
ექიმის პროფესია საპასუხისმგებლო და შრომატევადია, რადგან მედიკოსებს ადამიანების სიცოცხლისა და ჯანმრთელობის გადარჩენისთვის ბრძოლა უწევთ.
პედიატრობა კიდევ უფრო რთულია. ექიმმა, პატარა პაციენტებთან ერთად, მათი მშობლებიც უნდა დაამშვიდოს.
ხარაგაულელი თამაზ მაღრაძისა და ნათია ქურციკიძის მრავალშვილიან ოჯახში ორი ექიმი აღიზარდა – ანა და თამარი. ანა პედიატრია; თამარი, დედის მსგავსად – ენდოკრინოლოგი. ამჯერად ანა მაღრაძის საქმიანობის შესახებ გიამბობთ.
მუშაობის დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე, მასთან ინტერვიუ დისტანციურად იმ დროს ჩავწერეთ, როცა ანა ბათუმში, ტატიშვილის კლინიკის მიწვევით, პაციენტებთან მიემგზავრებოდა.
ანა მაღრაძემ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი დაამთავრა, შემდეგ სწავლა რეზიდენტურაში გააგრძელა.
ამჟამად მუშაობს სადოქტორო ნაშრომზე – „კოვიდის შემდგომი გართულებების მართვა ბავშვებში“. ანა 2010 წლიდან პედიატრად მუშაობდა „ალდაგის“, იმედი L-ის, ჯაფარიძე-ქევანიშვილის, გიდმედის, მედისონის კლინიკებში. ამჟამად იაშვილის სახელობის საავადმყოფოში საქმიანობს.
– ანა, როგორ აირჩიე პროფესია. ეს გადაწყვეტილება დედის გავლენით მიიღე, თუ სხვა გარემოებათა გამო?
– ბავშვობიდან ძალიან მიყვარდა ბავშვები და მათზე მზრუნველობა. შესაძლოა, იმიტომ, რომ ოთხი დედმამიშვილი ვიყავით და მე, როგორც უფროს შვილს, და-ძმის მოვლა მევალებოდა. ყოველთვის მომწონდა დედაჩემის დამოკიდებულება და თავდადება თავისი პროფესიის მიმართ.
გასული საუკუნის 90-იან წლებში, როცა ექიმებს არანაირი ხელშეწყობა არ ჰქონდათ, დედა პაციენტს უანგაროდ ემსახურებოდა.
ახლა, როცა ექიმი ვარ, ვაცნობიერებ, რამხელა პასუხისმგებლობას იღებდა დედა თავის თავზე, როცა პაციენტები დიაბეტური კომიდან გამოჰყავდა და ამ ყველაფერს ბინაზე, ყოველგვარი დამხმარე საშუალებების გარეშე, აკეთებდა.
ბავშვობიდანვე ექიმობაზე ვფიქრობდი. დედაჩემს ძალიან არ უნდოდა, მე და თამარი ექიმები რომ გავმხდარიყავით. თუმცა, ჩვენს არჩევანში არასდროს ჩარეულა. რჩევის სახით უთქვამს, რომ იქნებ სხვა უფრო მარტივ პროფესიაზე დაფიქრდეთ, ცხოვრება არც ისე გრძელიაო.
ბევრი სტრესის მიუხედავად, რაც ექიმობას ახლავს, სხვა პროფესიაში რა უნდა მეკეთებინა, ვერ წარმომიდგენია.
– როგორია თქვენი ერთი ჩვეულებრივი სამუშაო დღე?
– დილის 9 საათზე უკვე სამსახურში ვარ და… იწყება ძალიან დატვირთული დღე. კლინიკიდან საღამოს 9-10 საათამდე ვერ გამოვდივარ. მორიგეობაც მიწევს. ახლა, შემოდგომა-ზამთრის სეზონთან დაკავშირებით, რესპირატორული ვირუსების გამო, პაციენტების მომართვიანობა ძალიან გაიზარდა.
სხვადასხვა ვირუსული ინფექციების თავმოყრა ორგანიზმში შემოდგომიდან გაზაფხულამდე გრძელდება. ამას ახალშობილების მშობლების გეგმიური მომართვიანობა ემატება.
– ანა, პროფესიულ განვითარებაში ვინ დაგეხმარათ, თუ გყავთ ამ კუთხით მისაბაძი პიროვნება?
– ზოგადად, როცა რაღაც საქმის გაკეთებას გადავწყვეტ, ბოლომდე ხარისხიანად უნდა მივიყვანო. ამ კუთხით ჩემთვის მისაბაძი პიროვნებები ჩემი ლექტორები არიან. ჩემს კარიერულ განვითარებაზე რამდენიმემ მართლა დიდი გავლენა მოახდინა და დღემდე მათი ძალიან მადლობელი ვარ.
საქართველოში უმეტესად ასეა – წარმატებას რომ მიაღწიო, „პატრონი“ უნდა გყავდეს. მიხარია, რომ ყოველგვარი „პატრონის“ გარეშე დამინახეს და ჩემი მონდომება, განვითარებისკენ სწრაფვა დააფასეს.
მეც, თუ ამის საშუალება მომეცემა, მიზანდასახულ, ნიჭიერ, შრომისმოყვარე ახალგაზრდებს აუცილებლად უანგაროდ დავეხმარები. ვთვლი, რომ ასე გადარჩება ნებისმიერი პროფესია და არა – ვიღაცის ახლობლობა-ნათესაობით.
– უმეტესად, რას ურჩევთ ხოლმე მშობლებს, შვილის ავადმყოფობისას?
– მუდმივად ვცდილობ, რომ მშობლებთან კონტაქტური ვიყო და ნებისმიერ დროს ყველა კითხვაზე ვუპასუხო. ურთიერთობა და ახსნა-განმარტებები მიწევს არა მარტო ბავშვის მშობლებთან, არამედ მათ ბებია-ბაბუებთან და ნათესავებთან.
არასდროს ვცდილობ პაციენტის მშობლის ზედმეტად დამშვიდებას, ყოველთვის რეალურ მდგომარეობას ვუხსნი; ავადმყოფობის, მკურნალობის, შესაძლო გართულებების შესახებ ყველა დეტალს ვამცნობ. ვცდილობ, ყურადღებიანი და კომუნიკაბელური ვიყო.
– ანა, როგორ უნდა ვიზრუნოთ შვილების ჯანმრთელობაზე; რა უნდა გავითვალისწინოთ, რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი?
– ბავშვზე ზედმეტი მზრუნველობა საჭირო არ არის. მშობლებს ბავშვები პედიატრთან ერთ წლამდე გეგმიური ვიზიტებისთვის დაჰყავთ. შემდეგ, სამწუხაროდ, თუ მოზარდი ავად არ გახდა, პროფილაქტიკისთვის აღარ მოგვმართავენ. პედიატრთან მუდმივი კომუნიკაცია ყველა ასაკში აუცილებელია.
ბავშვის ჯანმრთელობისთვის სწორი და ჯანსაღი კვება, სუფთა ჰაერზე სეირნობა, ოჯახში მშვიდი გარემო მნიშვნელოვანია. სტრესისა და მოუცლელობის მიუხედავად, შვილებთან დღის განმავლობაში ერთი საათი მაინც უნდა გავატაროთ.
ძალიან დიდი პრობლემაა, როცა ბავშვებს ტკბილეულს აჭმევენ. კარგი იქნება, 3-4 წლამდე ბავშვებს შაქარსა და ტკბილეულს თუ საერთოდ არ მივცემთ.
ზედმეტმა ტკბილეულმა, შესაძლოა, უმადობა, ჭარბი წონა და დიაბეტი გამოიწვიოს. შვილების კვებით გემოვნებას, ჩვენ, მშობლები ვაყალიბებთ.
ზამთარში ბავშვების ძალიან თბილად ჩაცმას ჯანმრთელობის პრობლემები მოჰყვება. ბევრი თემაა, რაზეც მშობლებთან ახსნა-განმარტებები გვიწევს.
– ანა, ახლა თქვენს ოჯახზე გვიამბეთ, როგორი დედა ხართ?
– ჩემი მეუღლეა დათო ხეცურიანი. ორი შვილი – 16 წლის ვაჟი და 12 წლის გოგონა გვყავს. სულ მაქვს დანაშაულის გრძნობა, რომ სხვის შვილებს მეტ დროს ვუთმობ, ვიდრე საკუთარს. თუმცა, ჩემი მეუღლე ძალიან მეხმარება. დათო რომ არა, ამ ყველაფერს ვერ მივაღწევდი.
მინდა, უკეთესი დედა ვიყო, ვიდრე ვარ და ვცდილობ, შვილებთან ყოფნის ყოველი წუთი ნაყოფიერად გამოვიყენო. დედაჩემი ძალიან მკაცრი იყო. თანამედროვე ბავშვებთან სიმკაცრე წარმოუდგენელია. ჩემს შვილებთან უფრო ვმეგობრობ.
– თქვენი ოჯახის საახალწლო ტრადიციები გაგვაცანით.
– ვცდილობთ, რომ ოჯახის წევრები ახალ წელს ერთად შევხდეთ. თუმცა, წელს არ გამოდის – საავადმყოფოში მორიგეობა მიწევს. დღესასწაულების აღნიშვნა, მაინცდამაინც, არ მიყვარს, რადგან ვთვლი, რომ ყოველი დღე სასწაულია. ბედნიერი დღეები ჩვენვე უნდა შევქმნათ ჩვენთვის და ძვირფასი ადამიანებისთვის.
– საახალწლოდ, ხარაგაულელებს რას უსურვებთ?
– ჩემს წარმატებებზე ხარაგაულში მიღებულმა ცოდნამ დიდი გავლენა მოახდინა. დედაჩემს ძალიან უყვარდა ხარაგაული და ამბობდა, აქ გამორჩეულად ნიჭიერი ხალხი ცხოვრობსო. სხვანაირად მოსიყვარულე ადამიანები არიან, გაჭირვების დროს განსაკუთრებული გვერდით დგომა იციან.
ხარაგაულში გატარებული წლები საუკეთესოდ მახსენდება. მინდა ყველა ხარაგაულელს ნათელი, ფერადი და ბედნიერი მომავალი ვუსურვო.
ხშირად ვფიქრობ, რომ ჩემს მეგობრებთან ერთად ხარაგაულში უფასო სამედიცინო აქცია მოვაწყო. სამწუხაროდ, აქაური ახალგაზრდები უმაღლესი განათლების მიღების შემდეგ მშობლიურ მუნიციპალიტეტში სამუშაოდ აღარ ბრუნდებიან; განვითარებისთვის ხელშემწყობი პირობები ნაკლებადაა და ალბათ, ამიტომ.
ნინო კაპანაძე
მერვე წელია, მიხეილ ბანცაძე და ნესტან ტალახაძე ოჯახით გერმანიაში ცხოვრობენ.
მეშვიდე წელია, რაც მოლითი-ფონა-ჩუმათელეთის საავტომობილო გზის
ქართველ მსახიობსა და რეჟისორს, საქართველოს დამსახურებულ არტისტს,
ერთი თვეა, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ორი სოფლის –
16 ივლისის დღის მეორე ნახევრიდან 17 ივლისის დღის ბოლომდე