კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „მწვანე ხელები“ გასულ წელს კონკურსზე „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ მეორე ადგილი მოიპოვა და 6 ათას ლარიანი გრანტიც დაიმსახურა.
ეკოკლუბის წარმატებაში დიდი წვლილი ხელმძღვანელს, კიცხის სკოლის ქიმიის პედაგოგ ელისო არჯევანიძეს მიუძღვის. ელისო მასწავლებელი ინოვაციური პროექტების მოძიებასა და წარმატებით განხორციელებას მუდმივად ცდილობს. ელისო არჯევანიძეს მიღწეულ წარმატებაზე, სამომავლო გეგმებსა და განათლების სისტემის გამოწვევებზე ვესაუბრეთ.
– ქალბატონო ელისო, როგორ ჩაერთეთ ამ კონკურსში და რის გაკეთებას გეგმავთ საგრანტო დაფინანსებით?
– პროექტში „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ხარაგაულიდან პირველად ბაზალეთის საჯარო სკოლა ჩაერთო, პედაგოგ თეა ტალახაძის მონაწილეობით. ამ პროექტით მეც დავინტერესდი და რჩევები თეას ვკითხე. მისი ხელშეწყობით აქტივობების განხორციელება დავიწყეთ. პირველ წლებში მხოლოდ ნახევარფინალში გადავდიოდით.
ბოლო რამდენიმე წელია, უფრო გავაქტიურდით, – სამჯერ ფინალში გადავედით და საუკეთესოთა ათეულშიც მოვხვდით. ამ კონკურსში აქტიური მონაწილეობით ყოველწლიურად უამრავ საჩუქარს ვიღებთ; ეკოკლუბს სხვადასხვა მუზეუმებისა და ბანაკების საგზურებით აჯილდოებდნენ, გვიწყობდნენ ექსკურსიებს.
ჩვენი ეკოკლუბის წარმატება ეკოსპიკერის, შოთა ზვიადაძის, დამსახურებაცაა. შესაძლოა, წლის განმავლობაში ბევრი აქტივობა განახორციელო, თუმცა, ჟიურის ეფექტურად ვერ წარუდგინო. შოთა, როგორც ეკოსპიკერი, ამ წლების განმავლობაში ძალიან დაიხვეწა. პრეზენტატორის კარგი უნარები აქვს და ყოველ წელს ჟიურის სიმპატიას იმსახურებს. შარშან შოთა ზვიადაძე „საუკეთესო ეკოსპიკერად“ დასახელდა.
კონკურსში მეორე ადგილის მოპოვების შემდეგ 6 ათას ლარიანი გრანტი გადმოგვეცა. გვინდა, რომ ამ თანხით კიცხის სკოლის ახალი შენობის ეზოში სკვერი მოვაწყოთ.
– რა აქტივობებს ახორციელებთ წელს პროექტის – „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ – ფარგლებში?
– სოფლის მეურნეობის მივიწყებული დარგები გვინდა წამოვწიოთ. ათეული წლების წინ კიცხში მევენახეობა ყვაოდა, შემდეგ კი მოსახლეობამ ვაზის გაჩეხვა დაიწყო. რამდენიმე წელია, კიცხში ვაზის გაშენება კვლავ დაიწყეს. ეკოკლუბის წევრებთან ერთად კიცხელ მევენახესა და მეფუტკრეს სოსო გაგოშიძეს ვესტუმრეთ. მან ჩვენ მოსწავლეებს აჩვენა, თუ როგორ გამოჰყავს ვაზის ნერგები. ეკოკლუბის წევრებმა ვაზის დარგვაშიც მიიღეს მონაწილეობა და გამოთქვეს სურვილი, ვენახის მოვლაში სამომავლოდაც ჩაერთონ.
ბატონმა სოსომ ბავშვებს ასევე აუხსნა, როგორ უვლის ფუტკარს და ამ საქმიანობით მოზარდები ძალიან დაინტერესდნენ. დაგეგმილი გვაქვს, შევხვდეთ ვარძიელ ქალს, რომელიც ცხვრის მატყლისგან ძაფს ართავს. მოსწავლეებმა ცხვრის გაპარსვაში მონაწილეობა უკვე მიიღეს. ახლა ვისწავლით, როგორ მზადდება ცხვრის მატყლისგან ძაფი.
