„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია იწყებს ჩვენს გაზეთში 1998-2010 წლებში გამოქვეყნებული საინტერესო მასალების ვებგვერდზე გამოქვეყნებას.
ამჟამად გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან, რომელიც ღვაწლმოსილ ხარაგაულელ პედაგოგ ტასო ლოლაძესთან 20 წლის წინ ჩავწერეთ.
ტასო ლოლაძის ოჯახმა მეორე მსოფლიო ომის დროს ხარაგაულის რკინიგზის სადგურზე დაკარგული სამი წლის ოდესელი გოგონა იშვილა; ექვსმა და-ძმამ უკრაინელი მაია ღვიძლ დასავით მიიღო. წლების შემდეგ მაიას საკუთარი დედა გამოუჩნდა…
წაიკითხეთ, რა გვიამბო გაზეთ „ჩემი ხარაგაულის“ 2001 წლის 25 ოქტომბრის ნომერში გამოქვეყნებულ ინტერვიუში ქალბატონმა ტასო ლოლაძემ:
„1942 წელს ოდესიდან ევაკუირებული ხალხის ნაწილმა ხარაგაულში გაიარა. სწორედ მაშინ ჩამორჩა სამი წლის გოგონა წყლისთვის რკინიგზის სადგურზე ჩასულ დედას. მატარებელი კი, ხარაგაულიდან რომ აიძრა, ხაშურამდე არ გაჩერებულა. ჩემმა უფროსმა დამ, ვერამ გოგონა რკინიგზის სადგურიდან საკმაოდ მოშორებით, თოვლში ჩამჯდარი, მტირალი იპოვა. მოიყვანა სახლში და თქვა, რომ რამდენიმე დღეში მიუსაფარ ბავშვთა სახლს ჩააბარებდა.
ბიძას შეეცოდა, – დავიტოვოთ, ჩვენს ოჯახში ამის ლუკმა ყოველთვის გამოჩნდებაო. თურმე, ვერაც ასე ფიქრობდა, მაგრამ ერიდებოდა ბიძის, რომელიც ნაადრევად დაქვრივებულ დედას ექვსი ობოლის გაზრდაში ეხმარებოდა.
გოგონამ იცოდა მხოლოდ დედის სახელი – ვერა; ის, რომ ოდესიდან იყო და რომ მაია ერქვა.
ქართული ჩქარა ისწავლა. დედაჩემს „დედას“ ეძახდა. ჩვენც, ყველანაირად ვცდილობდით, მდგომარეობა შეგვემსუბუქებინა.
კარგი მოსწავლე იყო, უმაღლესი განათლება მიიღო და გორის საკონსერვო ქარხანაში ცვლის ინჟინრად მუშაობდა.
ხარაგაულის რაიონული გაზეთის რედაქტორმა ქეთევან სახვაძემ ჟურნალ „ოგონიოკში“, რომელიც მაშინდელი საბჭოთა კავშირის მთელ ტერიტორიაზე ვრცელდებოდა, ლოლაძეების ოჯახზე გამოაქვეყნა წერილი სათაურით „შვიდი დიპლომი ერთ ოჯახში“. ამ წერილში ეწერა, რომ „მეშვიდე დიპლომი ეკუთვნის მაიას, პატარა უკრაინელ გოგონას, რომელიც ლოლაძეების ოჯახმა იპოვა და თავის შვილებთან ერთად გაზარდა“.
მალე ჩემს სახელზე მოვიდა წერილი – ამა და ამ წელს დაგვეკარგა ბავშვი, სახელად მაია, გამოგვიგზავნეთ ფოტოები; შეგვატყობინეთ, რა ნიშნები აქვს. იქნებ, ჩვენი მაია თავისმა ბედმა თქვენს ბედნიერ ოჯახში მოიყვანაო.
მაია რომ ჩვენთან დავიტოვეთ, ბიძამ მაშინვე ფოტოგრაფთან წაგვაყვანინა, – ომია, მშობლები გამოუჩნდება, ვინ იცის, თავისი ვინაობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორ დასჭირდესო.
