მასწავლებლობა რომ ურთულესი და უმნიშვნელოვანესი პროფესიაა, ეს ნატო შათირიშვილმა ბავშვობიდან გააცნობიერა.
პედაგოგის ოჯახში დაბადებული და აღზრდილი, კარგად ხედავდა, რამხელა ძალისხმევაა საჭირო, მოსწავლე საგნითაც დააინტერესო და საჭირო რჩევებიც მისცე.
ნატო შათირიშვილი, 32 წელია, ზვარეს სკოლაში მათემატიკას ასწავლის. ის წამყვანი მასწავლებელია; მასწავლებლობასთან ერთად, ბოლო რვა წელია, – ამავე სკოლის დირექტორი.
ნატო შათირიშვილი ამბობს, რომ სკოლაში წარმატებული მოსწავლეები ჰყავს. მეთორმეტე კლასში ოთხი მოსწავლიდან სამი ათოსანია, ორი – მედლის კანდიდატი. ზვარეს სკოლის მოსწავლეთა 80% წარჩინებით სწავლობს. ნატო მასწავლებელი მიიჩნევს, რომ ამ სკოლაში მოსწავლეები იღებენ ცოდნას, რომელსაც ცხოვრების ასპარეზზე წარმატებით იყენებენ.
– ქალბატონო ნატო, თქვენი აზრით, როგორ შეიძლება, რომ საქართველოში მასწავლებლის პროფესია ბევრად უფრო პრესტიჟული გახდეს?
– ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია. წარსულში საგანმანათლებლო სისტემის ხარვეზებს ახლა ვიმკით. ბოლო პერიოდში სახელმწიფოსთვის განათლება პრიორიტეტული გახდა და ეს დაფინანსებაზე აისახა. არის პრობლემები, რომელთა მოგვარება დროისა და უკეთესი მენეჯმენტის საკითხია. თუმცა, ასე თუ ისე, წინ მივდივართ.
– მასწავლებლებს რეალურად რამდენად უწყობს ხელს კარიერულ წინსვლაში დღეს მოქმედი სქემა?
– აქსიომაა, რომ მასწავლებელი მუდმივად უნდა ვითარდებოდეს. პედაგოგი სიახლეებს, სწავლების უკეთეს სტრატეგიებს სისტემატურად უნდა ეცნობოდეს, მრავალფეროვანი და საინტერესო გაკვეთილები რომ ჩაატაროს. კარიერული წინსვლის ეტაპებზე მასწავლებლები არათანაბარ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. რეფორმის ყველა ნიუანსი, გადაწყვეტილებების მიღებამდე, კარგად უნდა დაგეგმილიყო.
ის, რომ პედაგოგების ნაწილი კარიერული წინსვლის სქემით უკმაყოფილოა, ჩემთვის სავსებით გასაგებია. თავიდან, მასწავლებელი გამოცდას ათ კრედიტზე თუ ვერ ჩააბარებდა, კვალიფიკაციას ვერ აიმაღლებდა. შემდეგ უკვე ერთი კრედიტიც საკმარისი გახდა კომპეტენციის ასამაღლებლად. ამ ცვლილებამ პედაგოგებში იმედგაცრუება გამოიწვია.
აღმოჩნდა, რომ 2014 წლისთვის ბევრ მასწავლებელს მოუწევდა სკოლის დატოვება და განათლების სამინისტრო ამისთვის მზად არ აღმოჩნდა. მასწავლებელი, კვალიფიკაციის ამაღლების დროს, სტრესს არ უნდა განიცდიდეს და ეს პროცესი თანმიმდევრული უნდა იყოს.
– ქალბატონო ნატო, როგორ ექცევით მოსწავლეს, რომელიც დავალებებს სისტემატურად არ ასრულებს, არც ერთ გაკვეთილს არ სწავლობს?
– სკოლა მხოლოდ სასწავლო დაწესებულება არ არის. ჩვენი ვალდებულებაა, ისე აღვზარდოთ მოსწავლეები, რომ მათ ცხოვრებაში პრობლემები სწორად გადაჭრან. მასწავლებელს ყველა ბავშვი უნდა უყვარდეს.
თანამშრომლებს ყოველთვის ვეუბნები, რომ რთული ქცევის მოსწავლეებთან მეტად ვიმუშაოთ. ჰუმანური მიდგომა ძალიან მნიშვნელოვანია. იყო შემთხვევები, როცა მოსწავლეს, თავისი შესაძლებლობები რომ დავანახე, სპორტული მიმართულებით, დიდ წარმატებას მიაღწია. ასეთ დროს მშობლის მხარდაჭერა აუცილებელია.
– განათლების სისტემა რამდენად ამზადებს მოსწავლეებს 21-ე საუკუნის გამოწვევებთან გასამკლავებლად?
– სასკოლო სახელმძღვანელოები ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა. ბევრ წიგნში საკითხები მეთოდოლოგიურად არ არის დალაგებული. მათემატიკას ვასწავლი და ძალიან რთულია, როცა საკითხები ერთმანეთს არ უკავშირდება. ეს ხელს უშლის სწავლებას და დამახსოვრებასაც.
შეიძლება მოსწავლემ ერთი თემა გაიგო, მაგრამ შემდგომ მისი განმტკიცება აღარ ხდება. კარგი სახელმძღვანელოს გარეშე მოსწავლემდე სრულფასოვანი ცოდნის მიტანა შეუძლებელია.
დიდი გამოწვევაა კორონავირუსის პანდემია. რეგულაციების გამო სკოლაში შემეცნებითი და სპორტული ღონისძიებები აღარ ტარდება. რთული იყო ონლაინ სწავლება, რადგან მოსწავლეთა ნაწილს არც შესაბამისი ტექნიკა ჰქონდა და არც ინტერნეტი.
ზვარეს სკოლის 15 მოსწავლე დისტანციურ სწავლებაში ვერ ერთვებოდა. სკოლაში როცა სულ 60 მოსწავლეა, ეს პატარა რიცხვი არ არის.
საატესტატო გამოცდების გაუქმებამ, ჩემი აზრით, მოსწავლეთა შედეგებზე უარყოფითად იმოქმედა. ეს სკოლაში მიღებული ცოდნის ერთგვარი შეჯამება იყო.
პრობლემები უმაღლეს საგანმანათლებლო სისტემაშიც მრავლადაა. სწავლობენ კი უმაღლესში იმ საკითხებს, რომლებიც ცხოვრებაში გამოადგებათ?! ბაზარზე ამდენი უმაღლეს დამთავრებული სპეციალისტის მოთხოვნა არ არის. განათლების სამინისტროს სტრუქტურებს შორის მეტი კოორდინაცია უნდა იყოს.
– თქვენ მერის მრჩეველთა საბჭოს წევრი ბრძანდებით. რა ურჩიეთ მერს საქმიანობაში გასათვალისწინებლად ან რა გსურთ, რომ მომავალში ურჩიოთ, თქვენი თემის მოსახლეობის პრობლემებიდან გამომდინარე?
– მრჩეველთა საბჭოს წევრები ხარაგაულის მერს, კობა ლურსმანაშვილს, ორჯერ შევხვდით. მასთან მაღალმთიანი ზვარეს თემის პრობლემებზე ვისაუბრე. მიგრაცია ჩვენი მოსახლეობის ყველაზე დიდი პრობლემაა. ადამიანებს ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობის საკითხი აღელვებთ. ახალი რკინიგზის მშენებლობამ ზვარეს თემში ბევრი პრობლემა შექმნა. ჩრდილის დაწყებითი სკოლის კორპუსი ავარიულია და სრულ რეაბილიტაციას საჭიროებს.
ერთ რამეს დავაკვირდი, ჩვენი საზოგადოება მხოლოდ საყვედურების თქმას მიეჩვია. ლანძღვას და ურთიერთგადაბრალებას ჯობია, ყველამ ჩვენი საქმე ვაკეთოთ. ჩემი აზრით, ყოველთვის უნდა ვთქვათ, თუ რამე კარგი გაკეთდება. ნებისმიერ ადამიანს სტიმული და გამხნევება სჭირდება. ჩვენ ამ ბოლო დროს, რატომღაც მხოლოდ ხისტ დამოკიდებულებებს გავუხსენით გზა.
– ბოლო პერიოდში ადამიანებს შორის აგრესიული დამოკიდებულებების გამძაფრება შეინიშნება. თქვენ როგორ იქცევით, როდესაც სკოლაში მოსწავლისგან და თანამშრომლისგან აგრესიულ ქცევას აწყდებით?
– სოციალურ ქსელს თუ თვალს გადავავლებთ, აგრესია ნამდვილად მომატებულია. ამას ობიექტური და სუბიექტური მიზეზები აქვს. წლების განმავლობაში არასტაბილურმა სოციალურმა და ეკონომიკურმა გარემომ ადამიანებზე უარყოფითად იმოქმედა. შეუცდომელი არავინაა, არც ხელმძღვანელი და არც თანამშრომელი. სამსახურში ჩვენს საქმიანობას შინაგანაწესი და ქცევის კოდექსი არეგულირებს.
ჩემი ყველაზე დიდი პლიუსია ის, რომ კანონმორჩილი ადამიანი ვარ, ბევრის მოთმენა შემიძლია.
უამრავი სირთულე შემხვდა სკოლის დირექტორად მუშაობის წლებში. ყოველთვის ვცდილობ, ადამიანში კარგი ქცევა დავინახო და ცუდი დავივიწყო.
შევძელი, რომ სკოლაში პედაგოგებს შორის მეგობრული დამოკიდებულება ჩამოყალიბებულიყო. დღეს ერთ გუნდად მომუშავე ადამიანები ერთმანეთს საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. ამის შედეგია ის, რომ სკოლაში პრაქტიკოსი მასწავლებელი აღარ გვყავს.
ჩემს გარდა, სკოლაში კიდევ ოთხი წამყვანი მასწავლებელია. დარწმუნებული ვარ, წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსისთვის გამოცხადებული გამოცდების შემდეგ ბევრი მასწავლებელი კვალიფიკაციას აიმაღლებს. ამ პროცესში მათ ჩემგან ყველანაირი ხელშეწყობა ექნებათ.
ნინო კაპანაძე
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.