ხარაგაულში, ჩხერიმელას ხეობაში, ახალი რკინიგზის მშენებლობა, ათი წელია, მიმდინარეობს.

მშენებელ კომპანიას – „ჩინეთის რკინიგზის 23-ე ბიუროს“, ჩინეთის მოქალაქეებთან ერთად, ადგილობრივი მოსახლეობაც ჰყავს დასაქმებული. დასაქმებულთა შორის არიან ქალები, რომლებიც, ძირითადად, მზარეულებად ან მათ დამხმარეებად მუშაობენ.

რკინიგზის მშენებელ კომპანიას დასაქმებულთათვის დროებითი საცხოვრებლები ქვიშხეთიდან ზესტაფონამდე ათამდე ადგილზე აქვს მოწყობილი. მათ შორის, ორი საცხოვრებელი ზვარეშია.

ამ სოფელში მცხოვრები ნათია ფანქველაშვილი მზარეულის დამხმარეა. ის მუშაობას დილის რვა საათზე იწყებს.

„მთავარი მზარეული – ჩინელი ქალი, ასაკოვანია და ფაქტობრივად, მისი საქმის გაკეთებაც მე მიწევს, – ამბობს ნათია, – ორი წლის წინ ჩემთან ერთი თანასოფლელი ქალი მუშაობდა. ახლა ისიც წავიდა და საქმე მომემატა.

ჩემი ხელფასი გაწეული შრომის შესაბამისი არ არის. 550 ლარს ვიღებ. დღის განმავლობაში ძალიან ვიღლები – დღეში ორჯერ 35 კაცის საჭმელს ვამზადებთ“.

ნათია ფანქველაშვილი გვიამბობს, რომ ყველა კერძი დიდი რაოდენობით მცენარეულ ცხიმში მზადდება. ჩინელები ძალიან ბევრ წიწაკასა და ბოსტნეულს მიირთმევენ.

„სადილისა და ვახშმისთვის შვიდ-რვა თავ კერძს ვამზადებთ, – ამბობს ნათია, – ჩინელები დილით 12:00 საათზე სადილობენ და საღამოს 18:00 საათზე ვახშმობენ. ამ წესს ყველა ზუსტად იცავს. მთავარი მზარეული „გოგოს“ მეძახის.

ერთმანეთს, რაც გვინდა, ჟესტების ენით ვაგებინებთ. მენიუში ხორციანი საჭმელი და ბრინჯი აუცილებლად უნდა იყოს. ჩინელები მარილს, შაქარსა და ტკბილეულს არ მიირთმევენ.

ჩაი ჩინეთიდან ეგზავნებათ. სადილ-ვახშამის შემდეგ თერმოსებში ჩაისხამენ და ისე მიირთმევენ.

საახალწლოდ აუცილებლად რამდენიმე სახის ხორცი უნდა ჰქონდეთ. ჩინური ახალი წელი თებერვალშია. ამიტომ ამ დღისთვის განსაკუთრებულად ემზადებიან. ყიდულობენ მამლებს, ცხვარს, ღორს, საქონელს.

სამზარეულოს ხშირად სურსათის უვნებლობის სამსახურიც გვიმოწმებს და ჩინელი მენეჯერებიც. ამიტომ ყველაფერი წესრიგში გვაქვს.

ჩინელებსაც მოსწონთ ქართული კერძები – განსაკუთრებით ხაჭაპური და მწვადი. ჩვენ მათთვის ქართული საჭმელების მომზადების უფლება არ გვაქვს. მზარეულის მეუღლეს მოაქვს ხოლმე ხაჭაპური და სამწვადე და ისე მიირთმევენ.

ხუთი წელი მუშაობდა ზვარელი რიტა თიკანაშვილი ჩინურ კომპანიაში მზარეულის თანაშემწედ.

რიტა ამბობს, რომ ჩინური კერძები არასდროს გაუსინჯავს, რადგან ყველაფერი ძალიან ცხარე და ცხიმიანია.

„ჩინური სამზარეულო ქართულისგან ძალიან განსხვავებულია, – ამბობს რიტა თიკანაშვილი, – ვირის ხორცი ჩინელებისთვის მთავარი დელიკატესია.

ამიტომ, როცა ჩინეთიდან კომპანიის მმართველები ჩამოდიოდნენ, ან მათი დღესასწაული ახლოვდებოდა, ვირს ყიდულობდნენ და განსაკუთრებულ კერძებს ამზადებდნენ.

ბრინჯს ჭამენ ისე, როგორც ჩვენ პურს მივირთმევთ. ტკბილეული და პური მათ მენიუში არ არის.

დილის რვა საათზე, სამუშაოზე გასვლისას, საჭმელს თავად იმზადებენ – ბრინჯს ადუღებულ წყალს დაასხამენ და მასში ან ცოცხალ ხახვს ჩააჭრიან, ან კვერცხს ჩაახლიან.

სადილისთვის თუ სამი კერძი მომზადდა, ერთი აუცილებლად ხორციანი უნდა იყოს. ხორცი თავიდან სპეციალურ სანელებლებსა და სოიოს სოუსში მუშავდება.

ბოსტნეულიდან ძალიან უყვართ ყაბაყი, ბადრიჯანი და კომბოსტო. წყალს თითქმის არ სვამენ. წვნიანი საჭმელიც აუცილებლად ხორციანი უნდა იყოს. ჭამის შემდეგ ჩინეთიდან გამოგზავნილ ჩაის აყოლებენ. ყველა საჭმელს ჩხირებით მიირთმევენ.

ჩინელები მთვარის ფაზებს განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ. მთვარის ავსება რომ იწყება, იმ დროს ჩინეთიდან ნახევარმთვარის ფორმის ნამცხვრებს უგზავნიან. ქართველებსაც დაგვირიგეს. შიგთავსს ხალვის გემო აქვს.

ჩინელები თავიანთ ტრადიციებს ძალიან უფრთხილდებიან და იცავენ. უზომოდ შრომისმოყვარეები არიან. ვერ დაინახავ, მუშაობის პროცესში, რომ გაჩერდნენ. სადილსა და ვახშამზე დაგვიანების შემთხვევაში, სასადილო ოთახში აღარ შემოვლენ“.

ოთხი წლის წინ მარინა კაკიაშვილმა მუშაობა ქვიშხეთში ჩინურ კომპანიაში მზარეულის დამხმარედ დაიწყო. ერთი წელია, მთავარი მზარეული გუდაურში გადაიყვანეს. ამიტომ ყველა საქმის შესრულება მარინას უწევს. მისი ვალდებულებაა, სადილ-ვახშამი 17 ჩინელ კაცს მოუმზადოს.

„დილის რვა საათიდან საღამოს შვიდ საათამდე ვმუშაობ, – ამბობს მარინა კაკიაშვილი, – ოთხი წელია, არც ერთი დღე არ დამისვენია და არც შვებულებით მისარგებლია. თუმცა, ხელშეკრულება გაფორმებული მაქვს. ყოველდღიურად 30 ლარს მიხდიან.

თავიდან მიკვირდა, როგორ ჭამდნენ ასე ძალიან ცხიმიან და ცხარე საჭმელებს, მაგრამ შემდეგ შევეჩვიე. ახლა ყველა კერძი პირველად მე უნდა დავაგემოვნო.

ჩინელებს, თავისუფალი დრო თუ აქვთ, სამუშაო ადგილიდან მიდიან და ქართულ კერძებს – მწვადს, ხაჭაპურს, შაურმას მიირთმევენ. მოსწონთ არაყი, ლუდი და შავი ღვინო.

მათი საახალწლო და სადღესასწაულო სუფრა მაქსიმუმ ოც წუთს გრძელდება. ჯანსაღად და სწორად იკვებებიან. ზაფხულში მაცივარში წყლით სავსე ბოთლი რომ შევდგი, გაუკვირდათ და მითხრეს, მაგის დალევა არ შეიძლებაო.

ზოგადად, პრობლემური ადამიანები არ არიან. არაფერში მზღუდავენ. ერთი წელია, მათთვის კერძებს დამოუკიდებლად ვამზადებ და ძალიან მოსწონთ. საქმიანობაში სამზარეულოს აღჭურვილობა ხელს მიწყობს და მერე საჭმელიც გემრიელი გამოდის“.

ნინო კაპანაძე

ფოტოზე – რიტა თიკანაშვილი და თამო გიგოლაევი ჩინელ მზარეულ ხვან ჯინთან ერთად