ჩვენგან გაგზავნილ წერილს დეპეშა მოჰყვა: „მოდის მაიას დედა ვერა“.
გორში რომ ჩავედი და მაიას ეს ამბავი ვუთხარი, ძალიან შეწუხდა და განერვიულდა, – 22 წლის შემდეგ დედის გამოჩენას აღარ ელოდა. მითხრა, თავი დამანებეთ, მე დედაც მყავს და და-ძმებიცო.
ხარაგაულში რომ დავბრუნდით, ახალი დეპეშა დაგვხვდა – „გამოვედით როსტოვიდან“.
მატარებელი სამტრედიაში რომ შემოვიდა, ძალიან განიცადა თურმე მაიას დედამ, ვეღარ მოითმინა და მთელმა მატარებელმა გაიგო, რომ დედა დაკარგული შვილის სანახავად მოდის.
…ხარაგაულის რკინიგზის სადგურში ტევა აღარ იყო. აღმოსავლეთიდან შემოსული მატარებელი, – ხალხმა გზა რომ არ დაუთმო, – მოშორებით გაჩერდა. მემანქანემ იკითხა, რა მოხდა, ხრუშჩოვი ხომ არ მოდისო.
როსტოვის მატარებელი რომ შემოვიდა, მემანქანემ დაიძახა, მაიას დედა მომყავსო.
მატარებელი გაჩერდა და ვაგონიდან სიმპათიური ქალი გამოვიდა. ხალხი მოათვალიერა. ჩამოვიდა კიბიდან და იმ წუთშივე პირდაპირ მაიასკენ წამოვიდა, იცნო; მაშინვე იცნო თავისი შვილი. მოვიდა და კი არ აკოცა, დაიხარა ეს ქალი, ფეხებზე შემოეხვია და უთხრა, – მაპატიე, შვილოო.
რა თქმა უნდა, დედაჩემიც იქ იყო. გააცვნეს, – დედააო.
დედაჩემს ამ ქალმა მუხლებზე აკოცა და უთხრა, ისევ შენა ხარ ჩემი შვილის დედა, ჩემი მაია არსად არ მიმყავსო.
ეს უდიდესი სულგრძელობა იყო მისგან. წინა დღეს დედას ჩვენთვის ნათქვამი ჰქონდა: შვილებო, დედა მოდის და თავის შვილს თან წაიყვანსო. არ შემარცხვინოთ, უარი არ უთხრათ. მაია ჩემი გაზრდილია და მაინც არ დამკარგავსო. მაიას უკრაინელი დედის სიტყვებმა კი ჩვენ ყველას სიმშვიდე მოგვიტანა.
მაია დაოჯახდა და საცხოვრებლად თბილისში გადავიდა. ქალ-ვაჟი აღზარდა, შვილიშვილები შეეძინა. აღმზრდელი ლოლაძეების ოჯახის შვილებთან კი, სიცოცხლის ბოლომდე, ისეთი ურთიერთობა ჰქონდა, როგორც საკუთარ და-ძმასთან.
ლაურა გოგოლაძე
გაზეთი „ჩემი ხარაგაული“,
25 ოქტომბერი, 2001 წ.
P.S. ლოლაძეების ოჯახის შთამომავალ მიხეილ სეფაშვილისგან შევიტყვეთ, რომ ქალბატონი მაია, სამწუხაროდ, ექვსი წლის წინ გარდაიცვალა.
როგორი პარლამენტი გვსურს, რომ ავირჩიოთ, რა მნიშვნელობა აქვს
როგორი წინასაარჩევნო გარემოა ხარაგაულში, – ამ შეკითხვით იმ
„მეოცე საუკუნის 90-იან წლებში, როცა ქვეყანაში
მეოთხე სასწავლო წელია, ხარაგაულის მუნიციპალიტეტში წყალაფორეთის
13 ოქტომბერს, ბრიუსელში ნიდერლანდების