სოფლის საექიმო ამბულატორიების ექიმები წლებია, საქმიანობაში ხელისშემშლელ პრობლემებზე საუბრობენ.
საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ „ჩემი იმერეთი“ (დირექტორი ლაურა გოგოლაძე) პირველადი ჯანდაცვის გამოწვევების შესახებ ხარაგაულისა და ჭიათურის მუნიციპალიტეტებში კვლევა 2019 წელს ჩაატარა.
ამ კვლევის შედეგად გამოიკვეთა, რომ პრობლემაა:
პრობლემებს შორის ერთ-ერთი მწვავე წყალმომარაგების საკითხია.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 15 საექიმო ამბულატორია ფუნქციონირებს – ბაზალეთში, ბორითში, ვარძიაში, ვახანში, ზვარეში, კიცხში, ლაშეში, ლეღვანში, მოლითში, საღანძილეში, ფარცხნალში, ღორეშაში, წიფაში, წყალაფორეთსა და ხუნევში. ხუნევისა და კიცხის ორდონიანი ამბულატორიები მოსახლეობას ნადაბურში, ხევსა და ხიდარშიც ემსახურებიან.
წყალი არ მიეწოდება ლაშეს, ზვარეს, საღანძილეს, ფარცხნალის, კიცხის, ხუნევის, მოლითისა და ხევის საექიმო ამბულატორიებს.
2019 წელს კოსმეტიკური რემონტი ჩაუტარდა ადმინისტრაციულ შენობებში განთავსებულ ვახანის, ფარცხნალისა და ხიდრის ამბულატორიებს. მედპერსონალს ამ შენობებში ორ-ორი ოთახი უჭირავს.
„წყალზე ძალიან ვწვალობთ, – ამბობს ხუნევის ამბულატორიის ექიმი თამარ გველესიანი, – საკმაოდ შორიდან ხელით ვეზიდებით. ეს პრობლემა წელს გაჩნდა, წყლის სათავედან მომავალი მილები დაზიანდა“.
წყალაფორეთის ამბულატორიის 2019 წელს გარემონტებულ შენობაში წყლის სისტემა სწორად არ დამონტაჟდა.
„წყალი ამბულატორიის ეზოში გვაქვს, – ამბობს ექიმი ამირან ხალილულაევი, – მაგრამ შენობაში წყლის გამავალი მილებია დაზიანებული. ონკანში რომ წყალი მოვუშვით, იატაკზე ჩამოვიდა და მილში არ გავიდა. მივმართეთ სოფლის რწმუნებულს, ყველა შესაბამის სამსახურს, მაგრამ ეს პრობლემა, ამ დრომდე, ვერ გვარდება. ზამთარში, ეზოში რომ წყალი გვაქვს, იყინება.
წყალაფორეთის ამბულატორიის შენობა ავარიული იყო. სარემონტო სამუშაოების შემდეგ ბევრი რამ სასიკეთოდ შეიცვალა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძლიერი წვიმების დროს სახურავიდან ორ ადგილზე წყალი ჩამოდის და ჭერს აზიანებს“.
წყალი ჩამოდის მოლითის ამბულატორიის შენობაშიც.
ხუნევის, მოლითის, საღანძილისა და წიფის ამბულატორიების ეზოები შემოსაღობია.
შენობებს ზამთარში შეშისა და დენის ღუმელებით ათბობენ. მსოფლიო ბანკის პროგრამით აშენებულ – ბორითის, საღანძილეს, კიცხის, წყალაფორეთის, მოლითის, ღორეშისა და ხუნევის ამბულატორიებში არსებულ ცენტრალური გათბობის სისტემას ვერ რთავენ, რადგან ძვირი ჯდება. კოსმეტიკურ რემონტს ხარაგაულის თითქმის ყველა სასოფლო ამბულატორია საჭიროებს.
ზვარეს ამბულატორიის შენობა მეწყერულ ზონაშია. 2017 წელს, ახალი რკინიგზის მშენებლობის გამო, ზვარეში მეწყერი დაიძრა. ექიმი ნინო კობახიძე ამბობს, რომ დანესტიანებული შენობის კედლებიდან და ჭერიდან პლასტიკატები ცვივა. ამიტომ ექიმი და ექთანი პაციენტებს იმ ოთახში იღებენ, სადაც თავს შედარებით უსაფრთხოდ გრძნობენ.
ხარაგაულის ადგილობრივი ბიუჯეტიდან საექიმო ამბულატორიებს ინტერნეტის მომსახურების თანხას უხდიან. ექიმები „სკაიტელის“ მომსახურებით არც ისე კმაყოფილები არიან და ამბობენ, რომ ინტერნეტის სიგნალის მიღება მაღალმთიან სოფლებში უჭირთ.
