ბუნებრივად, ყოველ 100 გოგონაზე 105-106 ბიჭი იბადება. საქართველოში, წლების განმავლობაში, დაბადებულ ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობა ვაჟების მხარეს მნიშვნელოვნად იყო გადახრილი, – სოციალურ-ეკონომიკური ფაქტორებისა თუ ტრადიციების ზეგავლენით ქართული ოჯახები, გოგონასთან შედარებით, ვაჟის ყოლას ამჯობინებდნენ.

2005 წლიდან საქართველოში ამ კუთხით არსებული ვითარება გაუმჯობესდა. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2020 წლისათვის, ჩვენს ქვეყანაში დაბადებულ ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობა ასე გამოიყურება – 108 ვაჟი/100 გოგონაზე.

გაეროს მოსახლეობის ფონდის პროგრამის კოორდინატორი მარიკა ქურდაძე აღნიშნავს, რომ ეროვნული მასშტაბით ახალშობილების სქესთა შორის თანაფარდობა ნორმის ფარგლებს უბრუნდება. თუმცა, ჯერ კიდევ რჩება ზოგიერთი რეგიონი, სადაც დაბადებისას სქესთა შორის თანაფარდობა ნორმიდან გადახრილია.

– სამცხე-ჯავახეთი, ქვემო ქართლი, კახეთი, – ამ რეგიონებში სქესთა შორის თანაფარდობა ჯერ კიდევ მკვეთრად დარღვეულია. სამეგრელო-ზემო სვანეთსა და  იმერეთში ეს მაჩვენებელი ნორმის ფარგლებს უბრუნდება.

პოზიტიური მონაცემების მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება ის ფაქტი, რომ ჩვენი საზოგადოება დღემდე სრულად ვერ გათავისუფლდა სტერეოტიპისგან და ზოგიერთი ოჯახისთვის ვაჟიშვილი უფრო „ღირებულია“, ვიდრე გოგონა. ეს არ ნიშნავს, რომ ასეთ ოჯახებში გოგონები არ უყვართ, მაგრამ ბიჭის დაბადება უფრო უხარიათ, რადგან ვაჟს „გვარის გამგრძელებლად“ და „მემკვიდრედ“ თვლიან.

დღევანდელი რეალობაა, რომ ქალების უმეტესობა განათლებას იღებს, შრომით ბაზარზე კონკურენტუნარიანია, კარიერას იქმნის და სახელს მამისეული გვარით გაითქვამს. ყოველდღიურად სულ უფრო და უფრო მეტი გოგონა და ქალი აღწევს წარმატებას და მშობლებისთვის სიხარულისა და სიამაყის მომტანი ხდება.

ამიტომ მნიშვნელოვანია არ დაგვავიწყდეს, რომ შვილების მიმართ თანაბარი მოპყრობა, შესაძლებლობებისა და პოტენციალის სრულად რეალიზებაზე ხელშეწყობა, განურჩევლად სქესისა, ოჯახისთვისაც არის ხელსაყრელი. მთავარი გვარის გაგრძელება კი არაა, არამედ ის, თუ ამ გვარით რამდენად საამაყო და მნიშვნელოვან ადამიანად ჩამოყალიბდება.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მშობლებს ვაჟის დაბადება უხარიათ, ისაა, რომ „ბიჭი მშობლებს ხანდაზმულობისას მიხედავს“. ჩვენს ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემები ძლიერი არ არის; პენსია დაბალია, ჯანდაცვის სისტემა კი – სუსტი. ასეთ შემთხვევაში სოციალური დაცვის როლს თავად ოჯახი ითავსებს მაშინ, როდესაც ეს სახელმწიფოს პრეროგატივაა.

მშობლებს ჰგონიათ, რომ ბიჭი არის ის მთავარი ადამიანი, რომელიც სიბერეში მათ სოციალურად და ფინანსურად მხარს დაუჭერს. კვლევებს თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ უეჭველად ვაჟიშვილი კი არ არის ხანდაზმული მშობლების დამხმარე, არამედ ის შვილი, რომელიც მათთან გეოგრაფიულად უფრო ახლოს ცხოვრობს. შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს შვილის სქესზე დამოკიდებული არ არის.

