სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა სამასალე ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობაა.

ოჯახები სოფლებში ღობის, იატაკის, სახურავის გამოცვლას ვეღარ ახერხებენ, რადგან ბაზარსა და აუქციონზე სამასალე მერქანი ძვირია. ადამიანები იძულებულები არიან, ხის მასალა ტყიდან უკანონოდ მოიპოვონ.

გასულ თვეში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ხარაგაულში ორი არარეგისტრირებული სახერხი საამქრო გამოავლინეს.

ერთ-ერთი დაჯარიმებული სოფელ საბეში მცხოვრები ნოდარ ბაბლიძეა. მას უკანონო სახერხი დანადგარი ტყეში ჰქონდა განთავსებული, სახერხის ტერიტორიაზე კი – წიფლის რამდენიმე მორი.

ნოდარ ბაბლიძე ამბობს, რომ სოფლად მცხოვრებ ოჯახებს დაჯარიმება კი არა, ხელშეწყობა და მხარდაჭერა სჭირდება. სახერხს კანონიერად, წესების დაცვით მოაწყობს, – ეს, მისი თქმით, რთული ნამდვილად არაა, თუმცა სამასალე მორის მოპოვებას კანონი უკრძალავს. ამიტომ ის იძულებულია, კანონი დაარღვიოს.

„წლებია, ხელისუფლება „საქმიანი ეზოს“ მოწყობას და სამასალე მერქნის კანონიერად მოპოვებას გვპირდება, – ამბობს ნოდარ ბაბლიძე, – არაფერი ჩანს სასიკეთო. ამ დაგვიანებით ხელისუფლება კანონის დარღვევისკენ გვიბიძგებს.

მსხვილ ბიზნესმენებს ყველაფრის უფლება აქვთ. ჩვენ კი, თავი რომ ვირჩინოთ, იმის შესაძლებლობასაც გვისპობენ. სასამართლო ჯერ არ ჩატარებულა. სავარაუდოდ, 50 ათასი ლარით დამაჯარიმებენ. ამ თანხას ვერ გადავიხდი და არც ის ვიცი, შემდეგ რა მოხდება“.

საბეში მცხოვრები სოციალურად დაუცველი ბახვა ბუხნიკაშვილი აპრილში გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა აკაციის 10 სმ-იანი სარების მოპოვებისთვის 530 ლარით დააჯარიმეს.

ბახვა ამბობს, რომ ოქმის მიხედვით, მან 30 ლარი ღირებულების აკაცია მოჭრა. მისგან გარემოზე მიყენებული ზარალი კი სასამართლომ 500 ლარად შეაფასა.

„სარები ეზოში ვაზის ხეივნისთვის მჭირდებოდა, – ამბობს ბახვა ბუხნიკაშვილი, – სამასალე მერქანი სოფელში ყველა ოჯახს სჭირდება. 530 ლარი ჩემი ვაზის ხეივანი სულ არ ღირს. არ მაქვს საშუალება და ვერ გადავიხდი. თუ დამიჭერენ, აგერ ვარ, ბატონო, და დამიჭირონ.

ორი შვილი მყავს. მე და დედაჩემი ვზრდით. სოფლიდან წასასვლელი არსად მაქვს. ხომ შეიძლებოდა, ჩემს მდგომარეობაში შესულიყვნენ და არ დავეჯარიმებინე?!

წლებია, საბუთს აღარ გვიწერენ, რომ ხე-ტყე კანონიერად მოვიპოვოთ. ას ლარზე მეტი ხომ არ ეღირება ერთი კბმ მასალა?! გავიჭირვებ და გადავიხდი, რადგან ძალიან მჭირდება.

სად მაქვს იმის საშუალება, სხვა რაიონში წავიდე და მასალა იქ ვიყიდო?! სოფელში ახალგაზრდები ისედაც ცოტა დავრჩით. ვერც შეშა მოგვიტანია და ვერც ეზო შემოგვიღობავს. სოფელი სულ ხომ არ უნდა გაპარტახდეს“?!

მოსახლეობის ამ პრობლემას კარგად იცნობს ხარაგაულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე, საღანძილის თემის მაჟორიტარი დეპუტატი დავით კიკნაძე.

„ჩხერიმელას ხეობის სოფლებში მოსახლეობა, წლების განმავლობაში, ძირითადად, თავს ავეჯის წარმოებით ირჩენდა. 2005 წლიდან სახელმწიფომ მცირე ოდენობით სამასალე ხე-ტყის მოპოვება აკრძალა, – ამბობს დავით კიკნაძე, – სოფლად მცხოვრებმა ავეჯის მწარმოებლებმა სახლები დაკეტეს და საცხოვრებლად რაიონს გარეთ წავიდნენ. ხარაგაულში სოფლების დაცლის ერთ-ერთი მიზეზი სამასალე ხე-ტყეზე ხელმიუწვდომლობაც იყო.

სამი წელია, ავეჯის მწარმოებლებს უფლება აქვთ, სამასალე მერქანი აუქციონით შეიძინონ. გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ პირებთან ამ საკითხზე სულ ვკამათობთ, რომ სამასალე მერქანი ფერმერისთვის ადვილად ხელმისაწვდომი გახდეს. თუმცა, ჯერჯერობით, არაფერი შეცვლილა“.

