ორმოცი წელია, რაც იზოლდა ოკრიბელაშვილი ბაზალეთის სკოლის დირექტორია.

ის ამავე სკოლაში ქართულ ენასა და ლიტერატურას ასწავლის. ყოველდღიურ ინტელექტუალურ შრომასთან ერთად მას ოჯახური მეურნეობის გაძღოლა უწევს.

ვენახის, ყანის, ბოსტნისა და წვრილფეხის მოვლა მისთვის ერთგვარი განტვირთვაა. ქალბატონი იზოლდა ამბობს, რომ სოფელი ბავშვობიდანვე ძალიან უყვარს. ვარძიაში დაბადებულმა და გაზრდილმა ბედი ბაზალეთელ ტიტიკო ტალახაძეს დაუკავშირა.

მეუღლის  გარდაცვალების შემდეგ სამ ქალიშვილთან ერთად ოჯახში, როგორც თავად ამბობს, კაციცაა და ქალიც.

„სკოლაში კარგად ვსწავლობდი, – ამბობს იზოლდა ოკრიბელაშვილი, – თანასოფლელები ხშირად მეუბნებოდნენ, ალბათ, სასწავლებლად ქალაქში რომ წახვალ, აქ აღარ დაბრუნდებიო.

ზუსტად ვიცოდი, რომ აუცილებლად სოფელში ვიცხოვრებდი. სოფლის საქმე დიდ სიამოვნებას მანიჭებს. თავს აქ ყველაზე კარგად ვგრძნობ. ინტელექტუალური შრომა, რასაც სკოლის დირექტორობა და მასწავლებლობა ჰქვია, სასოფლო-სამეურნეო საქმიანობასთან ერთად ცოტა ძნელია, მაგრამ სიძნელეები ყოველთვის მიყვარდა.

ყანას დაუმუშავებელს როგორ დავტოვებ?! თავად ვთოხნი, ვენახს ვწამლავ. ჩემს მეზობელ კაცებს რამდენჯერმე ყურძენი გაუფუჭდათ, მე – არა, იმიტომ, რომ დროულად მოვუარე. საერთოდ, მიწის მიმართ დიდ პასუხისმგებლობას ვგრძნობ. მიწა მარჩენალად მიმაჩნია.

ცუდად დამუშავებულ მიწას ვერ ვიტან. ამ დროს ხალხური ლექსი მახსენდება:

„ცელო, გამიჭერ, გზის პირია,

ჩამაივლიან და სირცხვილია“.

მართლაც გზის პირას ვცხოვრობ. გზად გამვლელი მოუვლელ კარ-მიდამოს რომ დაინახავს, იფიქრებს, ამას თავისი ეზოსთვის ვერ მოუვლია, ბავშვებს რა უნდა ასწავლოს, ან სკოლას როგორ უხელმძღვანელებსო.

თუმცა ახლა მიწა გამოიფიტა, მოსავლიანობამ იკლო. სოფელს სპეციალისტებისგან მეტი ყურადღება სჭირდება. ხარაგაულის თხილი რომ ჩააბარო, დიდ ფასს არ გადაგიხდიან, რადგან დაავადებულია. სხვაგან თუ შეძლეს – მოუარეს და შეწამლეს, ჩვენ ეს რატომ ვერ უნდა შევძლოთ.

მიწასთან ურთიერთობაში თავს კარგად ვგრძნობ. ძროხასაც ვუვლი, წვრილფეხსაც. შვილები მეუბნებიან, თავს გაუფრთხილდი, ვიყიდოთ, რაც დაგვჭირდებაო, მაგრამ სად შენი ხელით მოწეული და სად ნაყიდი?! სოფელში რომ ცხოვრობ, რძე, ყველი, მწვანილი, ლობიო როგორ უნდა იყიდო?!

წიგნებს ღამე ვკითხულობ. 5-საათიანი ძილი მყოფნის. დილის 6 საათზე ვდგები და საქმიანობას ვიწყებ. მოსწავლეებთანაც მომზადებული უნდა მივიდე, მომავალი გაკვეთილების გეგმა მოვიფიქრო. ვიღლები, მაგრამ ასე მირჩევნია.

ბაზალეთის სკოლის დირექტორად რომ დავინიშნე, სკოლის შენობა მძიმე მდგომარეობაში იყო. ახალი სკოლის აშენებაზე ზრუნვა მაშინვე დავიწყე. ხარაგაულის განათლების განყოფილებაში და მაშინდელ ხელისუფლებაში მიაჩნდათ, რომ ბაზალეთის მცირეკონტინგენტიანი სკოლისთვის ახალი შენობა პრიორიტეტი ვერ იქნებოდა, რადგან ჯერ დაბა ხარაგაულის სკოლებისთვის უნდა მიეხედათ.

ჩვენი სკოლის მეგობრები – მაშინდელი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე – გუგული დევდარიანი და მწერალი რეზო ჭეიშვილი დამეხმარენ. რაიკომის მდივანი ელისო ბერიძე გვერდით დამიდგა. ამ ქალს ძალიან ვაფასებდი, რადგან მშრომელ და აქტიურ ადამიანებს ეხმარებოდა.

ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირს ბაზალეთის სკოლაში სტუმრობის შემდეგ ვუთხარი – „საბჭოური ცხოვრების სიდიადეზე“ ასეთ შენობაში მოსწავლეებს ვერ ვესაუბრები-მეთქი. ჩემი ნათქვამი არ ესიამოვნა.

საერთოდ, ყოველთვის სიმართლის თქმა მიყვარდა და ამიტომ ცხოვრება მიძნელდებოდა. ვგრძნობდი, რომ ამის გამო „ზემდგომებს“ არ მოვწონდი. თუმცა, ანგარიშს ყოველთვის მიწევდნენ.

ბავშვები რომ ძალიან მიყვარს, ამას თქმა არ უნდა. მათთვის ნებისმიერ საოჯახო საქმეს დავთმობ. ლიტერატურისადმი ჩემი სიყვარული სოფლის დამსახურებაა. ვარძიის სკოლის ბიბლიოთეკიდან წიგნები სიხარულით მიმქონდა. ბიბლიოთეკარი წაკითხულის შთაბეჭდილებებს მაწერინებდა. მაგიდას ძლივს ვწვდებოდი, მაგრამ ეს დიდ სიამოვნებას მანიჭებდა.

თინა ცქვიტინიძე იყო ჩემი ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, – მებრძოლი ქალი, – რაც არ მოსწონდა, იმაზე ხმამაღლა ლაპარაკობდა. ჩემთვის ის დღემდე სამაგალითო პიროვნებაა.

ჩემზე ასევე დიდი გავლენა იქონია უნივერსიტეტის პროფესორმა გრიგოლ კიკნაძემ. მას დასწრებული სწავლების სტუდენტებთან ლექციებს არ აკითხებდნენ, რადგან ხელისუფლების კრიტიკა უყვარდა.

გული მწყდება, მამაკაცები პედაგოგიური სფეროსკენ რომ აღარ მიისწრაფვიან. ალბათ, განვითარებაზე მუდმივად ზრუნვა არ შეუძლიათ.

ხელმძღვანელ თანამდებობაზე ქალი, უმრავლეს შემთხვევაში, ამართლებს. თუმცა, არსებობს ქალთა კატეგორია, რომელთაც დირექტორობა სხვაზე გაბატონება და სხვისი დამორჩილება ჰგონიათ. ეს ჩემთვის წარმოუდგენელია“.

ნინო კაპანაძე