-საქართველოში 2005-2006 წლებში ჩეხეთიდან შემოდიოდა ბავშვთა კვების პროდუქტი, რომელიც ნარკოტიკის გადაჭარბებული დოზით იყო დაავადებული, – განაცხადა თბილისში 18 მარტს სასტუმრო „ქორთიარდ მერიოტში“ გამართულ პრეზენტაციაზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა, კვების ექსპერტმა ეთერი სარჯველაძემ, – არასწორი დაგეგმარების გამო ქარის მიმართულებამ გადაიტანა ხორბალზე ნარკოტიკი, რომელიც სამრეწველო მიზნით იწარმოებოდა.

ხორბლიდან ნარკოტიკი მოხვდა ბავშვთა საკვებში. საქართველოში დედებს უხაროდათ, რომ ბავშვები სუქდებოდნენ და ეძინათ. არავინ იყო პატრონი, სანამ მე არ ავტეხე განგაში. ეს ამბავი ჩეხეთში ყოფნის დროს შევიტყვე. თავად ჩეხებმა დაბინძურებულ ხორბალზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომ გადაემუშავებინათ მხოლოდ ტექნიკური მიზნისთვის, – სახამებელი უნდა მიეღოთ საღებავების დასამზადებლად ან დაეწვათ. ვიღაც „ჩალიჩმაისტერმა“ ქართული საზოგადოებიდან მავნე პროდუქტი კაპიკებად შემოიტანა საქართველოში.

საქართველო, საბედნიეროდ, არის მრავალფეროვანი ტერიტორიული დარაიონების ქვეყანა, დაწყებული მთის მწვერვალიდან, დამთავრებული ღრმულებამდე. თითქმის ყველა პროდუქტის მოყვანა შეგვიძლია. ჩვენ რომ ჭკუათ მიმდგარიყავით, დღეს არ გვექნებოდა ეკონომიკის თვალსაზრისით ყველაზე დაბალგანვითარებული, ყველაზე მარტივი,- მომხმარებლური ქვეყანა. ჩვენი ქვეყნის ყველაზე დიდი ტრაგედია კი ისაა, რომ საბაჟოზე მოვხსენით ფიტო და ზოოსანიტარული კონტროლი, – განაცხადა ეთერი სარჯველაძემ პრეზენტაციაზე.

პრეზენტაცია საქართველოსა და ამიერკავკასიაში არსებული სასურსათო უსაფრთხოების ინსტიტუციური მექანიზმების კვლევებს მიეძღვნა. კვლევები მომზადდა ევროკავშირისგან დაფინანსებული პროექტის „ეროვნული სასურსათო უსაფრთხოების სტრატეგიის სრულყოფა და მცირე ფერმერების მხარდაჭერა სამხრეთ კავკასიაში“ ფარგლებში.

შეხვედრას ესწრებოდნენ მთავრობის წარმომადგენლები, საერთაშორისო და ადგილობრივი სამოქალაქო და კვლევითი ორგანიზაციები.

აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2014 წელს ოქსფამმა დაასრულა ორი სხვადასხვა კვლევა: სასურსათო უსაფრთხოების საბაზისო მონაცემების კვლევა ამიერკავკასიაში და სასურსათო უსაფრთხოების შემადგენელი ინსტიტუციური მექანიზმების მიმოხილვა საქართველოში. ეს კვლევები არის სოფლის მეურნეობის, სოციალური და ეკონომიური პოლიტიკის ანალიზის პირველი მცდელობა სასურსათო უსაფრთხოების ჭრილში.

კვლევის შედეგად შემუშავდა საჯარო პოლიტიკის ცვლილებების დეტალური რეკომენდაციები ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებისა და ადგილობრივი წარმოების ხელშეწყობისთვის საქართველოში, რათა მოსახლეობა უზრუნველყოფილი იყოს ჯანსაღი და სრულფასოვანი საკვებით.

პირველი კვლევის მთავარმა ავტორმა, პროფესორ ჯორჯ ველტონმა კვლევის პრეზენტაციისას ხაზი გაუსვა იმპორტზე დამოკიდებულებას, ოჯახის შემოსავლების საკვებზე დახარჯული ხარჯების მაღალ პროპორციას, სიმსუქნისა და ჭარბწონიანობის საგრძნობლად მაღალ მაჩვენებლებს საქართველოში, არასათანადო კვების პრობლემას ბავშვებში.

სასურსათო უსაფრთხოების ინსტიტუტიური მექანიზმების მიმოხილვა საქართველოში შეხვედრაზე წარმოადგინა ამ კვლევის მთავარმა ავტორმა, ეკონომიკის ექსპერტმა, პროფესორმა მიხეილ ჯიბუტმა.

-ჩვენი მიზანი იყო, შეგვეფასებინა სასურსათო და კვების უსაფრთხოება საქართველოში, – ერთი მხრივ, თუ როგორია პოლიტიკური ნება, დაწყებული პოლიტიკური ნორმატიული აქტებით, კონსტიტუციით, კანონებით ამ სფეროში, პროგრამებით, დამთავრებული ხანგრძლივვადიანი და მოკლევადიანი სამთავრობო პროგრამებით.

მეორეს მხრივ, – უნდა დაგვედგინა, თუ რა მდგომარეობაშია სასურსათო უსაფრთხოების სისტემა საქართველოში. არსებობს თუ არა ეს სისტემა, როგორია მისი ელემენტები და მათ შორის კოორდინაციები.

მიხეილ ჯიბუტის განცხადებით, – დასკვნა არის ძალიან მძიმე. კვლევაში მოცემულია შესაბამისი დასაბუთებაც, რომ საქართველო სასურსათო უსაფრთხოების ყველა დონეზე, – განვიხილავთ საქართველოს მთლიანად სახელმწიფოს დონეზე, საოჯახო თუ ინდივიდუალურ დონეზე, არის სასურსათო უსაფრთხოების დაბალი დონის, ძალიან მაღალი რისკის შემცველი ქვეყანა. მსოფლიო სასურსათო უსაფრთხოების კომიტეტის განმარტებით, სასურსათო უსაფრთხოება არსებობს მაშინ, როდესაც თითოეულ ადამიანს ნებისმიერ დროს გააჩნია ფიზიკური, სოციალური და ეკონომიკური წვდომა საკმარისი რაოდენობის უსაფრთხო და ხარისხიან საკვებზე, რომელიც საშუალებას იძლევა, დაკმაყოფილდეს მათი საკვებზე მოთხოვნები და არჩევანი შესაბამის სანიტარულ და სამედიცინო მომსახურების პირობებში ჯანმრთელი (ჯანსაღი) და აქტიური ცხოვრების წესის წარმართვისათვის.

კვლევის შედეგად გაკეთდა დასკვნა, რომ საქართველო არის სასურსათო და კვების უსაფრთხოების გარეშე ქვეყანა.

ანუ, იმ, განმარტებით, რა შინაარსითაც სასურსათო უსაფრთხოება გაიგება საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, სასურსათო უსაფრთხოების ასეთი ტიპის სისტემა ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს.

უფრო მეტიც, – სასურსათო უსაფრთხოების ჯაჭვი მთლიანად ქვეყანაში, ხელმისაწვდომობიდან მოხმარებამდე, ძირითადად ფუნქციონირებს ბაზრის სტიქიური მექანიზმის პირობებში და ის ერთიანი სისტემის სახით არ არის.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციისგან დადგენილია სასურსათო უსაფრთხოების ანალიზი ოთხი მიმართულებით, – ესაა საკვების არსებობა, ხელმისაწვდომობა, მოხმარება და სტაბილურობა. ზოგჯერ ხდება, რომ ანალიზის დროს მოხმარებასა და სტაბილურობას აერთიანებენ. ამის აუცილებლობა ჩვენს შემთხვევაში არ არის.

თითქმის ყველა ქვეყანას გააჩნია კანონი ან პროგრამა, სადაც განსაზღვრულია სასიცოცხლოდ აუცილებელი პროდუქტების ჩამონათვალი. საქართველოში ასეთი ჩამონათვალი დოკუმენტებში არ არსებობს. სოფლის მეურნეობის განვითარების ახლახან მიღებულ სტრატეგიაში პირველად გამოჩნდა ასეთი ჩამონათვალი, თუმცა ეს ჩამონათვალიც არის კონტექსტური.

როგორია ქვეყნის საკვებით თვითუზრუნველყოფის პროცენტი? საერთაშორისო ნორმაა, რომ იმპორტი არ უნდა აღემატებოდეს სასურსათო პროდუქტების 20%-ს, ეს არის ნორმალური ქვეყნისათვის. აბსოლუტურად 100-ვე პროცენტით თვით აშშ-ც არ უზრუნველყოფს თავის მოსახლეობას. საქართველოში ეს ზომა აღემატება 70 პროცენტს.

ხელმისაწვდომობა  – შეიძლება წარმოებული პროდუქცია საკმარისი იყოს, მაგრამ, ვერ შეძლონ ადამიანებმა ამ სურსათის მოხმარება სიღარიბისა და ფასების ზრდის გამო.

რა ფიზიოლოგიური ნორმა არსებობს ადამიანის მოხმარების და რამდენს მოიხმარენ ისინი?

