„ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია-2026“- ის მონაწილე ხარაგაულის სკოლების ეკოკლუბებმა კონკურსის ფარგლებში პრეზენტაციები გამართეს და სამომავლო გეგმები დასახეს.

პრეზენტაცია ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრში ჩატარდა.

„ამ კონკურსში ხარაგაულიდან შვიდი სკოლა ვმონაწილეობთ, – ამბობს კიცხის სკოლის ეკოკლუბის ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე, – ხარაგაულის #2, კიცხის, ვარძიის, ხიდარის, ლაშის, ბორითისა და მოლითის სკოლების ეკოკლუბები.

კონკურსის წლევანდელი თემაა – „წყალი – სიცოცხლის წყარო“. ეკოკლუბებს შევთავაზე, ამ თემაზე პრეზენტაციები წარმოედგინათ. ამავე დროს ერთმანეთს გამოცდილება გავუზიარეთ.

ამ სასკოლო კონკურსში ქულების დაგროვება 31 მაისს დასრულდება. დარწმუნებული ვარ, ნახევარფინალში ხარაგაულიდან შვიდივე სკოლა გადავა. ყველას წარმატებებს ვუსურვებ“.

ადამიანის ორგანიზმისთვის წყლის აუცილებლობის შესახებ პრეზენტაცია წარადგინეს კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბის – „მწვანე ხელები“ მოსწავლეებმა გაბრიელ ნიქაბაძემ და მათე ხიჯაკაძემ (ლიდერი მასწავლებელი ელისო არჯევანიძე);

კლიმატის ცვლილება და წყალი – ამ საკითხზე ისაუბრეს ლაშის სკოლის ეკოკლუბის – „დედამიწა ჩვენი სახლია“ მოსწავლეებმა ნათია კვინიკაძემ და ნია თხელიძემ (ლიდერი მასწავლებელი თამარ ძიძიგური);

ჰიდროელექტროსადგურების მნიშვნელობაზე ყურადღება გაამახვილეს ვარძიის სკოლის ეკოკლუბ „მწვანეების“ მოსწავლეებმა ანდრია ხიჯაკაძემ და ნიკოლოზ ნანავამ (ლიდერი მასწავლებელი გოჩა ბააკაშვილი);

ხარაგაულის მინერალური წყლების შესახებ პრეზენტაცია წარმოადგინეს ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბის – „EKO მანიას“ მოსწავლეებმა თაზო ხაჩიძემ და საბა ლიპარტიამ (ლიდერი მასწავლებელი მადონა ულუმბელაშვილი);

წყალი ჩვენს ყოველდღიურობაში – ამ თემაზე ისაუბრეს ბორითის საჯარო სკოლის ეკოკლუბ „ბიომის“ წევრებმა ელენე კურტანიძემ და დემეტრე დონაძემ (ლიდერი მასწავლებელი მადონა ულუმბელაშვილი);

ხიდრის საჯარო სკოლის ეკოკლუბის – „მწვანე სამყაროს“ მოსწავლეებმა – ნიკოლოზ გაგოშიძემ და გვანცა ჩაჩანიძემ (ლიდერი მასწავლებელი თამთა მაისურაზე) წყლის დაბინძურებაზე გაამახვილეს ყურადღება.

ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემიის შუალედური შედეგების მიხედვით, იმერეთიდან მონაწილე 48 სკოლიდან კიცხის საჯარო სკოლის ეკოკლუბი „მწვანე ხელები“ მეოთხე ადგილზეა, ხოლო მარტის თვის გამორჩეული ეკოკლუბის ტიტული მოიპოვა ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის ეკოკლუბმა „EKO მანია“, რომელმაც სასმელი წყლის ხარისხის კვლევის მიმართულებით მნიშვნელოვანი აქტივობა განახორციელა.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი კონკურსი – ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2015 წელს დაარსდა CENN-ის მიერ, პროექტის – ტყის მდგრადი მართვა საქართველოში ფარგლებში, ავსტრიის განვითარების თანამშრომლობის /Austrian Development Cooperation ფინანსური მხარდაჭერით.

კონკურსის თანაორგანიზატორები არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროები.

ნიკო კეცხოველი-2026-ის შუალედური შედეგები იხილეთ ბმულზე.

ამავე თემაზე

კიცხის სკოლა „ნიკო კეცხოველის სასკოლო პრემია – 2025“-ის გამარჯვებულია