სკოლის ეზოში მიწა დავამუშავეთ. მოსწავლეებმა საკუთარი ხელით შეიტანეს მასში ნაცარი და ნაკელი. წელს მხოლოდ ბოსტნეული დავთესეთ. ვცდილობთ, მოსწავლეებს ვასწავლოთ, რომ ნაკლებად გამოიყენონ ქიმიური სასუქები და ცხოვრების ჯანსაღი წესი დაიცვან.
ყველა ეს აქტივობა მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურება – „ჯანმრთელი ცხოვრება და კეთილდღეობა“, „მდგრადი მოხმარება და წარმოება“, „სიღარიბის აღმოფხვრა“, „ნულოვანი შიმშილი“. პროექტში ჩართული მოსწავლეები შრომას ეჩვევიან. დარწმუნებული ვარ, ამ ცოდნას, სამომავლოდ, ყოველდღიურ საქმიანობაში გამოიყენებენ.
– ქალბატონო ელისო, მასწავლებლობა რატომ გადაწყვიტეთ და სპეციალობად ქიმია როგორ აირჩიეთ?
– ბავშვობაში, ჩემზე შვიდი წლით უმცროს ძმას გაკვეთილებს „ვუტარებდი“. ძალიან მინდოდა, ქართული ენის მასწავლებელი გამოვსულიყავი. წყალაფორეთის სკოლა დავამთავრე. ძალიან მიყვარდა ჩემი ქართული ენის მასწავლებელი რუსუდან ქველაძე. შემდეგ ისე მოხდა, რომ საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტის დაუსწრებელი სწავლების განყოფილებაზე, ქსოვილების ტექნოლოგიის სპეციალობით, ჩავირიცხე. პარალელურად, 1993 წელს, ვარძიის სკოლაში ქიმიის მასწავლებლად დავიწყე მუშაობა. ამჟამად ქიმიას კიცხისა და ვარძიის სკოლებში ვასწავლი.
ქუთაისში, ჩემი სპეციალობით, აბრეშუმკომბინატში ვმუშაობდი. მას შემდეგ დაინტერესებული ვარ აბრეშუმის ჭიის მოშენებით. გავიკითხე და მითხრეს, რომ ძველი თუთის ხეები მათ გამოსაკვებად უვარგისია, ყველა უნდა გადაიჩეხოს და ახალი განვითარდეს. ძალიან მინდა, მოსწავლეებს ვაჩვენო, როგორ ახვევს აბრეშუმის ჭია აბრეშუმის პარკს. თუმცა, ჯერჯერობით ვერ მოვახერხე. ვიმედოვნებ, ამ ჩანაფიქრის განხორციელების შესაძლებლობა მომეცემა.
– თქვენი აზრით, მოსწავლეებს სწავლის მიმართ მოტივაცია როგორ უნდა გაეზარდოთ?
– მოსწავლეებს ხშირად ვეუბნები, რომ სკოლაში ყველა საგანი უნდა ისწავლონ და ზოგადი განათლება მიიღონ. ცხოვრებაში რა და როგორ დაგვჭირდება, წინასწარ არავინ ვიცით. ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ქიმიის მასწავლებელი გავხდებოდი. ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მძიმე პერიოდში მომიწია სტუდენტობა. ჩვენს თაობას სპეციალობა, ფაქტობრივად, წაგვართვეს, რადგან საფეიქრო წარმოება ქვეყანაში ვეღარ ვითარდება. ყველა ჩემს ჯგუფელს სპეციალობაში გადამზადება დაგვჭირდა. ეს რომ შეძლო, სკოლიდან სხვა საგნებშიც კარგი საფუძველი უნდა გქონდეს.