ჩვენთან ამ მხრივაც ძალიან მძიმე სურათია. საქართველოში ადამიანები პურსაც კი მოიხმარენ ნორმაზე ნაკლებს, სხვა პროდუქტზე, – ბოსტნეული, ხორცი, რძე, – რომ აღარაფერი ვთქვათ.

საქართველოში მოსახლეობისგან სურსათის მოხმარების 70 პროცენტი მოდის პურზე. მხოლოდ ეს დასკვნაც კი, განსაკუთრებულად სვამს პურის ხარისხის თემას.

პურის ბაზარზე არის ასეთი რეკლამა, – „ჩვენ არ ვღებავთ.“ პურის მწარმოებელს რომ ასეთი სლოგანი გამოაქვს და თვლის, რომ „ჩვენ არ ვღებავთ,“ – კარგია, ეს იმის მაჩვენებელია, რომ ბევრი მწარმოებელი პურს ღებავს. ეს ძალიან სერიოზული თემაა და უმწვავესად დგას ეს საკითხი.

მოხმარების საკითხი არის სწორედ ის თემა, სადაც სასურსათო უსაფრთხოება და კვების უსაფრთხოება ერთმანეთს არის გადაჯაჭვული.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ სასურსათო უსაფრთხოების მხრივ მთავარი იყო შიმშილის დაძლევა. რომ არ ყოფილიყო შიმშილი, მარცვლეულის, – ხორბლისა და ბრინჯის წარმოება იყო ძირითადი მიმართულება. 70-იანი წლების შუა ხანებში, შემოვიდა არა მარტო შიმშილის დაძლევის, არამედ კვების ხარისხის თემა. კვებისა და სასურსათო უსაფრთხოების საკითხების ერთმანეთისგან დაშორება არ შეიძლება, თუმცა მათ აქვთ თავისი ავტონომიური მიმართულებები. კვების უსაფრთხოება განიხილავს ბიოლოგიური კუთხით, მის სიცოცხლისუნარიანობას, ხოლო სასურსათო უსაფრთხოება განიხილავს უკვე სოციალურ-ეკონომიკურ საკითხებს.

საკვების მოხმარების ნორმის დადგენა, – რა უნდა ჭამოს, რამდენი კალორია უნდა მიიღოს, რამდენი მიკროელემენტი უნდა იყოს საკვებში, – ეს არის სპეციალისტების საკვლევი. ეს ნორმა რომ დადგინდება, შემდეგ ეკონომისტებმა უნდა გადაიყვანონ სასურსათო კალათაში. სასურსათო კალათით გამოიანგარიშება მინიმალური ხელფასი, მინიმალური პენსია. მთელი პოლიტიკაა ამაზე აგებული.

კვების უსაფრთხოების კუთხითაც დასკვნა არის ძალიან უარყოფითი. კვება ერთფეროვანია და მისი სტრუქტურა არის არაჯანსაღი.

ჯანმრთელობის სამინისტროს 2003 წლის 8 მაისის ბრძანებითაა დამტკიცებული საკვების ფიზიოლოგიური ნორმები, რაზეც მიბმულია საარსებო მინიმუმის თემა.

2003 წელს რომ ეს ნორმა შემუშავდა, საარსებო მინიმუმი 130 ლარიდან დაეცა 84 ლარზე.

ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებას ამ თემისთვის ხელი არ მოუკიდია. არც ოცნების ხელისუფლება ჩქარობს ამ ნორმების გადახედვას.

ზოგიერთი სპეციალისტი ამბობს, რომ საქართველოში ზრდასრული ადამიანისათვის დადგენილია  ისეთი ნორმები, როგორიც ამერიკაში ხუთი წლის ბავშვისთვის. ამ საკითხთან დაკავშირებით სერიოზული პრობლემაა. ათი წელია, ეს ნორმა არ იცვლება, – ამბობს მიხეილ ჯიბუტი.

კვლევებისგან მიღებული უმძიმესი დასკვნების მიუხედავად, პრეზენტაცია ოპტიმისტურად დამთავრდა, რადგან, როგორც შეხვედრის მონაწილეებმა აღნიშნეს, გასულ წლებში ამ თემებზე მსჯელობა და საუბარიც კი წარმოუდგენელი იყო და არ შეიძლებოდა.

შეხვედრაზე, როგორც სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე გოჩა ცოფურაშვილმა  აღნიშნა, სამინისტროში იქმნება სასურსათო უსაფრთხოების პოლიტიკაზე მომუშავე ჯგუფი და მის მუშაობაში ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეეძლება ჩართვა.

ლაურა გოგოლაძე