სიგნალის მიღება მაინც პრობლემაა.
როცა პაციენტის გასინჯვა ხის ქვეშ გიწევს…
ხარაგაულისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 15-15 საექიმო ამბულატორია ფუნქციონირებს, 8 – საჩხერეში, 11 – ჭიათურაში.
ინფრასტრუქტურის კუთხით ამ ოთხ მუნიციპალიტეტში ყველაზე მძიმე მდგომარეობა ხარაგაულში ზვარეს, ზესტაფონში ძირულას, საჩხერეში არგვეთისა და ჭიათურაში მორძგვეთის საექიმო ამბულატორიების შენობებშია.
ზვარეს ამბულატორიის შენობა მეწყერულ ზონაშია. 2017 წელს, ახალი რკინიგზის მშენებლობის გამო, ზვარეში მეწყერი დაიძრა. ექიმი ნინო კობახიძე ამბობს, რომ დანესტიანებული შენობის კედლებიდან და ჭერიდან პლასტიკატები ცვივა. ამიტომ ექიმი და ექთანი პაციენტებს იმ ოთახში იღებენ, სადაც თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ.
„ადმინისტრაციული შენობის მეორე სართულზე სამი ოთახი გვიჭირავს, – ამბობს ძირულას სოფლის ექიმი ნატო გიორგაძე, – შენობაში წყალი შემოვიყვანეთ, მაგრამ როცა სოფელში წყლის დებეტი იკლებს, წყალი არც ჩვენ მოგვეწოდება. შენობა ძალიან ავარიულ მდგომარეობაშია. წვიმისგან კედელი ისეა დაზიანებული, რომ ჩამონგრევის საშიშროება ყოველწუთასაა.
ამ შენობაში ჩვენი ყოფნა მერის წარმომადგენლებისთვისაც დისკომფორტია, მითუმეტეს პანდემიის დროს. ვცდილობთ, ინფექციური პაციენტები აქ არ შემოვიყვანოთ და გარეთ, ხის ძირში გავსინჯოთ, ხომ წარმოუდგენელია, მაგრამ ასეა“.
ავარიულ შენობაში უწევს პაციენტების მიღება საჩხერის სოფელ არგვეთის ამბულატორიის ექიმს ეთერი შუკაკიძეს. მისი თქმით, შენობაში მოშლილია წყალკანალიზაციის სისტემები. ხელს კუსტარული ხელსაბანით იბანენ. ათი წელია, ამ მდგომარეობაში არიან.
„გაურკვეველია შენობის საკუთრების საკითხი, – ამბობს ეთერი შუკაკიძე, – ადგილობრივი ხელისუფლება გვეუბნება, რომ შენობა ჩვენს ბალანსზე არ არის და ვერ გაგირემონტებთო. რა მნიშვნელობა აქვს, ვის ბალანსზეა, ჩვენ ხომ აქაურ, ცხრა სოფლის მოსახლეობას ვემსახურებით?! პაციენტს იმის შიში არ უნდა ჰქონდეს, რომ კიბე ჩაუტყდება და იატაკში ჩავარდება“.
ჭიათურის სოფელი მორძგვეთი კაცხის თემში შედის. კაცხის ამბულატორიის ექიმი თამილა ყვირილიანი ამბობს, რომ მორძგვეთში ახლა პაციენტების მიღება შეუძლებელია. „შენობა ფარდულს დაემსგავსა, – ამბობს თამილა ექიმი, – ზაფხულში თუ ავალთ თვეში 2-3ჯერ. გვპირდებიან, რომ გაარემონტებენ. ახლა სარემონტო სამუშაოები ეწერის ამბულატორიაში მიმდინარეობს“.
ამბულატორიას უნდა ჰყავდეს მანქანა
„თუ გვინდა, რომ პირველადი ჯანდაცვა რეალურად იყოს ჯანმრთელობის დაცვის კარიბჭე, ადამიანს მანამდე ვუშველოთ, სანამ ის ავად გახდება, მასთან ყოველდღიური კომუნიკაციაა საჭირო, – ამბობს ბოსლევის ამბულატორიის ექიმი ელზა გაჩეჩილაძე, – ჩვენ კი იმდროსაც ვერ მივდივართ პაციენტთან, როცა ავადაა.
პირველ რიგში, ალბათ ყველა სოფლის ექიმის სურვილი და აუცილებლობაა, რომ ამბულატორიას ავტომანქანა ჰყავდეს. ეს არის გადამწყვეტი მნიშვნელობის და ალბათ ამ სურვილს ასრულება არ უწერია. ზემო იმერეთის სოფლებში ერთ უბანში რომ მიხვალ ფეხით, იმ დღეს სხვას ვერაფერს გააკეთებ.
