29 წელი გავიდა 1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან. ამ დღეს საბჭოთა არმიამ ანტისაბჭოთა, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით გამართული მშვიდობიანი დემონსტრაცია დაარბია, რის შედეგადაც 21 ადამიანი დაიღუპა, ასობით კი დაიჭრა, მოიწამლა და დასახიჩრდა.

მრავალტანჯული საქართველოს სულსა და სხეულს სამუდამოდ დააჩნდა მძიმე ჭრილობად 1989 წლის 9 აპრილი. ამ დღეს უმოწყალოდ დაჩეხეს და დაწამლეს მშვიდობიანი მანიფესტაციის მონაწილეები მხოლოდ იმიტომ, რომ თავიანთი სამშობლოს მთლიანობა, ერთობა, თავისუფლება სურდათ.

საშინელებას, რომელიც მთავრობის სასახლის წინ დატრიალდა, ძნელად მოეძებნება ანალოგი. ბარბაროსებმა ორლესული ნიჩბებითა და ხელკეტებით გაჟლიტეს სრულიად უდანაშაულო გოგონები, ყმაწვილები და მათ გადასარჩენად ზედგადაფარებული დედები.

9 აპრილის ტრაგიკულ ღამეს რუსთაველის გამზირზე ხარაგაულელებიც იმყოფებოდნენ.

ღორეშელი გოჩა კოპაძე იხსენებს: -სტუდენტი ვიყავი. ყოველდღე დავდიოდი აქციაზე. იმ ღამესაც იქ ვიყავით. რამდენჯერმე მოვითხოვეთ, რომ ცეკას მდივანი პატიაშვილი მოსულიყო ჩვენთან… დინამოს სტადიონთან ტანკები ჩააყენეს… ვრცელდებოდა ინფორმაცია მომიტინგეების ძალისმიერი მეთოდებით დაშლაზე.

ამის მიუხედავად ჩვენ დიდი ერთსულოვნებით ვიდექით და დაშლას არავინ აპირებდა. ჩვენთან მოვიდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია II, რომელმაც დაგვლოცა და გვთხოვა, ქაშვეთის ეკლესიაში გადავსულიყავით, გველოცა და მშვიდობიანად წავსულიყავით სახლებში. საოცარი გრძნობით აღვსილებმა, პატრიარქის ამ თხოვნაზეც უარი ვთქვით და აქცია გაგრძელდა.

დაახლოებით ღამის ოთხი საათი იქნებოდა… აქციის მონაწილეები ცეკვავდნენ, მღეროდნენ. ამ დროს თავისუფლების მოედნიდან ტანკები გამოჩნდნენ… სიმღერა არ წყდებოდა. თითქოს სიმღერით უნდოდათ მოახლოებულ საფრთხეს შეხვედროდნენ… ჩვენდა საუბედუროდ, გამოჩნდნენ შეიარაღებულები, რომლებიც ორლესულ ნიჩბებს დაუნდობლად იქნევდნენ.

ხალხი გაოგნდა, რადგან უამრავი გაფრთხილების მიუხედავად, არავის ეგონა, თუ ასე სასტიკად დაგვარბევდნენ. პირადად მე მთავრობის სასახლის მხარეს მოვხვდი. ვაჟები შევეცადეთ ცოცხალი ჯაჭვის გაკეთებას, რათა ქალები დაგვეცვა, მაგრამ წინა მხრიდან ხალხი მოგვაწვა, რამდენჯერმე რეზინის ხელკეტიც მოგვხვდა მე და ჩემს მეგობარს. ირგვლივ სრული ქაოსი იყო.

შეშინებული ხალხი ფეხშიშველი ცდილობდა გაქცევას, მაგრამ ალყაში ვიყავით, გასაქცევი არსაით ჩანდა. საშინელ მდგომარეობაში ჩავცვივდით. როგორც იქნა, მოვახერხეთ და ლესელიძის ქუჩის მხარეს გავიქეცით. დილით საავადმყოფოში აღმოვჩნდი… დახმარება აღმომიჩინეს. რამდენიმე დღის შემდეგ უშიშროებამ დამიბარა და ყველაფერი დამაწერინა.

ხუნეველი ლელა გრიგალაშვილი 9 აპრილს მიტინგზე იყო და საკუთარი თვალით იხილა ის სისასტიკე.

