ხარაგაულში ახლახან მასწავლებელთა კონფერენცია გაიმართა. პედაგოგებმა მესამე თაობის ეროვნული სასწავლო გეგმის სკოლაში დანერგვასა და წარმატებულ გამოცდილებაზე იმსჯელეს.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელმა მანანა ჩაჩუა-სახვაძემ ამ კონფერენციაზე კომპლექსურ დავალებებში მოსწავლეთა ჩართულობაზე გაამახვილა ყურადღება. მისი პრეზენტაცია ექსპერტებმა მაღალ დონეზე შეაფასეს და, არაერთ საუკეთესო პედაგოგთან ერთად, მასწავლებელთა რესპუბლიკურ კონფერენციაზე მიიწვიეს.

როგორ აირჩია პროფესია; მასზე რომ იყოს დამოკიდებული, გეოგრაფიის სწავლებაში რას და როგორ გააუმჯობესებდა;  როდის იგრძნო თავი ამაყად, როგორც მასწავლებელმა, – ამ და სხვა საკითხებზე მანანა ჩაჩუა-სახვაძე გვესაუბრება.

– პედაგოგობა ბავშვობიდან მომწონდა. დედაჩემი დაწყებითი კლასების მასწავლებელია. ამიტომ თანატოლებთან სულ მასწავლებლობანას ვთამაშობდი და ხელში „ჟურნალით“ დავდიოდი. ჩემთვის დედა ყოველთვის მოტივატორი იყო და მის აზრს დიდ პატივს ვცემდი. ამან განაპირობა ჩემი პროფესიული არჩევანი. 1993 წელს ფარცხნალის სკოლაში დავიწყე მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ პროფესიით ისტორიკოსი ვარ, ფარცხნალის სკოლის მაშინდელმა დირექტორმა იზა ბუაჩიძემ დამარწმუნა, რომ გეოგრაფიის სწავლებას შევძლებდი. ჩემი, როგორც პედაგოგად, ჩამოყალიბებაში უდიდესი წვლილი სწორედ იზა ბუაჩიძესა და ენდი ბუაჩიძეს მიუძღვით. მათ მასწავლეს, როგორ შევაყვარო მოსწავლეს საგანი და როგორ გავუძლიერო სწავლისადმი ინტერესი.

2007 წელს, ფარცხნალის სკოლის ოპტიმიზაციის შემდეგ, მუშაობა ხარაგაულის #3 სკოლაში გავაგრძელე. ამჟამად გეოგრაფიის სერთიფიცირებული, წამყვანი მასწავლებელი ვარ. სრული დატვირთვით ვმუშაობ – ბედნიერებაა, რომ ვემსახურები საქმეს, რომელიც ძალიან მიყვარს.

– რას ეხებოდა პრეზენტაცია, რომელიც ახლახან კონფერენციაზე წარმატებით წარადგინეთ?

– მეექვსე კლასში ვასწავლი საგანს – „ჩვენი საქართველო“. შარშან გაკვეთილზე, სადაც კომპლექსურ დავალებას განვიხილავდით, ექსპერტი ეკატერინე ჭელიძე დამესწრო. წელს მან გამოთქვა სურვილი, რომ გეოგრაფიის კომპლექსური დავალებები ენახა. მეშვიდე კლასში განვიხილავდით თემას „დედამიწა და ოულანკის ეროვნული პარკი“.

კომპლექსური დავალების მთავარი მიზანია, რომ მოსწავლემ შესასწავლი თემის ირგვლივ შექმნას პროდუქტი – ბუკლეტი, სტატია, პოდკასტი. ეს უკანასკნელი ჩემთვის და ჩემი მოსწავლეებისთვის სრულიად უცხო იყო. თუმცა, ეს სირთულეც დავძლიეთ და მოსწავლეებმა შექმნეს პოდკასტი, რომელიც ექსპერტს წარვუდგინეთ. კონფერენციაში ქალბატონი ეკატერინეს დაჟინებული თხოვნით ჩავერთე.

თანამედროვე მიდგომებით, მაქსიმალური ყურადღება სწავლების ხარისხს ექცევა. ადრე თუ იყო – „მოყევი გაკვეთილი, დაჯექი“, ახლა კომპლექსური დავალებების მომზადებისას მოსწავლე საკითხის ირგვლივ ღრმა ცოდნას იძენს, იწყებს მსჯელობას, იძიებს და სწავლობს ახალ ინფორმაციებს. მოსწავლეებს უვითარდებათ შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნება.

– თქვენ რომ ღებულობდეთ გადაწყვეტილებას, დღევანდელ სკოლებში რას და როგორ შეცვლიდით?

– სწავლების პროცესში მშობლების მაქსიმალურად ჩართვა აუცილებელია. თითოეულმა პედაგოგმა მოსწავლეებს სწავლისადმი მოტივაცია და ინტერესი უნდა გავუზარდოთ. ამისათვის სწავლის პროცესში თანამედროვე ტექნოლოგიები, თვალსაჩინოებები, სხვადასხვა აქტივობები უნდა გამოვიყენოთ.

გასულ წლებში ძალიან რთული წიგნებით ვსწავლობდით. ახლა გამარტივდა, თუმცა მაინც დასახვეწია. სახელმძღვანელოში მოცემული თეორიული მასალა მოსწავლისთვის მაქსიმალურად გასაგები, მოქნილი და მის გონებრივ შესაძლებლობებზე მორგებული უნდა იყოს.

– გეოგრაფიის სწავლების პროცესში რას და როგორ გააუმჯობესებდით?

