33 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც 1989 წლის 9 აპრილს, თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაციის მომიტინგეები რუსმა სალდათებმა უსასტიკესი მეთოდებით დაარბიეს.

მრავალათასიანი აქცია ერთ საათში დაშალეს, ქვაფენილზე დარჩა 19 ადამიანის გვამი, მათგან უმრავლესობა ქალი იყო. მომდევნო დღეებში დაღუპულთა რაოდენობა ორით გაიზარდა. დაშავდა 427 ადამიანი. წარმოშობით ხარაგაულელი, 25 წლის ექთანი ელისო ჭიპაშვილი აქციის დარბევისას მხუთავი აირით გაიგუდა.

ხარაგაულელი გოჩა კოპაძე და ლელა გრიგალაშვილი ამ სისხლიანი ღამის დაზარალებული მონაწილეები არიან. მათ გარდა, საპროტესტო აქციებში და 9 აპრილის ღამეს ასობით ხარაგაულელი მონაწილეობდა.

რა მოვლენები უძღოდა წინ 1989 წლის 9 აპრილს, რატომ დაიწყო გამოსვლები თბილისში, რა მნიშვნელობა აქვს 9 აპრილს საქართველოს ისტორიაში და რამდენად მივსდევთ იმ პრინციპებსა და სულისკვეთებას, რომლისთვისაც ამ დღეს დაღუპული ქართველი გმირები იბრძოდნენ, – ამ შეკითხვებით ხარაგაულში მცხოვრებ ისტორიკოსებს მივმართეთ.

„1989 წლის 4 აპრილს, ილია ჭავჭავაძის საზოგადოების ინიციატივით, მთავრობის სახლის წინ დაიწყო მიტინგი აფხაზეთის ავტონომიის გაუქმების მოთხოვნით, – გვიამბობს თამარ მაქაძე, – ამას წინ უძღოდა 30 მარტის „ლიხნის მიმართვა“, რომლითაც აფხაზი სეპარატისტები საქართველოდან გამოყოფასა და მოკავშირე რესპუბლიკის სტატუსის მოპოვებას ცდილობდნენ.

მომდევნო დღეებში მიტინგი მრავალრიცხოვანი გახდა და საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნაში გადაიზარდა, ათეულობით ქართველმა შიმშილობა დაიწყო.

8 აპრილს რუსთაველზე ტანკები, ცაზე კი სამხედრო თვითმფრინავები გამოჩნდა. ოფიციალურ მოსკოვს ეგონა, რომ ამით აქციის მონაწილეებს შეაშინებდნენ. თუმცა, საპირისპირო მოხდა, – მომიტინგეთა რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდა.

1989 წლის 9 აპრილს თავი მოუყარეს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის და მოსკოვიდან ჩამოყვანილი შინაგანი ჯარების სპეცდანიშნულების რაზმს, დაახლოებით 1900 ჯარისკაცს, რომელთაც გენერალი როდიონოვი ხელმძღვანელობდა. დილის 4 საათზე ჯარმა მომიტინგეები ალყაში მოაქცია და შეტევა დაიწყო. გამოყენებული იყო ხელკეტები, ალესილი ნიჩბები და მომწამვლელი აირი. მოიერიშე ძალებმა მოედანი რამდენიმე წუთში სრულად გაწმინდეს.

იმ დროს სტუდენტი ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ მეორე დღეს თბილისში კომენდანტის საათი გამოცხადდა, რუსთაველზე ადამიანებს უამრავი ყვავილი მოჰქონდათ. შემდეგ ეს ყვავილები ქაშუეთის ეკლესიაში გადაატანიეს. ის პირები, რომლებმაც ყვავილები გადაიტანეს, აირის მოქმედების შედეგად მოიწამლნენ.

1989 წლის მოვლენები საქართველოს ისტორიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა; რომ არა ეს სისხლისღვრა, ჩვენ დამოუკიდებლობას კიდევ დიდხანს ვერ მოვიპოვებდით.

თავისუფლება ერთ ან ორ დღეში არ მოდის, საზოგადოებაში ამ აზრს მომწიფება სჭირდება. ქართველებს ოდითგანვე ერთი ცუდი რამ გვჭირს, – ყველას პირველკაცობა უნდა. ყოფილი საბჭოთა ბავშვი ვარ და ეს ჩემი წარსული ბევრ რამეში მამუხრუჭებს. თუმცა ვცდილობ, რომ თანამედროვეობას ავუწყო ფეხი. ერთი რამ აუცილებლად უნდა ვთქვა, – სულ მაგონდება ძველი აღთქმის ისტორია, – სანამ მონობაში ნაცხოვრები ბოლო ადამიანი არ დაიღუპა ეგვიპტის უდაბნოში, მანამ ებრაელი ერი ვერ შევიდა აღთქმულ, თავისუფლების ქვეყანაში. ეს პროცესები, რაც ახლა ხდება, ასეც უნდა იყოს. სხვანაირად ვერ ვისწავლით ერთმანეთის გატანას, სიყვარულს, რაღაცამ ხომ უნდა შეგვაკავშიროს“.

„თბილისში 1989 წლის 9 აპრილს დატრიალებულმა ტრაგედიამ საბჭოთა კავშირში შემავალ სხვა რესპუბლიკებში ჯაჭვური რეაქცია გამოიწვია,- ამბობს ნიკოლოზ მაჭავარიანი, –  ამას მასობრივი გამოსვლები და ეროვნული მოძრაობის გააქტიურება მოჰყვა.

