რამდენიმე დღეც და ახალი, 2022 წელი შემოაბიჯებს. ბევრ ოჯახში ახალი წლის დადგომისას განსაკუთრებულ ტრადიციებს იცავენ – საგანგებოდ არჩევენ მეკვლეს და განსხვავებულ კერძებს აკეთებენ.

ამბობენ, რომ ახალი წლის ჯადოსნურ ღამეს ჩაფიქრებული სურვილები აუცილებლად ახდება.

რას ელოდებიან ახალი, 2022 წლისგან; რა სურთ, რომ მომავალ წელს ხარაგაულში გაკეთდეს და როგორი იქნება ხარაგაული ათი წლის შემდეგ, – ამ შეკითხვებზე ხარაგაულელები გვპასუხობენ.

თეა ტალახაძე: – ჩემთვის ყველა ახალი წელი ახალი იმედების, იდეების, მიზნების განხორციელების წელია. იმედია, 2022 წელს კორონავირუსს მოვიშორებთ და დავუბრუნდებით ნორმალურ ცხოვრებას, – როცა უშუალო ურთიერთობის პრობლემა არ გვქონდა. მჯერა, მომავალ წელს უფრო ლაღები ვიქნებით.

ძალიან მინდა, ხარაგაულში ახალგაზრდებისთვის ახალი პროგრამები განხორციელდეს; სკოლის მოსწავლეებსა და სკოლადამთავრებულებს შესთავაზონ ისეთი აქტივობები და ღონისძიებები, რომლებიც მათ სამოქალაქო ჩართულობასა და პასუხისმგებლობას გაზრდის.

ხარაგაულში ბევრი ღონისძიება ეწყობა. თუმცა, ახალგაზრდებს რეალურად მეტი მხარდაჭერა და კომუნიკაცია სჭირდებათ.

კარგი იქნება, თუ სკოლებისთვის მინი გრანტების კონკურსი გამოცხადდება და მათი საპროექტო იდეები დაფინანსდება.

 

მინიმალურიც რომ იყოს, სკოლები დაინტერესდებიან. მოსწავლეები პროექტის წერას და ბრძოლას მიეჩვევიან. ეს შედეგზე ორიენტირებული პროექტი იქნება.

მსურს, ქუჩაში ადამიანები ერთმანეთს ღიმილით ხვდებოდნენ და არა – ყოფითი პრობლემებით დაღლილი სახეებით.

 

ნიკო დეკანოსიძე: – მინდა, 2022 წელი მრავალფეროვანი იყოს და ადამიანები სამყაროს მხოლოდ შავ-თეთრ ფერებში არ ვუყურებდეთ. მომავალ წელს ველოდები სიმშვიდეს, ქვეყანაში სტაბილურობას.

ხალხი გადაიღალა ამდენი არჩევნებით, დაპირისპირებით, სიტუაციის დაძაბვით. ვფიქრობ, საზოგადოება მივა იმ აზრამდე,  რომ სახელმწიფოს მშვიდობა და განვითარება სჭირდება. ველოდები ყოველივე სიკეთეს.

დიდი ტრადიციების მქონე, 120 წლის ხარაგაულის თეატრს ცალკე შენობა სჭირდება. მე, როგორც მსახიობი, ველოდები, რომ ხარაგაულში თეატრისთვის შენობა აშენდება. ეს დიდი ბედნიერება იქნება არა მარტო ჩემთვის.

ვფიქრობ, ხარაგაული ათი წლის შემდეგ ძალიან ლამაზი იქნება. წარმომიდგენია ჩვენი კულტურისა და დასვენების პარკში „ღია ესტრადის“ შემინული შენობა, სადაც ზამთარ-ზაფხულ კონცერტები გაიმართება.

მიხარია, ხარაგაულში საკანალიზაციო და წყლის სისტემები რომ ეწყობა. დღეს ქუჩები რომ არის გადათხრილი, – ერთ წელიწადში დალაგდება და ამოვისუნთქებთ.