„სულხან-საბა ორბელიანის სახელობის ინსტიტუტში ვსწავლობდი, – გვიამბობს ლელა, – მიტინგებზე კურსელებთან ერთად დავდიოდი. ათასობით ადამიანს შორის ეროვნული გრძნობით აღვსილი ვიდექი… ვმღეროდით, ვცეკვავდით.

მიტინგზე ზვიად გამსახურდია გამოვიდა და გვითხრა, რომ ხალხის ნაწილი ტელევიზიასთან მყოფ მომიტინგეებს შევერთებოდით. სხვებთან ერთად ტელევიზიასთან უყოყმანოდ წამოვედი. თითქოს სიმშვიდე სუფევდა ირგვლივ, მაგრამ რაღაც წინათგრძნობა მაწვალებდა… მალე ტანკებმა ჩაგვიარეს, თუმცა ისე ვიყავით აღტკინებულები, რომ იმ წუთას თითქოს არავისი და არაფრის გვეშინოდა.

შიში შედარებით გვიან დამეუფლა, როცა გამაყრუებელი ყვირილის ხმა გავიგონე. პირველი, რაც აღვიქვი, იყო საშინლად შავი ადამიანები შავი ხელკეტებით, ჩაფხუტებით… ისინი ყვირილით მოდიოდნენ. ვფიქრობ, მთვრალები იყვნენ. ჩვენ მილიციის კედელი გვიცავდა.

ხალხს თავზარი დაგვეცა. ვეღარ გავიგეთ, სად წავსულიყავით. მილიციელებმა გვთხოვეს, ტელევიზიის შენობაში არ შევსულიყავით, რათა შემდეგ ეს ფაქტი ჩვენს წინააღმდეგ არ გამოეყენებიათ, როგორც თავდასხმა ტელევიზიაზე. ალყაში ვიყავით… გასასვლელს ვერსად ვხედავდით. ერთადერთი გასასვლელი იყო ზოოპარკის მხარეს, თუკი კედელზე გადავხტებოდით.

ანგარიშმიუცემლად წავედი და კედლიდან გადავვარდი. ვცადე წამოდგომა, მაგრამ ვერ შევძელი. ვიღაც ბიჭი დამეხმარა და თითქმის ხელში აყვანილი გამომიყვანა მანქანასთან, რომელიც უკვე მოსულიყო ხალხის საშველად. ვგრძნობდი, რომ რაღაც მგუდავდა, ვხედავდი, უამრავი ადამიანი მორბოდა.

მილიცია ცდილობდა ხალხის დაცვას, მაგრამ ვეღარ ახერხებდა. მანქანით მიგვიყვანეს საავადმყოფოში. აღმოჩნდა, რომ ერთი ხელი მოტეხილი მქონდა, მეორე – ნაღრძობი და მოწამლულიც ვიყავი. საავადმყოფოში სათანადო დახმარება აღმომიჩინეს.

ხარაგაულში მცხოვრები პაატა გოგოლაძე ეროვნულ მოძრაობაში 1987 წლიდან ჩაერთო. „1989 წლის 4 აპრილიდან მოყოლებული, ყველა მიტინგს ვესწრებოდი, – იხსენებს პაატა გოგოლაძე, – დაახლოებით ათი ათასი კაცი იქნებოდა მიტინგზე.

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ძალები, ხელისუფლების წარმომადგენლები გვაფრთხილებდნენ, პატრიარქიც კი მოვიდა ჩვენთან, დაშლას არავინ აპირებდა. ისეთი განწყობა გვქონდა, თითქოს ყველაფრისთვის მზად ვიყავით. თუმცა იმას, რაც შემდეგ მოხდა, ვერც წარმოვიდგენდი.

1956 წლის 9 მარტის მაგალითი უკვე გვქონდა, მაგრამ მაინც არ გვეგონა, თუ სისხლი დაიღვრებოდა და ასეთი ჩეხვა-კეპვა ატყდებოდა. ტანკები რომ დავინახეთ, ვიფიქრეთ, რომ ეს ძალების დემონსტრირება იყო ჩვენს შესაშინებლად. დაშლას კვლავ არავინ ფიქრობდა…

უსინათლოები მღეროდნენ. მალე მძიმე ტექნიკა და შეირაღებული ჯარები ფოსტის შენობასთან ჩალაგდნენ. ჯარი ჩადგა ალექსანდროვის პარკის ქვემოთაც. ალყაში მოგვაქციეს. მდგომარეობა ძალიან დაიძაბა, მაგრამ მონაწილეები ისე ვიყავით ერთმანეთზე გადაჯაჭვულნი, ისე ერთსულოვნად ვიდექით ერთმანეთის გვერდიგვერდ, რომ წასვლაზე ფიქრი ღალატის ტოლფასი იყო.