თანხა, 750 ლარი, რომელიც ყოველთვურად გვერიცხება, ვერ გავარკვიეთ, ხარჯია თუ ხელფასი. ამბულატორიისთვის რაც გვჭირდება, ამ თანხით ვყიდულობთ – მიმართვის ფურცლები, ფორმა #100, პაციენტის ანკეტები. კომუნალურ გადასახდებსაც ამ თანხიდან ვიხდით. სოფელი გაზიფიცირებულია, მაგრამ ამბულატორიის შენობაში რომ შემოვიყვანოთ, ამის თანხები არ გვაქვს. 750 ლარი დღეს არსებობისთვის საკმარისი არ არის“.
ოჯახის ექიმები სახელმწიფომ მიატოვა
ექიმების მომსახურებითა და მათი კვალიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კმაყოფილია. იმის გამო, რომ სათანადო ანაზღაურება არ აქვთ, ოჯახის ექიმების უმრავლესობა რამდენიმე ადგილას მუშაობს. ექიმებს სოფლებში პაციენტების მისაღებად კვირაში ერთი ან ორი დღე აქვთ გამოყოფილი.
„ასე მგონია, რომ სოფლის ექიმები სახელმწიფომ მიატოვა, – ამბობს ხარაგაულის სოფელ ბაზალეთში მცხოვრები ინგა კვინიკაძე, – ექიმებს მისცეს ხელფასი და იმ თანხით სოფლამდეც უნდა მოვიდნენ, მედიკამენტებიც იყიდონ და პაციენტები სახლშიც მოინახულონ. საყოველთაო ჯანდაცვა კარგია, მაგრამ ავად რომ არ გავხდეთ, პირველადი ჯანდაცვა უნდა იყოს გამართული“.
წყალაფორეთში მცხოვრები ჯემალ დვალი ამბობს, რომ ექიმი ამირან ხალილულაევი მაღალი დონის პროფესიონალია. მისი თქმით, როცა ექიმი ამბულატორიაში არ არის, მას ტელეფონით უკავშირდებიან და მისგან შესაბამის კონსულტაციას ასე იღებენ.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე) 2019 წელს პირველადი ჯანდაცვის გამოწვევების შესახებ ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში კვლევა ჩაატარა.
ამ კვლევის თანახმად, სოფლის ექიმებს აწუხებთ:
„ჩემი იმერეთის“ კვლევაში აღნიშნულია, რომ ჭიათურაში მოქმედი 11 ამბულატორიიდან 9 მათგანს ბიუჯეტის წინაშე დავალიანება დაუგროვდა.
„ერთადერთი მუნიციპალიტეტია საქართველოში ჭიათურა, სადაც ლიკვიდაციის რეჟიმზე გადაგვიყვანეს ამბულატორიები და ეს პროცესი ბოლომდე ვერ მიიყვანეს. ჩვენი ბედი ამ დრომდე გაურკვეველია – ამბობს პერევისას ამბულატორიის ექიმი აზა კობახიძე, – საიდან და როგორ გაჩნდა ბიუჯეტის მიმართ დავალიანება, ამ დრომდე ვერავინ გაგვარკვია. ახლა ამ საკითხზე აღარაფერს გვეუბნებიან. ერთდათერთი გამოსავალი დავალიანებების ჩამოწერაა.
ოჯახის ექიმის პროგრამა თავის დროზე ინგლისის მოდელის მიხედვით გავიარე. თუმცა, რა ხდება დღეს პირველად ჯანდაცვაში, ყველა ვხედავთ. თითქმის 30 წელია ვიბრძვით და ვიძახით, რომ მომავლის იმედი გვაქვს“.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში 2021 წლის მარტში შედგა. ამ სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, „სტრატეგიული გეგმის ნაწილია სოფლის ექიმებისა და ექთნების გადამზადება, ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გეგმის განსახორციელებლად სამინისტროში შიდა სამუშაოები გრძელდება“.
ნინო კაპანაძე
ფოტოზე: წყალაფორეთის საექიმო ამბულატორიის შენობაში, ათ წელზე მეტია, წყალმომარაგება გაუმართავია
ამავე თემაზე – სოფლის ოჯახის ექიმებს ყურადღება სჭირდებათ (ვიდეო)
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.