ხარაგაულის მუნიციპალიტეტი წარჩინებული მოსწავლეებით ყოველთვის გამოირჩეოდა და არც ახლა ღალატობს ტრადიციას.

მათ რიგებშია გვანცა ყრუაშვილი. ის ხარაგაულის #2 საჯარო სკოლის მე-12 კლასში სწავლობს და სტუდენტობისთვის ემზადება.

აბიტურიენტობასთან დაკავშირებული გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად დროს სწორად ანაწილებს. ეს მას სირთულეების დაძლევაში ეხმარება.

გვანცას სასურველი უნივერსიტეტი და პროფესია უკვე შერჩეული აქვს. სწავლის გაგრძელება თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სურს.

ექიმობაზე ბავშვობიდან ოცნებობდა. აქამდე პედიატრობაზე ფიქრობდა, მაგრამ ახლა ეს გადაწყვეტილება შეცვალა. ის უნივერსიტეტების მეირ პროგრამების გამოცხადებას დაელოდება და მერე აირჩევს სასურველ მიმართულებას. ფიქრობს, რომ უპირატესობას რადიოლოგიას მიანიჭებს.

„ხშირად მეუბნებიან, რომ ექიმობა ძალიან რთულია – თერთმეტი წელი უნდა ისწავლო; შენი თავისთვის დრო აღარ დაგჩებაო. მე ამისთვის მზად ვარ, რადგან ეს ჩემი ცხოვრების მთავარი მიზანი და ინტერესია.

ვიმედოვნებ, რომ ამ მიზანს მივაღწევ. ჩემი თანატოლები და მეგობრები უპირატესობას ჰუმანიტარულ პროფესიებს ანიჭებენ. სამედიცინო სფერო ახალგაზრდებში ნაკლებად პოპულარულია“.

გვანცასთვის ონლაინსწავლება დამატებითი გამოწვევა  აღმოჩნდა, მაგრამ მას დროთა განმავლობაში მოერგო.

უხარია, რომ ამ ეტაპზე აბიტურიენტობის რთული პერიოდის გავლა ონლაინ სივცეში არ უწევს. შარშან მისი ძმაც აბიტურიენტი იყო და კარგად ესმის, რა დაბრკოლებებსაც ონლაინ სწავლება და კომენდანტის საათი ქმნიდა.

„ამ სიტუაციაში დისტანციური სწავლება კარგი გამოსავალი აღმოჩნდა. ამით ჯანმრთელობასაც უფრთხილდები და სწავლის შესაძლებლობაც გაქვს. მიუხედავად ამისა, მასწავლებლებთან და კლასელებთან პირდაპირ ურთიერთობას არაფერი სჯობს.

ჩემთვის, როგორც ხარაგაულში მცხოვრები ახალგაზრდისთვის, დიდი პრობლემაა მოუწესრიგებელი გზები. ხშირად მიწევს ფეხით გადაადგილება ხარაგაულის ქუჩებში და განსაკუთრებით წვიმიან ამინდში სულ ტალახით ვისვრები“.

საქართველოს დღევანდელი განათლების სისტემაში არსებობს ხარვეზები, რაც მოსწავლეებს აწუხებთ.  გვანცას ვკითხეთ – გადაწყვეტილების მიმღები პირი რომ იყოს, რას შეცვლიდა სასკოლო განათლების სფეროსა და ეროვნულ გამოცდებზე?

„საატესტატო გამოცდების გაუქმებას არ ვეთანხმები. ამ გამოცდისთვის მოსწავლეები უფრო მონდომებულები და მობილიზებულები იყვნენ, რომ კარგად ესწავლათ. იცოდნენ, რომ ისე ატესტატს ვერ აიღებდნენ.

ეროვნულ გამოცდებს რაც შეეხება, საბუნებისმეტყველო საგნებში არაფერს შევცვლიდი. სამაგიეროდ, ჩემი თანატოლების გულისტკივილს გაგიზიარებთ. ისინი ძალიან წუხან იმას, რომ ისტორიის გამოცდაზე თარიღებს დიდი ყურადღება ექცევა.

შესაძლოა, ნერვიულობის ნიადაგზე მსოფლიოში მომხდარი რომელიმე მოვლენის თარიღი დაგავიწყდეს, ან აგერიოს. ამის გამო ქულას გაკლებენ. ეს უსამართლობაა. მე ამას შევცვლიდი და აქცენტს აბიტურიენტის აზროვნებასა და ლოგიკური მსჯელობის უნარზე გავაკეთებდი“.

გვანცა ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ახალი წელი ძალიან უყვარს. ყოველ ახალ წელს ამა თუ იმ სურვილს ჩაიფიქრებს ხოლმე. წლევანდელი ოცნებები სასურველ უნივერსიტეტსა და პროფესიაში მოხვედრას უკავშირდება. იგი თანატოლებსაც იმავეს უსურვებს.

ლიკა ხიჯაკაძე