ხარაგაულელები – მე, ნოდარ ვეფხვაძე, გია ანთაძე და დათო სილაგაძე ცენტრში მოვხვდით. კაცები ვცდილობდით, ქალები და გოგონები ჩვენს შუაში მოგვეხვედრებინა, რომ როგორმე შეგვძლებოდა მათი დაცვა. ჩვენს გვერდით იდგნენ რაგბისტებიც, რომელთაც უდიდესი საქმე გააკეთეს. ისინი საკუთარი სხეულით გადაეფარნენ გოგონებს და საკადრისი წინააღმდეგობაც გაუწიეს ჯარისკაცებს. მათ თავიანთი თავგანწირვით ბევრის სიცოცხლე იხსნეს. როცა ჯარისკაცების პირველი ნაკადი წამოვიდა ხელკეტებით, საშინელი ქაოსი ატყდა. ისინი წარმოუდგენლად სასტიკად იქცეოდნენ.

ამ ქაოსში ცრემლსადენი გაზიც გაუშვეს. თვალები ცრემლით აგვევსო. ირგვლივ არაფერი ჩანდა. ერთი მომენტი განსაკუთრებით დამამახსოვრდა: ჩვენს წინ სასწრაფო დახმარების მანქანა შემოვარდა. მანქანის გვერდით ხალხი ეყარა. მათ გვერდით კი ხელკეტებითა და ნიჩბებით შეიარაღებული ჩაფხუტიანები ყველა შესაძლო ილეთს ხმარობდნენ ხალხის დასარბევად და დასასახიჩრებლად.

უცებ ხალხის მასა ორ ნაწილად გაიყო. ნაწილი ქაშვეთის ეკლესიისკენ წავიდა, მეორე ნაწილი კი – ფოსტისკენ. თუმცა, ორივე მხარე ტანკებით იყო გადაკეტილი. ამ აურზაურში ნოდარი და დათო დავკარგეთ. დავრჩით მე და გია ანთაძე. კავშირგაბმულობის შენობის გვერდით ერთი თაღიანი შენობა დავინახეთ.

ერთადერთი გამოსავალი ის იყო, რომ ამ თაღიანი შენობის ოთხმეტრიან ჭიშკარზე როგორმე გადავსულიყავით. ახლაც არ მახსოვს, როგორ მოვახერხეთ. ჩვენთან ერთად რამდენიმე კაცი გადმოვიდა. გვესმოდა, რომ ალექსანდროვის პარკის მხარეს ადამიანებს არბევდნენ. ჩვენ კი ვერაფრით ვშველოდით მათ. ეს იყო საშინელება.

ეზოში შესულებს მოსახლეობა შემოგვეხვია. ისინი ცდილობდნენ, დაგვხმარებოდნენ. სახე მოგვწმინდეს. შემდეგ სახურავზე ავედით და ასე ავარიდეთ თავი ალყას. ჯავახიშვილის ქუჩაზე მივედით მეგობართან. ცოტა ხანში ნოდარი და დათოც გამოჩნდნენ და შედარებით დავმშვიდდით. რატომღაც კიდევ გვქონდა იმედი, რომ ხალხი არ დაიხოცებოდა, მაგრამ…

მახსოვს, 9 აპრილამდე ხალხის განწყობა ქუჩაში, ყველას ერთმანეთის მოფერება გვინდოდა. ვცდილობდით, დავხმარებოდით ერთმანეთს, გვიხაროდა ერთმანეთის დანახვა. მართლა ვგრძნობდით, რომ ეროვნული სული ზეიმობდა ჩვენში.

9 აპრილს გარიჟრაჟზე დაღუპული გმირები სამშობლოს კეთილდღეობისთვის, თავისუფლებისთვის ბრძოლაში დაეცნენ. მათ სჯეროდათ, რომ საქართველოს ბედნიერი მომავლისთვის იბრძოდნენ. ამიტომ იმ დღეს დაღვრილი ერთი წვეთი სისხლიც კი საოცრად ძვირფასია ჩემთვის. ქედს ვიხრი მათი სულების წინაშე.“