2021-2022 წლების ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა.

ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსში წელს ხარაგაულიდან ხუთი სკოლის (ხარაგაულის#2, კიცხის, ვარძიის, ლაშის, ლეღვნის) ეკოკლუბი  ჩაერთო.

სასკოლო კონკურსის პირველი ტური დასრულდა. დაგროვილი ნერგების მიხედვით, ნახევარფინალში გადასული სკოლების ეკოკლუბები ჟიურის წინაშე თავიანთ აქტივობების წარსადგენად ემზადებიან.

ხარაგაულიდან ნახევარფინალში ოთხი სკოლის ეკოკლუბი გადავიდა:

  • „ქლოროფილია“ (ხარაგაულის #2 სკოლა) – 2260 ნერგი;
  • „მწვანე ხელები“  (კიცხის საჯარო სკოლა) – 2220 ნერგი;
  • „დედამიწა ჩვენი სახლია“ (ლაშის საჯარო სკოლა) – 524 ნერგი;
  • „მწვანეები“ (ვარძიის საჯარო სკოლა) – 510 ნერგი.

ნახევარფინალურ ეტაპზე ყველაზე მეტი ნერგის მქონე ხუთი სკოლა ფინალში ავტომატურად მიიღებს მონაწილეობას. ამ დროისთვის კონკურსში ნერგების დაგროვება შეწყდა.

კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე ხელები“ „ნიკო კეცხოველის პრემიის“ ფინალში შარშან მეორე ადგილი მოიპოვა. ამ კლუბის ლიდერი შოთა ზვიადაძე იმედოვნებს, რომ წელს მისი გუნდი კონკურსის ფინალში აუცილებლად მოხვდება.

„მთელი წლის განმავლობაში უამრავი, მდგრადი განვითარების მიზნებზე მორგებული აქტივობა განვახორციელეთ. არ შემოვიფარგლეთ მხოლოდ დასუფთავების აქციით, გავმართეთ ონლაინ  პრეზენტაციები.

აქტივობები გავმართეთ აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაციასთან ერთად და ამ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ. ფუტკრის დღე მეფუტკრესთან სტუმრობით აღვნიშნეთ. გავეცანით ფუტკრის მოვლისა და გამრავლების წესებს.

დავინტერესდით და ჩვენი მასწავლებლის, ელისო არჯევანიძის, მხარდაჭერით ვისწავლეთ ცხვრის გაკრეჭვა, მატყლის დართვა და ამ მატყლისგან ძაფის მიღება. ამ აქტივობებს კონკურსის ჟიურის წინაშე წარვადგენთ. ჟიური შეკითხვებს დაგვისვამს და ჩვენს აქტივობებს შეაფასებს. დარწმუნებული ვარ, კონკურსის ფინალში, შარშანდელის მსგავსად, დიდ წარმატებას მივაღწევთ“, – ამბობს შოთა ზვიადაძე.

– ნიკო კეცხოველის სასკოლო კონკურსი ყველაზე მასშტაბური, ხანგრძლივ პერიოდზე გათვლილი, მდგრადი კონკურსია, – ამბობს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ხარაგაულის კოორდინატორი თეა ტალახაძე, –  სკოლებს მთელი წლის განმავლობაში აქვთ საშუალება, ჩაერთონ აქტივობების განხორციელებაში; მოსწავლეებმა აიმაღლონ ცნობიერება ეკოლოგიის, გარემოს დაცვის, სამოქალაქო აქტივობის შესახებ. კონკურსში მონაწილეობა შეზღუდული არ არის. ოქტომბრიდან მაისის ჩათვლით ნებისმიერ დროს შეუძლია სკოლას, დაარეგისტრიროს ეკოკლუბი და შეუდგეს მუშაობას. ამ კონკურსით ბავშვები ეცნობიან თანატოლებს, საქართველოს მასშტაბით, უმეგობრდებიან და ერთობლივ აქტივობებს გეგმავენ.

კონკურსში ჩართული სკოლები ესწრებიან საგანმანათლებლო ვებინარებს, მონაწილეობენ  მინიკონკურსებში, სწავლობენ კვლევა-ძიებას, წერას, გარემოზე ზრუნვას, ფიქრობენ გლობალურად და ცდილობენ, ცვლილებები დაიწყონ მცირე ნაბიჯებით.

კონკურსი მოსწავლეებს მდგრადი განვითარების  ჩვიდმეტი მიმართულებით ფიქრისა და განვითარების საშუალებას აძლევს. ეს არის უდიდესი გამოცდილება, განვითარების გზაზე“.

წელს ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ფინალი 27 ივლისს გაიმართება.

ნახევარფინალების ინსტრუქციებს, დეტალურ ინფორმაციას შეხვედრების ჩატარების ადგილმდებარეობისა და თარიღების შესახებ ინფორმაციებს ნახევარფინალში გადასული სკოლები ელექტრონული ფოსტის საშუალებით მიიღებენ.

წარმატებებს ვუსურვებთ პროექტში ჩართულ ხარაგაულის სკოლებს.

თამთა გოგოლაძე

ფოტოებზე – კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის „მწვანე ხელები“ წევრები ლიანა ღონღაძისგან მივიწყებულ ტრადიციას – ცხვრის მატყლისგან ძაფის დართვას ეცნობიან.