ნაცმოძრაობის დეპუტატმა თორნიკე ავალიშვილმა ორი კვირის წინ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს დიპლომი მოთხოვა.
ამის შესახებ დღეს, 7 მარტს, საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძემ სხდომაზე განაცხადა.
„სამწლიანი ტექნიკუმი იურისტის სპეციალობით დავამთავრე, – ამბობს მანანა ბარბაქაძე, – არც თუ ცუდად ვსწავლობდი. 1983 წელს პოლიციის აკადემიაში ჩავირიცხე და ხუთი წელი ვისწავლე. 1988 წელს მეორად ფაკულტეტზე ჩავირიცხე ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და ეკონომიკის ფაკულტეტი დავამთავრე.
27 წელი ძალოვან სტრუქტურებში ვიმუშავე. მაღალი რანგის ოფიცერი ვარ.
25 წლის უმწიკვლოდ მუშაობისთვის მედლით დამაჯილდოვეს. ჩემმა კოლეგამ, თორნიკე ავალიშვილმა, მითხრა, სამსახურიდან ცუდი მუშაობისთვის გამოგაძევესო. მე სამსახურიდან პოლიტიკური შეხედულებების გამო დამითხოვეს.
ჩემი გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება რომ გამესაჩივრებინა, წერილობით მივმართე შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციას, უშიშროების სამინისტროს, იუსტიციის სამინისტროს და მოვითხოვე, რაიმე მაკომპრომეტირებელი მასალები თუ ჰქონდათ ჩემს მიმართ. ამ სამინისტროებიდან უარყოფითი პასუხი მივიღე.
მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ჟვანიამ მე და ჩემთან ერთად გათავისუფლებულ კოლეგებს წერილობით დაგვიდასტურა, რომ სამსახურიდან უკანონოდ გაგვათავისუფლეს.
ვარ სპორტის ოსტატობის კანდიდატი ფარიკაობაში, პირველთანრიგოსანი მსროლელი მოკლეკალიბრიანი შაშხანით.
მაშინ უფრო ახალგაზრდა, აქტიური ვიყავი და კონკურსები რომ გამოცხადდა, შს სამინისტროს დეპარტამენტის თავმჯდომარის პოზიციაზე შევიტანე საბუთები. გამოცდაზე უმაღლესი ქულები დავიმსახურე, მაგრამ პოლიტიკური ნიშნით დამბლოკეს და თანამდებობაზე არ დამნიშნეს.
2008 წელს ვაშლევში ეკლესიის აშენება გადავწყვიტე იმიტომ, რომ სოფელს სხვა კონფენსიების წარმომადგენლები შემოესიენ და განსაკუთრებით ცუდ დღეში სოციალურად დაუცველ ოჯახებს აყენებდნენ.
ეკლესიის ასაშენებლად მიწის გადმოცემას ვითხოვდი. სახელმწიფო უწყებები საბუთებს მიბლოკავდნენ იმ მოტივით, რომ საპატრიარქოსა და სახელმწიფოს შორის მიწების გადაცემის საკითხი კონკორდატით რეგულირდებაო და პროცესს განზრახ აჭიანურებდნენ. ამიტომ გადავწყვიტე, დრო რომ მომეგო, ტექნიკური განათლება მიმეღო და აშშ-ს ინჟინერთა კორპუსის მომზადების სამთვიანი კურსი გავიარე, რის შემდეგაც ბეტონის ლაბორატორიის ტექნიკოსის მოწმობა ავიღე.
კარგია, თუ ბატონი თორნიკეს ინტერესი დავაკმაყოფილე. ჩინ-მედლებითა და დიპლომებით ვერავის გავაკვირვებ, თუმცა, მიმაჩნია, რომ მთავარი ადამიანური ურთიერთობებია“, – მიმართა 7 მარტს გამართულ სხდომაზე დეპუტატებს მანანა ბარბაქაძემ.
თორნიკე ავალიშვილი აცხადებს, რომ საჯარო ინფორმაციის მიწოდების თაობაზე მისი მოთხოვნა და ინტერესი, მანანა ბარბაქაძეს ამ დრომდე არ დაუკმაყოფილებია.
„საკრებულოს თავმჯდომარემ წერილობით მიპასუხა, რომ საკრებულოს თავმჯდომარის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები საჯარო არ არის. ახლა საკრებულოს აპარატში წერილს შევიტან და მოვითხოვ იმ დოკუმენტების ასლებს, რომლებიც დღეს, 7 მარტს, სხდომაზე მანანა ბარბაქაძეს თან ჰქონდა და დეპუტატებს გვიჩვენებდა“, – აცხადებს ავალიშვილი.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარე მანანა ბარბაქაძისა და მისი მოადგილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტებით „ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ამ თანამდებობებზე მათი არჩევისთანავე, ჯერ კიდევ 2016 წელს დაინტერესდა. მაშინ ჩვენს მოთხოვნაზე მანანა ბარბაქაძემ ეს ინფორმაცია არ გაასაჯაროვა შემდეგი მოტივით, – „ეს ინფორმაცია საჯარო არ არისო“.
საკრებულოს თავმჯდომარისა და მისი მოადგილის განათლების დამადასტურებელი დოკუმენტები რომ ნამდვილად ღია და საჯარო ინფორმაციაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირზე მოთხოვნისთანავე უნდა გაიცეს, – ეს თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI) 2016 წელს ამ თემაზე სტატიის მომზადებისას დაგვიდასტურა.
მას შემდეგ, რაც ეს სტატია გამოვაქვეყნეთ, ამ თემით ფაქტჩეკერი დაინტერესდა და დაასკვნა, რომ ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარის აღნიშნული ოფიციალური განცხადება არის მცდარი.
ხარაგაულის საკრებულოს თავმჯდომარეს უმაღლესი განათლება რომც არ ჰქონდეს, ეს კანონის დარღვევა არ არის. ექსპერტი თვითმმართველობის საკითხებში მაგდა პოპიაშვილი ამბობს, რომ „თვითმმართველობის კოდექსის“ თანახმად, საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ასარჩევ პირს უმაღლესი განათლება არ მოეთხოვება.
ნინო კაპანაძე
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.
სანამ დავა საკონსტიტუციო სასამართლოში მიდის, მანამდე პარლამენტი