იზა ვეფხვაძე: – ჩემი მშობლები საკმაოდ ასაკოვნები და ძალიან ტრადიციულები არიან. ცდილობენ, რომ რაც მათი წინაპრებიდან, ბებია-ბაბუებიდან მოდიოდა, დღემდე შეინარჩუნონ. საახალწლო სუფრაზე მამას ღორის თავი, ინდაურის საცივი, ხაჭაპური, გოზინაყი, თაფლი და ტკბილეული აუცილებლად უნდა ჰქონდეს.

მეკვლის გარეშე ახალ წელს ფასი არ აქვს. წლების განმავლობაში ჩვენი ოჯახის მეკვლე იყო ბატონი პრამონ აბრამიშვილი – ჩვენი მეზობელი  და მამას მეგობარი.

ბავშვობიდან მახსოვს, როგორ ველოდებოდი პრამონ ბიძიას გამოჩენას. მამა ამბობდა, პრამონი რომ მოდის, ის წელი ჩვენი ოჯახისთვის ძალიან ბედნიერიაო. მისი გარდაცვალების შემდეგ ოჯახის მეკვლე ყოველთვის მე ვარ.

საახალწლოდ ჩემებური ტრადიცია დავამატე – სუფრაზე ვდებ მარცვლეულით სავსე ჯამს, რომელშიც ფულია. ახალი წლის ღამეს სახლის ყველა კუთხეში ამ მარცვლეულსა და ხურდა ფულს ვაბნევ. ძალიან კარგად მაქვს დაცდილი. ეს ერთმა აჭარელმა მასწავლა.

გრიგოლ (გია) ჭიპაშვილი: – ხარაგაულს, ხარაგაულელებსა და მთლიანად საქართველოს დამდეგ ახალ წელს ვულოცავ. 2022 წელი სიკეთის, სიხარულისა და სიყვარულის მომტანი ყოფილიყოს.

კორონავირუსის პანდემიიდან გამომდინარე, ძალიან რთულ პერიოდში გვიწევს ცხოვრება.

იმედია, მომავალ წელს პანდემია დამარცხდება. 2022 წელს ბევრ სპორტულ ღონისძიებას ჩავატარებთ და ჩვენი სპორტსმენების წარმატებას ველოდები.

ხარაგაულში ახლა რამდენიმე პროექტი ხორციელდება. ლამაზდება ხარაგაული, რაც აქ ტურისტებისა და დამსვენებლების რაოდენობას გაზრდის. ცხოვრება ხარაგაულელებსაც გაუხალისდებათ.

ათი წლის შემდეგ ხარაგაული წარმომიდგენია უფრო გალამაზებული, ხალხმრავალი, წარმატებული. ვისურვებდი, რომ მეტი ახალგაზრდა დაბრუნდეს აქ, რაც ხარაგაულის წარმატების საწინდარი იქნება.

ნიკო მაჭავარიანი: – ახალი წლის დადგომისას, ყველა ადამიანი ფიქრობს, რომ მომავალი წელი უფრო პროდუქტიული და წარმატებული იქნება. მეც სიახლეებს ველოდები. ალბათ, მომავალ წელს უკეთესი ცხოვრება გვექნება.

მინდა, ხარაგაულში დაწყებული ინფრასტრუქტურული პროექტები დასრულდეს; ხარაგაულის ქუჩები მოასფალტებული და დასუფთავებული ვიხილო; ყველა ხარაგაულელს ცხოვრების უკეთესი პირობები ჰქონდეს.

მოგეხსენებათ, ხარაგაული კულტურის კერაა და მინდა, ათი წლის შემდეგ მრავალფეროვანი კულტურული სიახლეები გვქონდეს; ბიბლიოთეკა, მუზეუმი, კულტურისა და ხელოვნების ცენტრი განახლებულ შენობებში საქმიანობდნენ.

მაია ბლუაშვილი: – ახალი წლის დადგომის სიხარული ბავშვობიდან შემომრჩა. ეს დღესასწაული ჩემთვის დღესაც ჟრუანტელის მომგვრელია. ისევ ისე მიხარია ნაძვის ხის მორთვა, როგორც ბავშვობაში.

ღმერთმა ჰქნას, რომ ეს განცდა სიცოცხლის ბოლომდე გამყვეს. ჩემ შვილებს ახალი წლის დილას ნაძვის ხესთან ყოველთვის საჩუქარს ვახვედრებ.

