ზამთარში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში გათბობის ძირითად საშუალებად კვლავაც შეშა რჩება.

მოსახლეობას მისი შეძენა უჭირს, რადგან შეშის ბარათის აღება, შემდეგ საშეშე მერქანის ტყეკაფში მოჭრა და სახლამდე ტრანსპორტირება ათას ლარამდე მაინც ჯდება.

სხლითში მცხოვრები ნუგზარ ლომსაძე ამბობს, რომ ზამთრისთვის შეშის მომარაგების კუთხით ბევრი პრობლემაა.

„ჩვენი სოფელი ტყეშია ჩაფლული. ხეები თუ არ გავჩეხეთ, გზაზე ვერ გავივლით და მიწას ვერ დავამუშავებთ, – გვიამბობს ნუგზარი ლომსაძე, – ერთი ჰა მიწა მაქვს, ზამთრისთვის ხეებს იქ ვჭრი და მყოფნის. ვისაც ეს არ აქვს, ისინი როგორ მოიქცნენ? რატომ უნდა წავიდეს შეშის მოსაპოვებლად კაცი სხლითიდან ტყეკაფში, 60 კილომეტრის დაშორებით, როცა ტყე აქვეა?!

შეშა ისე უნდა მოიჭრას, როგორც საჭიროა – ზოგს გასხვლა უნდა, ზოგსაც – გამოხშირვა. ამასთანავე, ტყეში ბევრი ნაყარია, სულ უპატრონოდ მიტოვებული.

არ ვიცი, ვინ არის ჩვენი სოფლის მეტყევე. სიმართლე რომ გითხრათ, არ დამჭირვებია და არ მიძებნია, მაგრამ მოსახლეობა ხომ უნდა ვიცნობდეთ. საგანმანათლებლო და შემეცნებით საქმიანობას არავინ აწარმოებს. რჩევა-დარიგებასაც არავინ გვაძლევს.

სატყეოდან მხოლოდ დასაჯარიმებლად მოდიან. ამ დროს, ტყეებიდან შეშა დიდი ავტომობილებით გააქვთ.

ხე შენს საკუთარ ადგილშიც რომ მოჭრა, რწმუნებულის ხელწერილი გჭირდება, რომ ის ადგილი ნამდვილად გეკუთვნის. თან ცნობა იმ დღეს უნდა იყოს დაწერილი. ამის გამო ჩემი მეზობელი დააჯარიმეს. სასაცილოა პირდაპირ“.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სატყეო უბნის უფროსი სოსო ფოფხაძე აღნიშნავს, რომ საშეშე მერქნის ბარათების გაცემაზე პრობლემა არ არის. შესაბამისი პროცედურის გავლის შემდეგ მოქალაქეს შეშის მოჭრა თავისუფლად შეუძლია.

სოსო ფოფხაძის ინფორმაციით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში 20 საბავშვო ბაღი, 21 სკოლა და ორი საბიუჯეტო ორგანიზაცია – სამუსიკო სკოლა და მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლი, ივნისში შეშით უკვე მოამარაგეს.

სოციალურად დაუცველი ოჯახებისთვის სატყეო შეშას ადგილობრივ თვითმმართველობას უფასოდ გადასცემს. ეს პროექტი, სოსო ფოფხაძის თქმით, წელსაც განხორციელდება.

– ბატონო სოსო, მოქალაქემ საშეშე მერქანი როგორ უნდა მოიპოვოს?

– მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს ტყის მცველს, რომელიც სპეციალურ კოდს მისცემს. შემდეგ უნდა მივიდეს ლიბერთი ბანკში, აღნიშნული კოდის გამოყენებით გადაიხადოს მომსახურების თანხა, – ერთ კბმ შეშაზე ექვსი ლარი, აიღოს ქვითარი და მეტყევის მიერ მითითებულ ტყეკაფში მოჭრას შეშა. საშეშე ბარათები ზამთრის პერიოდშიც არ გამოგვლევია. მოქალაქეს ნებისმიერ დროს შეუძლია, მოგვმართოს.

– ხარაგაულის მუნიციპალიტეტში მაცხოვრებელმა როგორ უნდა შეიძინოს სამასალე მერქანი?

– სამასალე ხე-ტყე აუქციონის წესით იყიდება. წელს სატყეოსგან დამზადებული სამასალე მერქანი ხარაგაულის მუნიციპალიტეტში აღარ არის დასაწყობებული.

– აგვისტოში ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ხე-ტყის უკანონოდ მოპოვების რამდენი ფაქტი დაფიქსირდა?

– შვიდი ფაქტი გამოვლინდა. ეს ბევრი არ არის. ყველას ვურჩევ, ხე-ტყე უკანონოდ არ მოჭრან, რადგან ამაზე დიდი სანქციებია. ერთ ოჯახს შვიდი კბმ შეშა ეკუთვნის. ეს თბობის სეზონზე სავსებით საკმარისია. 42-ლარიანი ქვითრის აღებით 1500-ლარიან ჯარიმას აიცილებთ.

ყველაზე დიდი ტყეკაფი რიკოთზე გვაქვს. აქ შესაბამისი ტექნიკით გზებიც გავიყვანეთ.

– როდის ამოქმედდება ხარაგაულში „საქმიანი ეზოები“?

– წელს უნდა გახსნილიყო, მაგრამ პანდემიის გამო ეს პროცესი 2022 წლამდე გადაიდო. ამ კუთხით ჯერ კიდევ ბევრი საქმეა გასაკეთებელი. კოდექსით გათვალისწინებულია, რომ 2022 წლიდან არა მხოლოდ ხარაგაულის, არამედ, ზოგადად, ეროვნული სატყეო სამსახური, საქმიანი ეზოების პრინციპზე უნდა გადავიდეს. აქედან გამომდინარე, „საქმიანი ეზოების“ გახსნა 2022 წლის შემდეგ ვეღარ გადაიდება.

„საქმიანი ეზოები“ ხევში, დიდვაკესა და კიცხში მოეწყობა და მუნიციპალიტეტის ყველა სოფლის მოსახლეობას მოემსახურება.

გთავაზობთ ხარაგაულში მოქმედი სატყეო უბნების ტყის მცველთა ტელეფონის ნომრებს:

რიკოთხევის სატყეო უბანი – ერასტი ღამბაშიძე- 595 000 362;
წიფის სატყეო უბანი – ერასტი ღამბაშიძე- 595 000 362;
საქასრიის სატყეო უბანი – ზვიად ლომიძე- 555 330 942;
ბორითის სატყეო უბანი – პაპუნა ჭიპაშვილი- 595 000 064;
ვარძიის სატყეო უბანი – კახაბერ ხიჯაკაძე – 599 898 847;
ზვარეს სატყეო უბანი – მურმან ფერაძე- 593 475 940;
მოლითის სატყეო უბანი – მერაბ ტალახაძე- 595 600 434;
ფარცხნალის, ხიდარის, ვანისა და სხლითის სატყეო უბანი – გოგი ბერაძე – 557 304 275;
მეხანძრე-დარაჯი – ლევან სახვაძე – 598 230 783.