დღეს ქვეყანაში დამკვიდრებული გენდერული სტერეოტიპებიდან და როლიდან გამომდინარე, ქალის ძირითად მოვალეობად ზრუნვით საქმიანობას მიიჩნევენ, ხოლო მამაკაცი კი ფინანსურ გარანტორად ითვლება. შესაბამისად, ოჯახები ფინანსური ინვესტიციის განხორციელებას ვაჟიშვილის მიმართულებით ამჯობინებენ.

რეალობას თუ გადავხედავთ, დავინახავთ, რომ დღეს ძალიან ბევრი ქალია დასაქმებული, რომელიც ოჯახის ძირითადი მარჩენალები არიან.

– ქალბატონო მარიკა, რას გულისხმობთ, როდესაც ამბობთ, რომ მშობლები ფინანსურ ინვესტიციას ვაჟიშვილების მიმართულებით დებენ?

– ითვლება, რომ ოჯახის მეურნეობა და ზოგადად, ქონება ვაჟიშვილს უნდა გადაეცეს. ჩვენი კანონმდებლობის მიხედვით კი ის შვილებზე თანაბრად ნაწილდება. მათ ერთნაირად შეუძლიათ, პრეტენზია განაცხადონ ოჯახის ქონებაზე; მიუხედავად იმისა, თუ რას ჩაწერთ თქვენ ანდერძში, ან როგორია თქვენი ერთპიროვნული გადაწყვეტილება. თუმცა, კულტურული პრაქტიკა საპირისპიროა.

2019 წელს CRRC-მა კვლევა ჩაატარა. ადამიანებს ჰკითხეს, რომ თუ მათ მხოლოდ ერთი საცხოვრებელი სახლი ექნებოდათ, ბიჭ შვილს გადასცემდნენ, თუ გოგონას? გამოკითხულთა 45% თვლის, რომ საცხოვრებელი სახლი ბიჭს უნდა დარჩეს; 1% ფიქრობს, რომ – გოგონას, ხოლო 49%-ს მიაჩნია, რომ ის თანაბრად უნდა განაწილდეს.

ამ გამოკითხვით ჩანს, რომ წინა წლებთან შედარებით, ადამიანთა ცნობიერება ამაღლებულია. მიუხედავად ამისა, იმ ადამიანთა რიცხვი, რომელიც ფიქრობს, რომ საცხოვრებელი სახლი ბიჭს უნდა დარჩეს, ძალიან მაღალია.

რამდენად დიდ პრობლემას წარმოადგენს დღეს ქვეყანაში სელექციური აბორტი?

– ტერმინი – სელექციური აბორტი მცდარი ფორმულირებაა. ადამიანებს როდესაც ეს ესმით, ჰგონიათ, რომ პრობლემა აბორტია. რეალურად კი პრობლემას აბორტის ხელმისაწვდომობა კი არ წარმოადგენს, – რომლის გამოყენებაც ქალის რეპროდუქციული უფლებაა, – არამედ ის, რომ ოჯახებს, გოგონებთან შედარებით, ბიჭი შვილი სურთ. აქედან გამომდინარე, მთავარია დამოკიდებულებების ცვლილება და არა – მექანიკური შეზღუდვები.

იმის თქმა, ქვეყანაში შემცირდა თუ გაიზარდა სელექციური აბორტების რიცხვი, რთულია. დღევანდელ ახალშობილთა სქესობრივი თანაფარდობა გვაფიქრებინებს, რომ სელექციური აბორტები ჯერ კიდევ ტარდება.

პრობლემის აღმოსაფხვრელად რა ნაბიჯები უნდა გადადგას სახელმწიფომ?

– ქვეყანაში სოციალური დაცვის სისტემები უნდა გაძლიერდეს. შესაბამისად, ოჯახების სურვილი, რომ ბიჭი იყოლიონ, როგორც „დამცველები“, შემცირდება. ოჯახის ხელშემწყობი პოლიტიკა თუ მოქნილია, სოციალური დაცვის სისტემები – ძლიერი, ქალების დასაქმებისა და გაძლიერებისთვის არსებობს შესაძლებლობები, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში როცა ბევრი ქალია ჩართული, – ეს ყველაფერი პრობლემის მოგვარებაზე დადებითად აისახება.

ასევე მნიშვნელოვანია, აქტიურად ვიმუშაოთ საზოგადოების ცნობიერების ამაღლებასა და სოციალური ნორმების შეცვლაზე. ის მიმართული უნდა იყოს ჰარმონიული და თანასწორი ურთიერთობების დამყარებისკენ.

დავინტერესდით, თუ რას ფიქრობენ ხარაგაულში გენდერული ნიშნით სქესის შერჩევასთან დაკავშირებით. ხარაგაულელი მრავალშვილიანი მშობლები აღნიშნავენ, რომ გასულ წლებთან შედარებით, უკეთესი მდგომარეობაა. ახალგაზრდები შვილის სქესს ნაკლებ მნიშვნელობას ანიჭებენ.

მაია ბერაძე, ხუთი შვილის დედა: დღეს, 21-ე საუკუნეში, ადამიანებს ინფორმაციაზე წვდომა აქვთ და მათი ცნობიერება ამაღლებულია. წყვილს თუ გამიზნული აქვს, რომ ნაყოფი გაზარდოს, შემდეგ სქესი გაიგოს და მოიშოროს, ეს უკვე ნამდვილად დანაშაულია. შვილი ხომ შვილია.

ჩემი შვილები სქესის მიხედვით არასდროს გამირჩევია. ჩვენი მშობლების თაობაში ამ კუთხით მართლაც კატასტროფული მდგომარეობა იყო. ალბათ, დღესაც იქნებიან გამონაკლისები, მაგრამ შედარებაც კი არ შეიძლება. ბოლო პერიოდში ჩემს ირგვლივ მსგავსი ფაქტი არ მსმენია. ეს ჩემთვის ძალიან მიუღებელია.

მაკა ბუაჩიძე, ოთხი შვილის დედა: შვილის სქესის მიხედვით გარჩევა ჩემთვის ყოვლად დაუშვებელია. მე სამი ქალიშვილი და მეოთხე ვაჟი მყავს. სამი ბიჭი რომ მყოლოდა, მეოთხედ აუცილებლად გოგონას ვინატრებდი. მინდოდა, რომ ბიჭის დედაც ვყოფილიყავი და გოგონასიც. შვილზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს. სქესს მნიშვნელობა არ აქვს.

ციური სულამანიძე, ოთხი შვილის დედა: სამი ქალიშვილი და მეოთხე ვაჟი მყავს. დიდი სურვილი მქონდა, ბიჭიც მყოლოდა. შვილის სქესთან დაკავშირებით, ადრე მართლაც სხვანაირი დამოკიდებულება არსებობდა. მაშინდელი მსოფლმხედველობა ჩემთვის მიუღებელი იყო. ახლა უკეეთესი მდგომარეობაა. ოჯახისთვის შვილზე დიდი სიმდიდრე არ არსებობს.

ლალი ვაქერ-სებისკვერაძე, მრავალშვილიან ოჯახში აღზრდილი: დღევანდელი ახალგაზრდები ბევრ შვილს აჩენენ და ეს მე მიხარია. თავად მრავალშვილიან ოჯახში გავიზარდე. მშობლებმა ხუთი და-ძმა აღგვზარდეს და თავს ბედნიერად ვგრძნობდი. ჩემი ოჯახიდან დიდ სითბოს ვიღებდი. დედაჩემს მეოთხე გოგონა რომ შეეძინა, მამაჩემმა მას ძვირფასი საჩუქარი – ოქროს სამკაული მიართვა“.

ლიკა ხიჯაკაძე