მეკვლე წინასწარ არასდროს ამირჩევია. ბავშვობაში მეზობლის მოხუცი ქალის, ლუდას მეკვლე ვიყავი. კარგი ფეხი გაქვსო, მეუბნებოდა.

მეკვლეობას სერიოზულ ყურადღებას არ ვანიჭებ. ახალ წელს ვინც კარს პირველი შემოაღებს, მეკვლეც ის იქნება და გამხარებელიც. ამ პანდემიის პერიოდში ამ კუთხით ცოტა შეზღუდულად ვართ.

საახალწლო სუფრა საცივითა და გოზინაყით იწყება. ამ ორ კერძს ყოველთვის ვაკეთებ. ვმარხულობ, ამიტომ სამარხვო კერძებსაც ვამზადებ.

ნამცხვარს ყოველთვის ხალისით ვაცხობ. პირველად გოზინაყი რომ გავაკეთე, მეოთხე კლასში ვიყავი. დედაჩემს იმდენად მოეწონა, მას შემდეგ ეს საქმე მე გადმომაბარეს.

გიორგი მაქაძე: – ახალი წლისთვის შეძლებისდაგვარად ვემზადებით. პანდემია სტუმრების მიღების საშუალებას არ გვაძლევს. საახალწლო ტრადიციებს შორის მეკვლეობას გამოვარჩევდი.

მეკვლე პოზიტიური პიროვნება უნდა იყოს და ამ საქმეში გამოცდილი. არიან ადამიანები, რომლებსაც მეკვლედ სპეციალურად იწვევენ.

ჩვენი ოჯახის მეკვლეები, უმეტესად, ბავშვები არიან. საახალწლო სუფრა ჩვენს ოჯახში მრავალფეროვანია. მე, როგორც ქართული კერძების გურმანი, ვფიქრობ, რომ საახალწლო სუფრა საცივის გარეშე წარმოუდგენელია.

მამუკა ჭიპაშვილი: – ახალი წელი ჩემთვის საოცარი დღესასწაულია და ბავშვობას, თოვლს მახსენებს. ნეილონის ნაძვის ხეები ჩემს ბავშვობაში იშვიათობა იყო. ამიტომ ცოცხალი ნაძვი მოგვქონდა და იმას ვრთავდით.

წინასაახალწლოდ ბავშვები მთის ძირში, უკვალავ თოვლში ნაძვის ხისთვის მივდიოდით. ძალიან ბედნიერები ვიყავით. ახალი წლის დადგომა ჩემში დადებით ემოციებს იწვევს.

ტრადიციულად, ოჯახში გოზინაყი და საცივი მზადდება. ოჯახის წევრები ახალ წელს ერთად ვხდებით.

ახალი წელი ფილმის – „ბედის ირონია ანუ გაამოთ“ და „კუჩხი ბედინერი“ – გარეშე ვერ წარმომიდგენია.  იმის მიუხედავად , რომ გასართობი საახალწლო შოუები მრავლადაა, ამ ფილმების ნახვა მირჩევნია. თოვლი და ახალი წელი ერთად საოცრებაა.

ვასილ კიკნაძე: – ახალ წელს ოჯახის წევრები სახლში ერთად ვხვდებით. ახალი წლის დადგომამდე ათი დღით ადრე ნაძვის ხეს ვდგამთ და სახლს საახალწლოდ ვრთავთ.

ყოველ წელს ჩვენს ნაძვის ხეს ერთი ახალი სათამაშო ემატება. 2022 წელი ვეფხვის წელია და ნაძვის ხეზე საპატიო ადგილს ვეფხვი დაიკავებს.

ოჯახში საახალწლოდ აუცილებლად გოზინაყი მზადდება. „თოვლის ბაბუასგან“ მოტანილი საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ ლაგდება და ახალი წლის ღამეს ოჯახის წევრები ერთმანეთს ვჩუქნით.

მეკვლე ყოველთვის ჩემი შვილი – ლუკაა. დღემდე მის მიმართ პრეტენზია არ გვაქვს – თავის მოვალეობას შესანიშნავად ასრულებს.

მინდა მივულოცო ახალი წელი ხარაგაულს, ხარაგაულელებს. მშვიდობას, ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას გისურვებთ. მრავალ ახალ წელს, ჩემო ხარაგაულელებო.