კორონავირუსით ინფიცირების ახალი შემთხვევები მარტის მეორე ნახევარში ხარაგაულში, ისევე როგორც მთელ ქვეყანაში, შემცირდა.
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრიდან მოპოვებული ინფორმაციით, ბოლო ათ დღეში მუნიციპალიტეტში კორონავირუსის 15 შემთხვევა დადასტურდა.
ამ ცენტრის დირექტორი ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ მოქალაქეთა მხრიდან მიმართვიანობაც მოიკლო და ტესტის გასაკეთებლად მხოლოდ ვირუსის სიმპტომიანი ადამიანები აკითხავენ.
პირველი მარტიდან კორონავირუსზე ტესტირების პროგრამაში ცვლილებები შევიდა და ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრსა და საავადმყოფოებში მხოლოდ სწრაფი ტესტი კეთდება.
კვირაში ერთხელ სწრაფი ტესტი უტარდებათ სკოლების თანამშრომლებს. ალექსანდრე ტაბატაძის ინფორმაციით, ბორითის, ვერტყვიჭალის, კიცხის, მარელისის, ხევის სკოლებსა და სასულიერო გიმნაზიაში კორონავირუსზე ტესტებს სკოლის ექიმები ატარებენ. ექიმი ხარაგაულის #2 და #3 სკოლებსაც ჰყავთ. თუმცა, მათ ტესტების ადგილზე გაკეთების სურვილი არ გამოთქვეს.
28 მარტიდან კოვიდრეგულაციები შემსუბუქდება. ალექსანდრე ტაბატაძე ამბობს, რომ სიფრთხილე გვმართებს – დისტანცია, ჰიგიენის დაცვა, დახურულ სივრცეში პირბადის ტარება და კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია, ვირუსის საბოლოოდ დასამარცხებლად, აუცილებელია.
ხარაგაულისა და ბორითის კლინიკებში სულ 2021 წლის 18 მარტიდან 2022 წლის 25 მარტამდე 9 ათასი პირია აცრილი. ხარაგაულის საავადმყოფოში აცრები ყოველდღე, შაბათ-კვირის გარდა, სინოვაკითა და სინოფარმით, ხოლო ბორითის კლინიკაში სინოვაკის ვაქცინით პარასკევს, შაბათსა და კვირას ტარდება.
ხარაგაულში კორონავირუსის პირველად დადასტურებიდან (2020 წლის 15 ოქტომბერი) 25 მარტამდე ამ ვირუსით 5325 პირი დაინფიცირდა. მათგან 5268 გამოჯანმრთელდა, 48 გარდაიცვალა. 25 მარტის მდგომარეობით, კორონავირუსით ხარაგაულში 9 პირია ინფიცირებული. ყველა მათგანი ბინაზე, ოჯახის ექიმის მეთვალყურეობით მკურნალობს.
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების