რუსეთის უკრაინაზე თავდასხმისა და ომის პარალელურად, უკრაინის მთავრობამ ევროკავშირში სწრაფი გაწევრიანება მოითხოვა.
პირველ მარტს გამართულ სხდომაზე ევროპარლამენტარებმა მხარი დაუჭირეს ევროკავშირში უკრაინის მიღებას. მათგან მიღებული რეზოლუცია მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს, იმუშაონ იმაზე, რომ უკრაინას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს. ეს რეზოლუცია შეიცავს მოწოდებას, რომ ასოცირების შესახებ შეთანხმების ფარგლებში გაგრძელდეს მუშაობა ევროკავშირის ერთიან ბაზარზე უკრაინის ინტეგრაციის თაობაზე.
უკრაინის მთავრობის მოთხოვნის პარალელურად, საზოგადოებრივმა ორგანიზაციებმა შეიმუშავეს პეტიცია საქართველოს ევროკავშირში გასაწევრიანებლად. ამ პეტიციაზე ხელმოწერა ამ წუთებშიც გრძელდება.
რა ვადაშია შესაძლებელი უკრაინის ევროკავშირში მიღება და რა მნიშვნელობა აქვს მოქალაქეებისგან პეტიციაზე ხელმოწერას, რა შანსი აქვს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ამჟამად საქართველოს, – ამ შეკითხვებით ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერს ვანო ჩხიკვაძეს მივმართეთ.
– უკრაინის ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დასაწყისად შემიძლია შევაფასო. ეს გზა, ზოგადად და სტანდარტულად, საკმაოდ გრძელია, – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, – თუმცა, უკრაინის შემთხვევაში, შესაძლოა, უფრო მოკლეც აღმოჩნდეს და დაჩქარდეს. გარკვეული ეტაპები შეიძლება უფრო მალე გაიაროს უკრაინამ, ვიდრე ევროკავშირის წევრმა სხვა ქვეყნებმა.
რაც შეეხება პეტიციას, ეს არის ერთგვარი გამოხმაურება, რომელიც პირდაპირ მიემართება ევროკავშირის წევრ ქვეყნებსა და ინსტიტუციებს.
საუბარია იმაზე, რომ ამ პროცესებიდან სხვა ქვეყნების ხსნა არ მოხდეს. ამ შემთხვევაში საქართველო და მოლდოვა იგულისხმება. ორივე ქვეყანას აქვს ამბიცია, რომ ევროკავშირის წევრი გახდეს. ეს არის ერთგვარი მოწოდება მათ მიმართ, რომ ჩვენზეც გავრცელდეს ყველა ის სიკეთე, რაც შეიძლება ახლა უკრაინის შემთხვევაში მოხდეს.
საზოგადოებრივი ჯგუფებისგან წამოსულ ამ დამოკიდებულებასა და საქართველოს ხელისუფლების ქმედებებს შორის ძალიან დიდი აცდენაა.
ვხედავთ, რომ ჩვენს ირგვლივ სახლი აღარ არის დარჩენილი, სადაც უკრაინის დროშა არ ფრიალებს. ხელისუფლების ქმედებებში უკრაინისადმი მხარდაჭერა მინიმალური დოზით არის გამოხატული.
არავინ ელის, რომ ხელისუფლება საომარ მოქმედებებში ჩაერთვება, მაგრამ სოლიდარობა, – მაგალითად, სამედიცინო პერსონალის გაგზავნა, უკრაინიდან ლტოლვილების მისაღებად მზადყოფნა, – არ ჩანს.
ტვირთი, რომელიც გავაგზავნეთ, უნდა ყოფილიყო არა საქართველოს მთავრობისგან, რომელსაც ფინანსები არ აქვს, არამედ გადასახადების გადამხდელების, ანუ ქართველი მოსახლეობის სახელით. ისე არ ვართ წაქცეულები, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისთვის ერთ მილიონ ლარზე მეტის დახმარება არ შეგვეძლოს.
რამდენიმე საათის წინ უკრაინამ საქართველოდან ელჩი გაიწვია. ეს ფაქტი გვაჩვენებს, რომ ისინი რადიკალურ განსხვავებას ხედავენ საქართველოს მოსახლეობისა და ხელისუფლების ქმედებებს შორის.
ახლა მოქალაქეებმა უნდა გავაძლიეროთ ხელისუფლებაზე ზეწოლა და მივახვედროთ, რომ სხვა ღირებულები გვაქვს; გვახსოვს უკრაინის გვერდით დგომა, როცა ძალიან გვიჭირდა. ჩვენ მოვლენების სხვანაირად შეხედვის მორალური უფლება არ გვაქვს. არ გვაქვს ზნეობრივი უფლება, დაველოდოთ, ვინ მოიგებს ომს და გვეშინოდეს.
ევროკავშირისკენ სწრაფვას საქართველოში 30 წლის განმავლობაში ადამიანებმა თავი შესწირეს. მინიმუმ იმ ხალხთან არ ვიქნებით მართალნი, თუ ამ გზიდან გადავუხვევთ.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი