ხარაგაულის კოლორიტი პიროვნება ნიკოლოზ მაჭავარიანი იუბილარია.
„ჩემი ხარაგაულის“ რედაქცია ვაგრძელებთ გასულ წლებში გამოქვეყნებული საგაზეთო სტატიების ვებგვერდის მკითხველებისთვის შემოთავაზებას.
ამჯერად ნიკო მაჭავარიანთან და მის მეუღლესთან, ქეთევან ჩაჩანიძესთან, ჩაწერილ ინტერვიუს გთავაზობთ რუბრიკისთვის „სიყვარულის ისტორიები“.
– ისტორიის ფაკულტეტზე დაუსწრებლად ვსწავლობდი, – იხსენებს ნიკო მაჭავარიანი, – 1989 წლის ოქტომბერში ისტორიის მასწავლებლად ხიდრის საშუალო სკოლაში დამნიშნეს. მაშინ 21 წლის ვიყავი. ხიდარში უბისის ცხრაწლიანი სკოლიდან გადამიყვანეს.
პირველი გაკვეთილი XI კლასში მქონდა. შევედი კლასში, მივესალმე ბავშვებს… კარგად მახსოვს, ექვსი გოგონა და შვიდი ვაჟი – სულ 13 მოსწავლე იყო. 13 ჩემთვის კარგი რიცხვია.
ქეთინო პირველივე შეხედვით ძალიან მომეწონა, თითქმის ხუთი წელია ჩვენს შორის ასაკობრივი სხვაობა. ქეთინო მაშინ 16 წლის იყო. კლასში მასწავლებლად შესულმა, ქეთინოს, როგორც მოსწავლეს, ვერაფრით შევხედე.
ჩემი მხრიდან სერიოზული გრძნობა მალევე ჩამოყალიბდა. რაღაც პერიოდის მერე ქეთევანის ახლობელთან ვთქვი ჩემი გრძნობების შესახებ და ქეთევანმაც გაიგო.
ქეთევან ჩაჩანიძე: – ნიკომ კასეტაზე ჩაწერა სიმღერები, საკუთარი ლექსები და ასე ამიხსნა სიყვარული. ეს იყო სასწავლო წლის ბოლოს. მე, ჩვეულებრივად, ვსწავლობდი და თავდაპირველად ვერ ვგრძნობდი ნიკოს სიმპატიებს ჩემს მიმართ.
ნიკო თანდათან შეიცვალა… ყოველდღიურად სხვადასხვანაირი მოდიოდა – თითქოს დათრგუნული, შეშფოთებული, უჩვეულო გამომეტყველებით.
მეც ნელნელა მივხვდი – გოგოსთვის არ არის ამის შემჩნევა რთული. სასწავლო წლის ბოლოს უკვე აშკარა იყო ნიკუშას გრძნობები ჩემს მიმართ. უკვე უჭირდა დამალვა.
თუმცა არ საუბრობდა და ზღვარს არ გადადიოდა. თვითონ განიცდიდა ყველაფერს, რაც ჩვენს შორის ხდებოდა.
ნიკო: – სასწავლო წლის მიწურულია, მაისი… შევედი XI კლასში და დაფაზე დავიწყე ცნობილი რომაული გამოთქმის წერა – „ყველა გზა … მიდის“…
– სად მიდის ყველა გზა-მეთქი, – შევეკითხე მოსწავლეებს. ბევრმა ვერ უპასუხა. ქეთინომ, როგორც ყოველთვის, აწია ხელი და მითხრა – ყველა გზა, ნიკო მასწავლებელო, მიდის რომშიო. გულში კი ვფიქრობდი, რომში კი არა, ხიდარში მიდის-მეთქი.
ქეთევანი: – არ არის სწორიო, – მიპასუხა. გამიკვირდა, აბა სად მიდის-თქო – ვფიქრობდი. დავფიქრდი, მე ხომ არ შემეშალა-მეთქი. თურმე გულში სულ სხვას ფიქრობდა. ამიტომ არ მოეწონა ჩემი პასუხი.
სასწავლო პროცესის დამთავრების შემდეგ გამოცდები დაიწყო. სულ რაღაც ათი დღე ვერ ვნახეთ ერთმანეთი. ნიკო სტუდენტი იყო და ლექციებზე წავიდა. იმ ათი დღის განმავლობაში მივხვდი, „საით მიდის ყველა გზა“… მანამდე ვერ აღვიქვამდი. ვერ ვგებულობდი, რომ ასე ძლიერ მიყვარდა.
სკოლაში მოსულს ეს ჩანახატი მივეცი:
„სიხარული გაიშვიათდა ჩემს ცხოვრებაში, შენი სიშორის გამო. ვიცი, ოცნებით ახლოსა ვართ, მაგრამ შენი ერთი დანახვა ყველაფერს შემაძლებინებდა. აღარ მაქვს ძალა, ვიმეცადინო. წიგნებს ისე უაზრო თვალებით დავცქერი, მეხათრება კიდეც მათი. არ ვიცი, როგორ წარიმართება ჩემი ცხოვრება უშენოდ.
შენი ხმით ვსაუბრობ, შენი მანერებით ვმოქმედებ, მინდა შენ დაგემსგავსო სრულიად, მინდა შენეული ვიყო. ნეტავ გამაძლებინა 16 თიბათვემდე. ძალიან მეშინია, როცა ჩემთან ახლოს არა ხარ… გამოსავალი ვერ ვიპოვე. გეხვეწები, იპოვე, მომეხმარე, შემაძლებინე; რომ იცოდე, ჩემს გულში რა ხდება, ვერ მოისვენებდი.
მეშინია, არ დავიღალო. გაიგე, რომ მე უკვე დავუძლურდი, ცრემლები და მარტოობა რომ არ არსებობდეს, ალბათ გავგიჟდებოდი. როგორ გელოდები…“
ეს იყო ჩემი სულიერი განცდები. რაღაც ბობოქრობდა ჩემს სულში და ვერ ვხვდებოდი, რა ხდებოდა. რაღაც უცხო გრძნობა დამეუფლა, რომელიც ჩემში დაუკითხავად შემოიჭრა. ეს ყველაფერი, ჩემი სულიერი განცდები გადავიტანე ჩანახატში. არ ვაპირებდი ნიკოსთვის ჩვენებას, მაგრამ ჩემდა უნებურად მივაწოდე მას. პირვანდელი სახით დღემდე ვინახავ იმ ჩანახატს.
თითქოს ნიკუშას ნაფიქრს ჩემი გულის კარნახი მოჰყვა. სიყვარული როდის მოვა, არავინ იცის. ამ გრძნობამ დამისაკუთრა ისე, რომ საკუთარ თავს ვერ ვცნობდი. თუმცა, ეს იყო ჩუმი, უტყვი და არავინ იცოდა, ჩვენ ორის გარდა.
ნიკო: – ქეთინომ სკოლა დაამთავრა და ნოემბერში ვიქორწინეთ. ქეთევანი მაშინ 17 წლის იყო. არც ერთ მშობელს არ უნდა, ამ ასაკში მისმა ქალიშვილმა ოჯახი შექმნას. ქეთინომ ჩვენი ამბავი დედას უამბო და მანაც გაუგო. რაც შეეხება ქეთევანის მამას, ახლობელს უთქვამს ჩვენზე და შეწუხებულა (ისე, როგორც, ალბათ, ერთ დროს შევწუხდები მეც) – ჯერ ბავშვია ჩემი შვილი, თან მასწავლებელს მოსწავლე როგორ უყვარსო.
მოგეხსენებათ ქალების ამბავი და, შეაგუეს. ერთხელ ხარაგაულში დავინახე ჩემი მომავალი სიმამრი, ბატონი ომარი, – მაშინ კულტურის სახლში მუშაობდა. …
ერთი სიკვდილი კი გავათავე, მაგრამ მივედი, ჩამოვართვი ხელი და ვუთხარი, სალაპარაკო მაქვს და თუ შეიძლება, სადმე დავჯდეთ-მეთქი. გავივლი, საქმე მაქვს და დამელოდეო, – მითხრა.
ველოდები. ვხედავ, ბატონი ომარი აივლის – ჩაივლის. ასე გავიდა ხუთი საათი. ვეღარ გავძელი, მივედი და ვუთხარი, სერიოზული საქმე მაქვს და დღეს თუ მოიცლით-მეთქი.
ავედით რესტორანში. პირისპირ დავჯექით. ჯერ ვერ დავიწყე საუბარი. თამადობა შევთავაზე და იუარა, შენ დამპატიჟე და შენვე იყავიო. ხუთი ჭიქის მერე უკვე სითამამე მომემატა და ვუთხარი: ბატონო ომარ, ვიცი თქვენც საქმის კურსში ხართ, მე და თქვენს ქალიშვილს ერთმანეთი გვიყვარს და იმედია, გვერდში დაგვიდგებით-მეთქი.
– ასე თუ გიყვარს ჩემი ქალიშვილი, ჩვეულებრივი სასმისით ამბობ მის სადღეგრძელოსო? – მკითხა. მიმტანს აღარ დავუძახე, ავიღე ღვინის ბოთლი და პირდაპირ მოვიყუდე. თვითონაც აიღო იგივე ბოთლი და მითხრა, ამით შენ და ჩემს ქალიშვილს დაგლოცავთო და დალია.
ეს იყო ძალიან მაგარი დღე ჩემს ცხოვრებაში. სახლში რომ მისულა, ქეთევანისთვის უთქვამს, მაჭავარიანის კნეინას ვახლავართო.
ქეთევანი: – ჩემი ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო სწავლა. მამამ ეს იცოდა, ამიტომ იყო ჩემი ადრიანად დაოჯახების წინააღმდეგი.
ნიკო ამბობდა, ამასობაში დრო გავა, შეიძლება რამე მოხდესო და თავს იზღვევდა. ასე შევქმენით ოჯახი, ცუდი გადაწყვეტილება ნამდვილად არ მიგვიღია. მე სწავლა მაინც შევძელი.
აქ არაჩვეულებრივი ოჯახი დამხვდა. ქალბატონ ცაცოს „დედას“ ვეძახი. მისი დამსახურებაა, რომ მე სწავლის გაგრძელება შევძელი. ამაში ნიკოც გვერდით მედგა. ოჯახიდან ერთდროულად სამი სტუდენტი ვსწავლობდით და ეს ჩვენი ოჯახისთვის ნამდვილად გმირობის ტოლფასი იყო.
ნიკოს ადამიანებთან ურთიერთობის განსაკუთრებული თვისება აქვს. სხვებსაც უთქვამთ ეს. გამორჩეული დამოკიდებულება გამოავლინა ნიკომ ჩემი მშობლების მიმართაც. მშობლებმა გაგვიგეს.
განვლილ წლებს რომ ვიხსენებ, ძალიან რთულ პერიოდში მოგვიწია შეუღლებამ, მაგრამ სიყვარული ყველაფერს შეაძლებინებს ადამიანს. ცხოვრებასთან ჭიდილი ყველა დროში რთულია. გვყავს არაჩვეულებრივი ოჯახი. ვარ ორი შვილის დედა და ბედნიერი ოჯახი ვართ.
მთავარია, სულით არ დაეცეს ადამიანი და დანარჩენი ყველაფერი იქნება. უპირველესად, იმას ვურჩევ ახალგაზრდებს, რომ ერთმანეთი უყვარდეთ. სიყვარულის გარეშე ოჯახის შექმნა რთულია. ოჯახი სიყვარულზე უნდა იყოს დაფუძნებული.
– გვესაუბრეთ თქვენს შვილებზე.
ქეთევანი: -რთულია საკუთარ თავსა და შვილებზე საუბარი, მაგრამ ჩვეულებრივი ბავშვები არიან. დათო ჩვენი ნანატრი შვილია. იმედია, ჩვენს იმედებსა და მოლოდინს გაამართლებს. დასაწყისი კარგი აქვს და ვნახოთ, რა იქნება. ყველაზე მეტად ის გვახარებს, რომ დათოს მხატვრული ლიტერატურის კითხვა უყვარს. ცოდნა მაინც უმთავრესია. წარმატებებს ვუსურვებ დათოს. რაც შეეხება ანას, უყვარს მუსიკა, სიმღერა, ცეკვა.
ნიკო: – საერთოდ, ყველაფერს აქვს თავისი ჩარჩო. ამ ჩარჩოში შედის ზნეობა, სიკეთე, სიყვარული. ჩვენ დიდი სიყვარულით შევქმენით ოჯახი, ყოველგვარი წესის დაცვით. ჯერ გვქონდა ნიშნობა, შემდეგ ჯვრისწერა და ქორწილი, ქრისტიანული მორალის დაცვით.
თუკი სიყვარულია, ის უნდა იყოს ნამდვილად წმინდა და სუფთა. რაც დრო გადის, ჩვენს ოჯახს ჩვენი გრძნობა აძლიერებს.
ცხოვრებაში უამრავი პრობლემაა. რაღაც გამოგდის, რაღაც – არა. ძალიან დიდი ძალაა საჭირო იმისთვის, რომ ამ ყველაფერს გაუძლო.
სიყვარული არ არის მხოლოდ ქალსა და კაცს შორის ურთიერთობა. ზოგადად, სიყვარულის ნიჭი უნდა გქონდეს ადამიანს. ყველა უნდა გიყვარდეს. სიყვარული ძალას გაძლევს და ბევრ დაბრკოლებას გადაგალახვინებს.
ზოგადად, ნიჭიერი თაობა მოდის. გაცილებით მეტი იციან. ნიჭიც აქვთ და ამ ნიჭს მაქსიმალურადაც იყენებენ. სულ ვარიგებ ჩემებს, ვდიდაქტიკოსობ. მათ თაობას ბევრი რამ შეუძლია. დათოს კლასი საკმაოდ ძლიერია. მინდა, რომ ჰქონდეთ ცოდნის დიდი მარაგი.
მინდა ჩემი შვილები ზნეობრივად მაღალი ადამიანები იყვნენ, ნამდვილი ქართველები; ისეთები, როგორიც წინაპრები ჰყავდათ.
პოეტი არ გახლავართ, მაგრამ ჩემი ადრინდელი ლექსები შენახული გვაქვს.
გთავაზობთ ერთ-ერთ მათგანს (მრავალწერტილების ნაცვლად ყველგან, ბუნებრივია, იგულისხმება „ქეთევანი“).
ხვალის წუხილს რა გამოლევს, მიდის აზრთა ქარავანი,
დღეს ჩემს ფიქრთა საზომია, ჩემი კარგი . . .
ხვალის სათქმელს დღეს თუ ვეტყვი,
ვერ მოვითმენ ცოტა ხანი,
მაშინათვე შემიძულებს ჩემი ქალი . . .
ვეღარ ვითმენ, რომ არ ვუთხრა,
ამიტომ ვარ დარდიანი,
ღმერთო ჩემო, რა შეგცოდე,
გულს რად მიკლავს . . .
იგრიკას თვე გაივლის და ვარდობისთვის მოვა ხანი,
შემიყვარებს, შემიყვარებს ჩემი კარგი . . .
სოფო ჭიპაშვილი
გაზეთი „ჩემი ხარაგაული“
2011 წ.
თქვენ ასევე დაგაინტერესებთ
ხუმრობენ ხარაგაულელები (ნიკო მაჭავარიანი)
29 ნოემბერს აქციის ძალადობრივად დაშლის
სამოქალაქო საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის მენეჯერი ვანო ჩხიკვაძე
შალვა პაპუაშვილი ღია ეთერში ამბობს, ჩვენ რომ ახლა ევროკავშირში შევიდეთ,
წუხელ ხარაგაულსა და ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფლებში მოთოვა.
ამერიკის მთავრობის მიერ საქართველოში სამთავრობო პროგრამების