ინდმეწარმე მალხაზ ყრუაშვილი, ათეული წლებია, ავეჯს ამზადებს. ის დახერხილ ფიცარს ყიდულობს. მისი თქმით, ერთი კბმ ფიცრის ფასი ბაზარზე 950 ლარიდან იწყება.

„სამასალე მერქანი აუქციონით იყიდება, – ამბობს მალხაზ ყრუაშვილი, – თუმცა, მე მის ყიდვას ვერ ვახერხებ და ბაზარზე ფიცრის შეძენა მირჩევნია. თან, ხარაგაულში სახერხი აღარავის აქვს, რომ მორი დამიხერხოს. გლეხი ვერც აუქციონში მონაწილეობას და ვერც ბაზარზე ფიცრის ყიდვას შეძლებს. ყველაფერი გართულებულია“.

„დაჯარიმება კი არა, ხალხს სამასალე ხე-ტყის მოსაპოვებლად ბარათები უნდა მისცენ, – ამბობს ხარაგაულის სატყეო მეურნეობის ყოფილი ხელმძღვანელი კობა ყრუაშვილი, – მოსახლეობა იძულებულია, ხის მასალა თვითნებურად მოიპოვოს. საბარათე სისტემაზე უკეთესი ჯერ არავის არაფერი მოუგონია.

ჩვენს ტყეებს აქვს სწრაფი თვითაღდგენის უნარი. ხე, ზრდასრულ ასაკს რომ მიაღწევს, უნდა მოიჭრას. წინააღმდეგ შემთხვევაში დეგრადირდება და ლპობას იწყებს. აუარებელი სამასალე ხე-ტყე ჩვენს ტყეებში ყოველწლიურად გამოუსადეგარი ხდება.

ძალიან ბევრჯერ დავაყენე ეს საკითხი გარემოს დაცვის სამინისტროს პასუხისმგებელ პირებთან, მინისტრის ჩათვლით. ციფრებით დავუსაბუთე მათ, თუ რამდენ თანხას კარგავს ყოველწლიურად ხარაგაული სამასალე ხე-ტყიდან. მოგეხსენებათ, ბუნებრივი რესურსებიდან მიღებული შემოსავალი 100 %-ით რჩება ადგილობრივ ბიუჯეტში.

თუმცა, სამასალე ბარათების შემოღებას დღემდე არ დაადგა საშველი. სოფლად მცხოვრებ ადამიანს ტყეში შესვლისა და აქედან გარკვეული შემოსავლის მიღების შესაძლებლობა რომ ექნება, მთავრობისგან ყველაფერში დახმარება აღარ დასჭირდება და სოფლებიც აღარ დაიცლება. იმედია, ეს პრობლემა მალე გადაიჭრება“.

საქართველოს პარლამენტისგან 2020 წელს მიღებული „ტყის კოდექსით“ მუნიციპალიტეტებში იქმნება ე. წ. „საქმიანი ეზოები“, სადაც როგორც საშეშე, ისე სამასალე მერქანი, საბაზრო ფასებთან და აუქციონთან შედარებით, იაფად გაიყიდება.

სატყეო სააგენტო ხარაგაულში „საქმიანი ეზოს“ ამოქმედებას 2021 წელს გვპირდებოდა. შემდეგ ეს ვადა 2022 წლისთვის გადაიწია.

ეროვნული სატყეო სააგენტოდან ახლახან მოპოვებული ინფორმაციით, ხარაგაულში „საქმიანი ეზოს“ მშენებლობას 2023 წლიდან აპირებენ.

„ამჟამად საქმიანი ეზოები საქართველოს 43 მუნიციპალიტეტში, მათ შორის ხარაგაულთან ახლოს – ზესტაფონსა და ხაშურშია მოწყობილი, – ეს პროცესი ეტაპობრივად მიმდინარეობს. ხარაგაულში „საქმიან ეზოს“ 2023 წელს, სავარაუდოდ, ხევსა და დიდვაკეში მოვაწყობთ“, – გვიპასუხეს სატყეო სააგენტოდან.

„საქართველოში საქმიანი ეზოების შექმნას მეტი ფინანსური რესურსი სჭირდებოდა. ეს ხარვეზია და უნდა შეივსოს, – ამბობს კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) გარემოსდაცვითი პროექტების კოორდინატორი რეზო გეთიაშვილი, – ხარაგაულში ყველაზე დიდი პოტენციალია ამის შესაქმნელად.

მეორე საკითხია, რამდენად მზად ვიქნებით 2023 წლისთვის, რომ სოციალური ჭრები მთლიანად აიკრძალოს და საშეშე თუ სამასალე მერქანი მხოლოდ „საქმიან ეზოებში“ გაიყიდოს. ხელისუფლებას ამ მხრივაც მეტი მუშაობა მართებს, რომ მომავალ წელს ეს პროცესი კი არ გადავადდეს, არამედ, დაუყოვნებლივ აღსრულდეს“.

ნინო კაპანაძე

ამავე თემაზე

მოსახლეობას შეშის მოპოვებაში დახმარება სჭირდება