გულისხმიერი, კეთილი, მცოდნე, ყურადღებიანი, – ასე იხსენებენ ხარაგაულში კოლეგები და ახლობლები ლამარა ავალიშვილს, – ქალბატონს, რომელიც 33 წელი მუხლჩაუხრელად და დაუზარლად ემსახურებოდა ყველას, ვისაც მისი დახმარება სჭირდებოდა.

ლამარა ავალიშვილი დაიბადა 1939 წლის 28 აგვისტოს კიცხში ვლადიმერ ავალიშვილისა და თეონა აბაშიძის ოჯახში. 1955 წელს წარჩინებით დაამთავრა კიცხის საშუალო სკოლა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ფარმაციის ფაკულტეტზე. ინსტიტუტი წითელ დიპლომზე 1960 წელს პროვიზორის კვალიფიკაციით დაამთავრა. იმავე წელს დაიწყო მუშაობა ხარაგაულის ცენტრალურ აფთიაქში. რამდენიმე წლის შემდეგ გადაიყვანეს ხარაგაულის ცენტრალური საავადმყოფოს აფთიაქში პროვიზორად, სადაც მუშაობდა 1993 წლამდე.

1964 წელს დაქორწინდა ნუგზარ შარიქაძეზე. მათ შესანიშნავ ოჯახში აღიზარდნენ ხათუნა, ლელა და კაკო შარიქაძეები.

„არაჩვეულებრივი ადამიანი იყო. თუ შეიძლება ვინმეზე ითქვას კარგი, უნდა ითქვას ლამარაზე, – ასე საუბრობს ლამარა ავალიშვილზე ხარაგაულის ყოფილი ცენტრალური აფთიაქის ღვაწლმოსილი თანამშრომელი, ასი წლის ქალბატონი ქეთო თხელიძე, – ერთი უსიამოვნება არ მახსოვს კოლექტივში მისგან. გულისხმიერებით გამოირჩეოდა. საუკეთესოდ იცოდა თავისი საქმე.“

ხარაგაულის ყოფილი ცენტრალური აფთიაქის თანამშრომელი როზა ლაბაძე ამბობს, რომ ადამიანი პენსიაში გასვლის შემდეგ ცხოვრობს მოგონებებითა და წარსულით. „ხშირად ვიგონებ ჩემს თანამშრომლებს და თითოეულ მათგანზე მხოლოდ კარგი მახსენდება, – გვიამბობს ქალბატონი როზა, – ლამარა ავალიშვილი იყო ბრწყინვალე პიროვნება, მაღალი დონის პროფესიონალი, კეთილი ადამიანი. არასდროს უთქვამს უარი დახმარებაზე სამსახურებრივ საქმიანობასა თუ საოჯახო საქმეში. ზოგჯერ სამსახურიდან გათავისუფლება მჭირდებოდა და უყოყმანოდ მენაცვლებოდა. მკაცრიც იყო. თანამშრომლებისგან ითხოვდა იდეალურ სისუფთავეს. განსაკუთრებით დიდ ყურადღებას აქცევდა იმ ოთახების სანიტარულ მდგომარეობას, სადაც წამლები მზადდებოდა. ვერ იტანდა უწესრიგობას.

ლამარასნაირი კეთილი ადამიანები დიდხანს უნდა ცოცხლობდნენ. ძალიან განვიცადე მისი ამქვეყნიდან წასვლა. ნათელი დაადგეს მის სულს.“

ხარაგაულის საავადმყოფოს ექიმი აზა ფურცელაძე იხსენებს, რომ ლამარა ავალიშვილი მაღალი ავტორიტეტით სარგებლობდა თანამშრომლებში. „იყო არაჩვეულებრივი, მცოდნე. ძალიან თბილი დამოკიდებულება ჰქონდა ექიმებთან. რა დროს უნდა გამოგვეძახებინა საავადმყოფოში, რომ არ მოსულიყო. შეიძლება ითქვას, რომ ლამარა ავალიშვილი უნაკლო ადამიანი იყო. დარწმუნებული ვარ, თუ ვინმეს მისი კონსულტაცია დასჭირდებოდა, გზაშიც რომ გაეჩერებინათ, არავის არაფერს დაზარდებოდა,“ – აღნიშნა აზა ფურცელაძემ.

ექიმი ალექსანდრე ბარბაქაძე მიიჩნევს, რომ თუ რამ კარგი სიტყვა არსებობს ქართულ სიტყვიერებაში,  ყველაზე ლამაზი სიტყვებით ლამარა ავალიშვილზე უნდა ვისაუბროთ. „ქალბატონი ლამარა თავისი პროფესიონალიზმით, ოჯახიშვილობითა და ადამიანობით ნამდვილად იმსახურებს საუკეთესო შეფასებას,“ – ამბობს ალექსანდრე ბარბაქაძე.

ხარაგაულის #3 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი ვენერა კიკნაძე ლამარა ავალიშვილზე საუბრისას აღნიშნავს, რომ მასში ადამიანობა და პროფესიონალიზმი ჰარმონიულად იყო შერწყმული. „ქალბატონი ლამარა საოცრად გულისხმიერი გახლდათ, – ყველა ადამიანის ჭირისა და ლხინის გამზიარებელი. როგორც მშობელი, გამოირჩეოდა დიდი ყურადღებით. აქტიურად იყო ჩართული სასკოლო ცხოვრებაში. სამწუხაროდ, ადრე წავიდა ამქვეყნიდან. ხარაგაულის საზოგადოებას ძალიან დაენანა და ყველამ განიცადა მისი გარდაცვალება.“

დედას განსაკუთრებული ემოციით იხსენებს მისი ქალიშვილი ლელა შარიქაძე. „მეუხერხულება დედაზე საუბარი. ბავშვობიდან რაც ყველაზე კარგად მახსოვს, ესაა ჩვენი მშობლიური სოფელ  მარელისის მაცხოვრებლების დიდი პატივისცემა დედასადმი. მარელისში რომ ავდიოდით, მთელი სოფელი ეგებებოდა. გაღმა მარელისში მცხოვრები მოხუცი ქალბატონი ცაბო მაღრაძე რომ გაიგებდა ჩვენს მისვლას, ქათქათა ტილოგადაფარებული კალათით გვესტურებოდა ხოლმე. ჩვენი მეზობელი მამუკი შველიძე, – ეკა შველიძის მამა, – რომ დაინახავდა დედას, – რძალი მობრძანებულა, რძალიო, – დაიძახებდა. დედას მთელი სოფლის მოსახლეობა აკითხავდა წამლისა და კონსულტაციისთვის. ძალიან ადრე, 54 წლის ასაკში, წავიდა ჩვენგან. არაჩვეულებრივ მალამოებს ამზადებდა. მის რეცეპტებს დღემდე ვიყენებთ.

ხარაგაულელების ჯანმრთელობის სადარაჯოზე იდგა. დღემდე მიკვირს, როგორ ასწრებდა, რომ სახლშიც იდეალური წესრიგი ყოფილიყო, დღეში რამდენჯერმე, ხშირად ღამეც, გამოძახებაზე წასულიყო და ყველას დახმარებოდა.

ხშირად ვფიქრობ, რომ ჩვენი ოჯახი დედას სიკეთემ გადაარჩინა და მოგვიყვანა დღემდე. მისი მადლით ვუძლებთ ამ ძალიან მძიმე ცხოვრებას,“ – დასძენს ლელა შარიქაძე და მოახლოებული აღდგომის დღესასწაულს ულოცავს ყველას, ვისაც ახსოვს, პატივისცემითა და სიყვარულით იხსენებს ლამარა ავალიშვილს და მისგან ადამიანთა გადარჩენისათვის გაღებულ სიკეთეს არ ივიწყებს.

ნინო კაპანაძე

 

ფოტოზე: ხარაგაულის რაიონული საავადმყოფოს აფთიაქის თანამშრომლები ჟუჟუნა ხარატიშვილი, შალვა გელაშვილი ქალიშვილ ნათელასთან ერთად, ლამარა ავალიშვილი, ლილი ბუხნიკაშვილი.