კიცხის საჯარო სკოლის ეკო კლუბმა „მწვანე ხელები“ „ნიკო კეცხოველის პრემია – 2021“-ის ფინალში მეორე ადგილი დაიკავა.
გარდა ამისა, „მწვანე ხელების“ წევრი შოთა ზვიადაძე „საუკეთესო ეკოსპიკერად“ დასახელდა. მას საჩუქრად ტექნიკის ვაუჩერი გადაეცა. ამასთანავე, ის „მომავალ ლიდერთა სკოლაში“ უფასოდ ისწავლის.
ეკოკლუბის ხელმძღვანელი ელისო არჯევანიძე ამბობს, რომ ამ პროექტში მონაწილეობა მათთვის დიდი გამოცდილება იყო.
„გამარჯვებამდე რამდენიმე ეტაპი გავიარეთ. ეს დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. აქტივობები მდგრადი განვითარების მიზნებს ემსახურებოდა. ეს პროექტი სკოლებისთვის კარგი შესაძლებლობაა, – მოსწავლის უნარებს მრავალმხრივ ავითარებს.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიაში“, როგორც პედაგოგი, მეექვსედ ვმონაწილეობ და უკვე მესამედ გავედით ფინალში. პარალელურად, ორი წელია, ვარძიის საჯარო სკოლის ეკო კლუბიც მყავს ამ პროექტში ჩართული.
სამწუხაროდ, წელს ისინი ფინალში ვერ გადავიდნენ. დიდი მადლობა ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის ჟიურის. ისინი ობიექტურ გადაწყვეტილებებს იღებენ. ეს ის პროექტია, სადაც რამეს თუ გააკეთებ, არაფერი დაგეკარგება. კიცხის სკოლის ეკოკლუბი ამ პროექტში მომავალ წელსაც აუცილებლად ჩაერთვება“, – ამბობს ელისო არჯევანიძე.
„საუკეთესო ეკოსპიკერი“ შოთა ზვიადაძე ამბობს, რომ ეს წარმატება მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა.
„ამ პროექტის ფარგლებში მე და ჩვენი გუნდის წევრები შეუჩერებლად ვმუშაობდით. სხვადასხვა აქტივობებს ვახორციელებდით, რაც პოზიტიურად მოქმედებდა ჩვენს სოფელზეც.
საკმაოდ კარგად მომზადებულები ვიყავით და საკუთარი შესაძლებლობები მაქსიმალურად წარმოვაჩინეთ. ჩვენმა შრომამ ნაყოფი გამოიღო. ეს გამარჯვება ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის, რადგან დავრწმუნდი, რომ შრომა უშედეგოდ არ იკარგება“, – აღნიშნავს შოთა.
„ჩვენი სკოლა, დიდი ხანია, ამ პროექტშია ჩართული, – ამბობს კიცხის სკოლის დირექტორი თამარ წიწილაშვილი, – თავდაპირველად ჩვენს ეკოკლუბს პატარა მიღწევები ჰქონდა. თუმცა, ბოლო წლებია, პროექტში საკმაოდ მაღალი შეფასებები დავიმსახურეთ.
ჩვენი ეკოკლუბის წევრები და მათი პედაგოგი ბევრს შრომობენ, უყვართ ეს პროექტი და შესაბამისად წარმატებაც არ აყოვნებს. „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ ხელს უწყობს ისეთი თაობების აღზრდას, რომლებმაც იციან, თუ რა მნიშვნელობა აქვს ბუნების მოფრთხილებას. ეს ძალიან მნიშვნელოვანია“.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის – 2021“ აქტივობები 2020 წლის პირველ დეკემბერს დაიწყო და 2021 წლის 30 ივნისს დასრულდა.
ფინალში იმერეთიდან ხუთი სკოლა – ხარაგაულის #2, ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ როკითის, საჩხერის #2, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ კიცხისა და საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ქორეთის საჯარო სკოლები მონაწილეობდნენ.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ულოცავს კიცხის საჯარო სკოლას ამ დიდ გამარჯვებას და მომავალშიც წარმატებებს უსურვებს.
„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია“ – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – „ტყის მდგრადი მართვა საქართველოში“ ფარგლებში.
ის ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება.
ლიკა ხიჯაკაძე
ამავე თემაზე
კიცხის სკოლა დაჯილდოვდა
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი