აგვისტოდან საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგში შემავალი „რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის“ თანამშრომლებს ხელფასების გაზრდას ჰპირდებიან.
ეს ინფორმაცია სამედიცინო ჰოლდინგმა სოციალური ქსელით გაავრცელა.
სამედიცინო ჰოლდინგის ინფორმაციით, ამ ცენტრში დასაქმებულებს ხელფასები მოემატებათ ხარაგაულის, ბორითის, ამბროლაურის, ონის, ცაგერის, ლენტეხის, ბაკურიანის, წალკის, თეთრიწყაროს, დმანისის, ყაზბეგის, თიანეთის, გუდაურის, დედოფლისწყაროს, დუისის, ლანჩხუთისა და ზუგდიდის სამედიცინო დაწესებულებებში.
აღნიშნული სახელფასო ცვლილება შეეხება 1030 თანამშრომელს – როგორც მედპერსონალს, ისე ადმინისტრაციის თანამშრომლებს. მათი სახელფასო ანაზღაურება, დაახლოებით, 50%-ით გაიზრდება.
„რეგიონული ჯანდაცვის ცენტრი – ხარაგაულის“ აღმასრულებელი დირექტორი გიორგი ამურველაშვილი ამბობს, რომ ოფიციალური დოკუმენტი ხელფასების ზრდის შესახებ ჯერ არ მიუღიათ.
ამ დრომდე მინიმალური ხელფასით მუშაობენ ექთნები. მათი ანაზღაურება სტაციონარში მორიგეობისას საათში 1 ლარი და 51 თეთრია. ემერჯენსსა და რეანიმაციაში მორიგეობისას მათ 24 საათში 28 ლარს უხდიან. თვეში ექთნის ხელფასი 350-დან 400 ლარამდე მერყეობს.
ხარაგაულის საავადმყოფოდან ერთ-ერთი ექთანი ემიგრაციაში წავიდა. სტაციონარში კოლეგების სიმცირის გამო, ექთნებს გადაბმულად – უმეტესად 48-საათიანი, ზოგჯერ კი 72-საათიანი მორიგეობა უწევთ.
ახლახან საავადმყოფოებში დასაქმებულთა შრომითი პირობები შრომის ინნპექციამ შეამოწმა. მათ მედპერსონალს უთხრეს, რომ 48-საათიანი მორიგეობა დაუშვებელია.
„28 ლარს ვიღებთ ერთ მორიგეობაში, – ამბობს ხარაგაულის საავადმყოფოს ერთ-ერთი ექთანი, – ექიმი კი – 250 ლარს. ეს დიდი უთანასწორობაა. თუ ხელფასები 50%-ზე ნაკლებით გაგვიზარდეს, ვეღარ მოვითმენთ და გავაპროტესტებთ. ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს აქვს საზღვარი. მალე, შესაძლოა, ხარაგაულის საავადმყოფო ექთნების გარეშე დარჩეს“.
ამავე თემაზე დაგაინტერესებთ
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების
რიკოთის ავტობანიდან ხარაგაულამდე შემოსასვლელი გზა, ფაქტობრივად, დაგრძელდა.
ხარაგაულის თანამედროვე სამედიცინო აპარატურით აღჭურვილ საავადმყოფოში