დღეს ამბობენ, რომ თითქოს საბჭოთა კავშირი მაინც ირღვეოდა და ჩვენი გათავისუფლება მაინც მოხდებოდა. ასე ადვილად არაფერი ხდება; თავისით არაფერი დაიშლება, თუ მას შენ ბიძგი არ მიეცი. სწორედ ეს იყო ეროვნული მოძრაობის დამსახურება. ამან გამოიწვია ზუსტად 1991 წლის 31 მარტის რეფერენდუმი და ამ რეფერენდუმის საფუძველზე 9 დღეში 9 აპრილს ჩვენ საქართველოს დამოუკიდებლობა აღვადგინეთ. 31 წელია, საქართველო დამოუკიდებელი ქვეყანაა და ამას, რაც წინა თაობამ ბრძოლით მოიპოვა, შენარჩუნება სჭირდება. ჩვენ შეგვიძლია უფრო ძლიერი, ჩამოყალიბებული და სერიოზული სახელმწიფო ვიყოთ“.

„1989 წლის 9 აპრილს წინ საქართველოში ცარიზმის ორასწლოვანი ეპოქა და საბჭოთა იმპერიის 70-წლოვანი ბატონობა უძღოდა, – ამბობს ზეინაბ ბუაჩიძე, – საქართველოს უახლოესი ისტორიის რამდენიმე უმნიშვნელოვანესი თარიღი – 1978 წლის 14 აპრილი, 1989 წლის 9 აპრილი და 1991 წლის 31 მარტი – საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებით დაგვირგვინდა 1991 წლის 9 აპრილს. ამ თარიღების გადახედვისას ილია ჭავჭავაძის სიტყვები – „მამული ენა, სარწმუნოება“ – გვახსენდება.

საპროტესტო გამოსვლები მთავრობის სახლის წინ 4 აპრილს დაიწყო და 14 აპრილს უნდა დასრულებულიყო. ეს 10 დღიანი მშვიდობიანი აქცია უნდა ყოფილიყო. 9 აპრილს კი მოხდა საშინელი ტრაგედია. უმკაცრესად გაუსწორდნენ აქციის მონაწილეებს. ეს იყო დანაშაული ქართველი ერის წინააღმდეგ.

ამ ტრაგედიამ ჩვენი ერი სულიერად გააერთიანა. მაშინ საბჭოთა მილიცია ხალხის გვერდით დადგა და ერთიანობას გამოხატავდა, ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. თუ ისტორიას გადავავლებთ თვალს, დავინახავთ, რომ როცა ქართველი ერი ერთიანია, მაშინ ვაღწევთ დიდ და კარგ შედეგებს. ამას მოწმობს დავითისა და თამარის ეპოქა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველო ბევრჯერ დაიშალა, ჩვენ თან გვდევს ფენიქსური სული, თვითაღდგენის უნარი და დაუოკებელი სულისკვეთება თავისუფლებისკენ. ქართველები ყოველთვის ვისწრაფვით თავისუფლებისკენ, ღვთის სიყვარულისკენ, რამაც გადაგვარჩინა.

ეს სულიერება, დამოუკიდებლობისკენ სწრაფვა ჩვენს ქვეყანაში არასოდეს შეწყვეტილა.

საოცარია, ამხელა მანქანის წინააღმდეგ როგორ იბრძვის პატარა საქართველო თავისი გულანთებული ვაჟკაცებით, დაწყებული 1921 წლიდან; შემდეგ 1924 წლის აჯანყება; მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა 17 ახალგაზრდა კოტე ჯოგლიძის მეთაურობით სტალინს უბედავს და სამშობლოს თავისუფლებისთვის იბრძვის; 1956 წლის 9 მარტიც არ უნდა დავივიწყოთ, – ეს იყო ეროვნული მოძრაობის დასაწყისი; 1978 წლის 14 აპრილს ქართველი მომიტინგეები გადავრჩით დარბევას, – მაშინაც გამოჩნდა ტანკი, თუმცა საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელი გორბაჩოვი დემოკრატიულობანას თამაშობდა და საბჭოთა კავშირიც ასე განწირული არ იყო. ალბათ, ამიტომ არ დაგვარბიეს. 1989 წლის 9 აპრილი იმპერიის ბრჭყალის ბოლო გამოჩენა იყო. ნათელი გახდა, რომ საბჭოთა კავშირი დიდხანს ვეღარ გაძლებდა.

პროფესიიდან გამომდინარე, მუდმივად ვესაუბრები მოსწავლეებს. არაჩვეულებრივად აზროვნებენ, მათში არის ქართული სული და საკუთარი ქვეყნის სიყვარული. მიმაჩნია, რომ დღეს ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საქართველო გადარჩეს. ჩვენი ქვეყანა კიდევ ერთ ომს ვეღარ  გაუძლებს. ახლა, ამ ეტაპზე, ასე მიმაჩნია. შემდეგ კი დადგება მომენტი, როცა ყველაფერს დავიბრუნებთ, საქართველო გაერთიანდება და გამთლიანდება“.

თამთა გოგოლაძე

ფოტოებზე: საქართველოს ეროვნული გმირი მერაბ კოსტავა საპროტესტო აქციაზე; რუსული ტანკები თბილისში, რუსთაველზე, 1989 წლის 9 აპრილის აქციის დარბევის შემდეგ

თქვენ ასევე დაგაინტერესებთ

მეამაყება ჩემი დის გმირობა – ვახტანგ ჭიპაშვილი

მსხვერპლის მიუხედავად, 9 აპრილი ჩემთვის ამაღლებული დღეა – ლელა ვეფხვაძე

9 აპრილის მიტინგიდან წასვლაზე ფიქრიც კი ღალატის ტოლფასი იყო – პაატა გოგოლაძე