28 მარტიდან, პირბადის ტარების ვალდებულება შენარჩუნდება მხოლოდ დახურულ სივრცეებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში, ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება უქმდება – ეს გადაწყვეტილება  საქართველოში არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭომ მიიღო.

ასევე უქმდება სტუმრების რაოდენობაზე მოქმედი შეზღუდვა, როგორც საზოგადოებრივი კვების ობიექტებზე, ასევე სპორტულ, სახელოვნებო თუ სხვა სახის ღონისძიებებზე, მათ შორის სოციალურ ღონისძიებებზე.

დისტანციურ სამუშაო რეჟიმში მყოფი საჯარო მოხელეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.

უქმდება თვითიზოლაციის ვალდებულება საქართველოს იმ მოქალაქეებისთვის, რომლებიც ქვეყანაში PCR-ტესტის გარეშე ბრუნდებიან.

აპრილის განმავლობაში გაგრძელდება ვაქცინაციის წახალისების პროგრამა – 50 წელს ზემოთ ასაკის მოქალაქეები ვაქცინის პირველი დოზით აცრის შემთხვევაში 200 ლარს მიიღებენ, ხოლო ე.წ. ბუსტერ დოზით აცრის შემთხვევაში, ამავე ასაკობრივი ჯგუფის პირებს 100 ლარი ჩაერიცხებათ.