– გეოგრაფიის სწავლება მეშვიდე კლასში იწყება და კვირაში მხოლოდ ორი საათი აქვს დათმობილი. თუ ამ კლასში მოსწავლემ საფუძვლიანი ცოდნა არ მიიღო, შემდგომ კლასებში ძალიან გაუჭირდება, – ან შესასწავლი მასალა უნდა შემცირდეს, ან საათების რაოდენობა უნდა გაიზარდოს.

– თქვენი ბავშვობისდროინდელი და დღევანდელი მოსწავლეები რით ჰგვანან და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან?
– თანამედროვე ბავშვები უფრო თამამები არიან. თუ რაიმეს ვერ გაიგებენ, შეგეკითხებიან, თავიანთ  აზრს გამოთქვამენ. ადრე მოსწავლე უფრო შებოჭილი იყო.

დღევანდელ მოსწავლეებს აქვთ ტექნოლოგიებთან წვდომა, რაც ძალიან კარგია. მათ აქვთ შესაძლებლობა, მეტი ცოდნა დააგროვონ ნაკლებ დროში. თუმცა, გამოწვევაც დიდია – ბავშვები ტელეფონებს უფრო მეტად თამაშისთვის იყენებენ. აუცილებელია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიები მოსწავლემ ცოდნის დასაგროვებლად გამოიყენოს და ამ დროს მშობლის მიდგომა გადამწყვეტია.

– როდის იგრძენით თავი, როგორც მასწავლებელმა, ყველაზე ამაყად და ბედნიერად?

– საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტთან თანამშრომლობით განვახორციელეთ პროექტი, რომელმაც ხარაგაულის მუნიციპალიტეტის 26 სკოლას შორის გაიმარჯვა და შემაჯამებელ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სასახლეში მიგვიწვიეს. ძალიან ამაყი და ბედნიერი ვიყავი, როცა გამარჯვებულებს შორის ხარაგაულის #3 სკოლა და ხელმძღვანელი მანანა ჩაჩუა გამოაცხადეს.

რომელ ქვეყანაში ცხოვრებას ისურვებდით?

– ორ ქვეყანაში ვარ ნამყოფი – თურქეთსა და რუსეთში. თეორიულად თითქმის ყველა ქვეყანას ვიცნობ. ჩემი ქვეყანა ძალიან მიყვარს და ამიტომ, საქართველოს გარდა, ცხოვრება ვერსად წარმომიდგენია.
– დედამიწის რომელი ადგილის მონახულება გსურთ ყველაზე მეტად და რატომ?

– ასეთი ადგილი ძალიან ბევრია. მათგან გამოვარჩევ გოლგოთის მთას, სადაც, სახარების მიხედვით, ქრისტე აწამეს. მთელი ჩემი ცხოვრება მუდმივად ვგრძნობ უფლის მხარდაჭერას.  ყოველთვის, როცა ჩემს ცხოვრებაში კრიტიკული მომენტებია, უცებ „გამოიდარებს“ ხოლმე, ამას უფლის ნებას ვუკავშირებ.

გამორჩეული ჰობი თუ გაქვთ?

– ლექსებს ვწერ, ჩანახატებს ვქმნი და ხანდახან ვხატავ ხოლმე. გამორჩეულად მაინც ლექსების წერა მიყვარს.

– ოჯახში სასათბურე მეურნეობა როგორ შექმენით?

– მძიმე წლები იყო, ფარცხნალის სკოლის ოპტიმიზაციის დროს საათებიც ცოტა მქონდა. ჩემს ახლობელს წყალტუბოში სასათბურე მეურნეობა ჰქონდა, – რომ ვნახე, მომეწონა. ფინანსური დაინტერესება იმდენად არ ყოფილა, – მე და ჩემს მეუღლეს მიწასთან მუშაობა ძალიან გვიყვარს. თან ვფიქრობ, რატომ უნდა იყიდო ბოსტნეული სოფელში მცხოვრებმა ადამიანმა, როცა მიწა გაქვს?!  ყოველდღე ჩავდივარ  და თითოეულ ნერგს ვაკვირდები, – ეს განტვირთვის საუკეთესო საშუალებაა. გონებრივი შრომის შემდეგ მიწასთან შეხების დროს თავს ძალიან კომფორტულად ვგრძნობ.

ცხოვრობთ აკადემიკოსებისა და საზოგადო მოღაწეთა მშობლიურ სოფელში, სადაც დღეს სკოლა, ფაქტობრივად, აღარ ფუნქციონირებს. თქვენი აზრით, სოფლებში ახალგაზრდა ოჯახები რამ უნდა დააბრუნოს?

– სექტემბრიდან, რამდენადაც  ვიცი, ფარცხნალის სკოლის ორივე მოსწავლე სწავლას ხარაგაულის #3 საჯარო სკოლაში გააგრძელებს. მომავალი სასწავლო წლიდან ფარცხნალში სკოლის ზარი აღარ დაირეკება. ეს ფარცხნალისთვის დიდი ტრაგედიაა.

ახალგაზრდა ოჯახებს მეტი ხელშეწყობა სჭირდება. თუ სოფელში მცხოვრები ახალგაზრდები დასაქმდებიან, ალბათ, ეს იქნება ყველაზე კარგი შესაძლებლობა ახალგაზრდა ოჯახების  შენარჩუნებისთვის. მხოლოდ მიწაზე მუშაობა და მასზე მოწეული მოსავალი ახალგაზრდას სოფელში ვერ დაამაგრებს. მიწა მწირია, თუ სასუქებით არ გაამდიდრე. უნდა ამოქმედდეს საწარმოები, სადაც ახალგაზრდები შეძენილ ცოდნას გამოიყენებენ და სოფელსაც არ მიატოვებენ.
თამთა გოგოლაძე