თანამედროვე მიდგომებით, ყველა მოსწავლეს თავისი შესაძლებლობების მიხედვით უნდა ვასწავლოთ. გაკვეთილებზე ვცდილობ, მათ არა მხოლოდ წიგნში მოცემული ფორმულა ან წესი დავაზეპირებინო, არამედ უფრო მეტი ყურადღება გავამახვილო, თუ როგორ უნდა გამოიყენოს ეს წესი ყოველდღიურ ცხოვრებაში.
სხვადასხვა რესურსებს მოვიძიებ და მოსწავლეებს ინფორმაციებს ვაწვდი, მაგრამ სახლში მოსწავლე მხოლოდ სახელმძღვანელოს იყენებს, სადაც მწირი ინფორმაციაა მოცემული; დამატებით მასალას აღარ ეცნობა. გაკვეთილზე ყველაფრის მოსწრება რთულია. ამიტომ მოსწავლეებს სოციალურ ქსელში შექმნილ ჯგუფებში ვუკავშირდები და დამატებით ვმუშაობთ, მაგრამ ზოგიერთ მოსწავლეს ინტერნეტი საერთოდ არ აქვს.
საბუნებისმეტყველო საგნებში სწავლისადმი მოტივაციის გაზრდა პრაქტიკული სამუშაოებით შეიძლება. ვცდილობ, გაკვეთილებზე მოსწავლეებს ვიდეოცდები ვაჩვენო. თუმცა, უმჯობესია, ქიმიური ცდების ჩატარების შესაძლებლობა საკლასო ოთახში გვქონდეს. თითქმის არც ერთ სკოლაში სრულყოფილი ქიმიური ლაბორატორია აღარაა. ლაბორატორიას სკოლის ბიუჯეტით ვერ მოაწყობ, რადგან ქიმიური ნაერთები საკმაოდ ძვირია, ეს სახელმწიფომ უნდა მოაწესრიგოს. ვფიქრობდი, კიცხში ახალ სკოლაში ახალი ლაბორატორია გვექნებოდა; თუმცა, ჯერ არაფერი ჩანს.
განათლების ექსპერტებმა უნდა იფიქრონ და იმუშაონ, რომ მოსწავლეებისთვის სწავლა უფრო საინტერესო გახდეს.
– თქვენს პედაგოგიურ საქმიანობაში თუ იყო ისეთი მნიშვნელოვანი მომენტები, როცა თავი განსაკუთრებულად გამარჯვებულად და ამაყად იგრძენით?
– პატარა გამარჯვებისა და კმაყოფილების გრძნობა პედაგოგს შეიძლება ყოველდღიურად ეუფლებოდეს. მშობელთან კარგი კომუნიკაცია, მოსწავლისგან ნდობა და სიყვარული დიდი წარმატებაა. ამჟამად წამყვანი მასწავლებელი ვარ. ვემზადები გამოცდისთვის, რომ მენტორი მასწავლებელი გავხდე. მაინტერესებს და ვიბრძვი წინსვლისთვის. თუ გამომივა, კარგი იქნება და თუ ვერ შევძლებ, მიზეზს საკუთარ თავში მოვძები. ყოველთვის ვცდილობ, განათლების სისტემაში ცვლილებებს ფეხი ავუწყო. თუ მუდმივად არ განვითარდი, მხოლოდ გაკვეთილების ჩატარებით, კარგ შედეგებს ვერ მიაღწევ.
– ოჯახურ საქმიანობასა და პროფესიულ საქმინობას როგორ უთავსებთ ერთმანეთს?
– დიდი გამოწვევაა, ყველაფერი მოასწრო, – იყო კარგი მასწავლებელი, განახორციელო პროექტები და თან ყურადღება არ მოაკლო ოჯახს. ამ ყველაფერს მეუღლის დახმარებით ვახერხებ. ჩემი მეუღლე ყოველთვის ინტერესდება ჩვენი აქტივობებით და ყველანაირად ხელს მიწყობს.
ძალიან მეხმარება კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი და მთლიანად პედაგოგიური კოლექტივი. მათი მხარდაჭერა მაძლიერებს, მაბედნიერებს და ათმაგად ვიხარჯები.
– წარმატებებს გისურვებთ თქვენს საქმიანობაში.
თამთა გოგოლაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი