იმერეთში კორონავირუსით ინფიცირების ყველაზე მაღალი დღიური მაჩვენებელი ზესტაფონში ფიქსირდება.

COVID-19 აქ ყოველდღიურად ასამდე პირს უდასტურდება.

ზესტაფონის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის, თამარ გველესიანის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში კორონავირუსის პირველად დაფიქსირებიდან 12 814 პირია ინფიცირებული. მათგან 81 ინფიცირებული გარდაიცვალა.

ზესტაფონში დადასტურდა ხელმეორედ დაავადების 37 ფაქტი; მათ შორის ორჯერადად აცრილებში.

– ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ კორონავირუსი ვერაგი დაავადებაა და ძალიან მნიშვნელოვანია რეგულაციების მკაცრად დაცვა, – ამბობს თამარ გველესიანი, – უნდა ვეცადოთ, დავიცვათ დისტანცია, მოვერიდოთ ხალხმრავალ შეკრებებს და თავშეყრას დახურულ სივრცეში.

ჩვენი წილი პასუხისმგებლობა უნდა ავიღოთ და როგორმე პანდემიის ჯაჭვი გავწყვიტოთ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 12 ათასი პირია აცრილი. ამ ბოლოს ვაქცინაციის მსურველთა რიცხვი გაიზარდა. თუმცა ეს პანდემიის დასამარცხებლად მაინც არასაკმარისია.

ზესტაფონში აცრები სინოფარმითა და სინოვაკით ჯეოჰოსპიტალის ამბულატორიაში მიმდინარეობს. საქართველოში ხელმისაწვდომი ყველა ვაქცინით აცრა შესაძლებელია ჯეოჰოსპიტალის სტაციონარსა და სისხლის ბანკის ზესტაფონის ფილიალში.

მოსახლეობის ინფორმირების მიზნით, ძირითადად, ტელეკომპანია „არგოს“ ეთერს და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ფეისბუქგვერდს ვიყენებთ.

კორონავირუსის პანდემიამ თითქოს ჩვენი სხვა საქმიანობები გადაფარა, თუმცა, ყველა პროგრამას ვახორციელებთ.

50%-ით შევასრულეთ C ჰეპატიტის სკრინინგ პროგრამა. სულ 6 ათასი ტესტი გადმოგვეცა. კარდაკარ C ჰეპატიტზე მოსახლეობის გამოკვლევა ახლა ძნელია. კარგად მიმდინარეობს ბავშვთა იმუნიზაცია, სალონების მონიტორინგი.

ურთულეს რეჟიმში ვმუშაობთ. გაცნობიერებული გვაქვს, რომ ომში ვართ, თითოეული ადამიანის სიცოცხლე არის ძალიან ძვირფასი და ჩვენი დაღლა მეორეხარისხოვანია.

იმ ადამიანების ტესტირებაში, რომლებიც ვერ გადაადგილდებიან, ადგილობრივი თვითმმართველობა გვეხმარება. გამოყოფილია ტრანსპორტი და ხან ჩვენი ბრიგადა მიდის სოფლებში, ხანაც სოფლებიდან მოჰყავთ მოქალაქეები ტესტირებისთვის.

ვაქცინაციას რაც შეეხება, სვირში ერთკვირიანი მარათონი ჩატარდა. თუმცა არ იყო ისეთი აქტივობა, როგორსაც ველოდით.

ვფიქრობ, რომ მოქალაქეთა ვაქცინაციის პროცესში ყველა სოფლის ამბულატორია ჩაერთვება. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ ამ ამბულატორიებში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდეს.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში 17 საექიმო ამბულატორია ფუნქციონირებს. ექიმთა უმეტესობა სხვა სამედიცინო დაწესებულებებშიც მუშაობს.

გამართული ინფრასტრუქტურა სოფელ პირველი სვირის ამბულატორიაშია. ექიმს, რომელსაც ამბულატორიაში არ აქვს წყალი, ინტერნეტი, გათბობა, ვერაფერს მოვთხოვ.

ახლა, როცა მარსზე მიფრინავს ხალხი, სირცხვილია, რომ საექიმო ამბულატორიას წყალი არ ჰქონდეს და ასეთ პირობებში მყოფი ექიმი კორონავირუსის პანდემიას ებრძოდეს.

სამწუხაროა, რომ პანდემიის პირობებში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დაფინანსება რეალურად არ იზრდება.

ზესტაფონში საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი 2008 წელს შეიქმნა. იმერეთში ერთ-ერთი გამორჩეული ცენტრია. თანამშრომლები კონკურსით მივიღეთ.

დელეგირებული ტრანსფერის თანხა – 100 ათასი ლარი, ათეული წლებია, არ იმატებს. ჯანდაცვა პრიორიტეტი მხოლოდ ფურცელზეა.

ოთხჯერ რომ გაიზრდება მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი, ხომ უნდა შეეტყოს ჯანდაცვის დაფინანსებას?! მართალია, ტრანსფერი მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით გვეძლევა, მაგრამ ახლა პანდემიაა. ჩვენი ჯანმრთელობის ფასად, შაბათ-კვირის ჩათვლით ვმუშაობთ. ჩევნი ხუთი თანამშრომელი კოვიდით დაავადდა.

ურთულესი დღეები გამოვიარეთ და ნორმალურ ხელფასს მაინც ვიღებდეთ. ეპიდემიოლოგის ხელფასი 540 ლარია. ეს უსამართლობად მიმაჩნია.

პანდემიის მართვის გარდა, არაფერს ნიშნავს ის, რომ წელს შიდსით დაავადებული აღარ გვყავს?! არაფერს ნიშნავს ის, რომ 2020 და 2021 წლებში C ჰეპატიტის სახელმწიფო პროგრამაში 150 ადამიანი ჩავრთეთ და მათი 50% უკვე განკურნებულია?!

მივესალები დაგებულ გზებსა და ხიდებს, მაგრამ ერთი გამოჯანმრთელებული ადამიანი მირჩევნია ათ გაკეთებულ ხიდს, – ამბობს თამარ გველესიანი.

ნინო კაპანაძე