„საღანძილეში საბავშვო ბაღის მშენებლობისას ამბულატორიამდე მოსასვლელი გზა სერიოზულად დაზიანდა და მის შეკეთებას არც არავინ ფიქრობს, – ამბობს ამ სოფლის ექიმი ნანი არევაძე, – ამბულატორიის ეზო შემოსაღობია. ცენტრალურ გათბობას ვერ ვრთავთ, რადგან საწვავის შესაძენი თანხა არ გვაქვს. ამიტომ ერთ ოთახს ზამთარში ელექტროღუმელით ვათბობთ. წლიდან წლამდე, – რასაც ვლაპარაკობთ ყველა არჩევნების წინ, – ჯერჯერობით, მოგვარებული არ არის“.
ხევის საექიმო ამბულატორიის შენობა ავტობანის მშენებლობის არეალშია. ხარაგაულის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით დევდარიანი ამბობს, რომ ადგილობრივი თვითმმართველობა მიწას ამბულატორიისთვის შეისყიდის კერძო პირისგან, რომელიც ამჟამად საკუთრებასთან დაკავშირებულ დოკუმენტაციას აწესრიგებს.
წლის ბოლოსთვის ყველა საექიმო ამბულტორიის პრობლემების ადგილზე გაცნობას გეგმავს ხარაგაულის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახური. ამ სამსახურის უფროსი ნანა კიკნაძე ამბობს, რომ მერის წარმომადგენლებს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ამბულატორიების წყალმომარაგების პრობლემის მოგვარება სთხოვეს. წყალმომარაგება მოწესრიგდა ვარძიის საექიმო ამბულატორიაში. უახლოეს ხანში წყალი ლაშის ამბულატორიასაც ექნება.
ექიმების მომსახურებითა და მათი კვალიფიკაციით სოფლად მცხოვრები მოსახლეობა კმაყოფილია. იმის გამო, რომ სათანადო ანაზღაურება არ აქვთ, ოჯახის ექიმების უმრავლესობა რამდენიმე ადგილას მუშაობს. ექიმებს სოფლებში პაციენტების მისაღებად კვირაში ერთი ან ორი დღე აქვთ გამოყოფილი. მუდმივად ადგილზე მხოლოდ მოლითის ამბულატორიის ექიმები იმყოფებიან.
ღორეშაში მცხოვრები ქეთევან ბარბაქაძე ამბობს, რომ ექიმი სოფელში ყოველდღიურად საჭიროა. ამისთვის კი ექიმს სახელწიფოსგან მეტი ხელშეწყობა სჭირდება როგორც ანაზღაურების მხრივ, ისე ამბულატორიის შენობის ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად და ასევე – მედპერსონალის ტრანსპორტირებაში.
„ტრანსპორტირება ჩემთვის ყველაზე დიდი პრობლემაა, – ამბობს ღორეშის ამბულატორიის ექიმი ირმა კელენჯერიძე, – ზესტაფონში ვცხოვრობ. საზოგადოებრივი ტრანსპორტი ღორეშაში დილით მოდის. ღორეშიდან წამოსვლა ძალიან მიჭირს. სარგვეშში, ფაქტობრივად, ვერ მივდივარ. პაციენტებთან ოჯახებში მხოლოდ იმ შემთხვევაში ვახერხებ მისვლას, თუ ავტომანქანით მომაკითხეს. ჯანდაცვის სამინისტროსგან ოჯახის ექიმებს მეტი ყურადღება გვჭირდება“.
პირველადი ჯანდაცვის რეფორმის სტრატეგიული გეგმის პრეზენტაცია ჯანდაცვის სამინისტროში 2021 წლის მარტში შედგა. ამ სამინისტროდან მოპოვებული ინფორმაციით, „სტრატეგიული გეგმის ნაწილია სოფლის ექიმებისა და ექთნების გადამზადება, ამბულატორიების ინფრასტრუქტურის მოწესრიგება. გეგმის განსახორციელებლად სამინისტროში შიდა სამუშაოები გრძელდება“.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლის ექიმების თქმით, მათ საქმიანობაში სასიკეთოდ მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ანგარიშებს, ქუთაისში ფიზიკურად ჩასვლის ნაცვლად, ელექტრონულად აგზავნიან.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ოჯახის ექიმების ათწლეულობით მოუგვარებელი პრობლემები ზემო იმერეთში
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.