ლოლა ბიწაძე, 28 წელია, გედსამანიის სკოლის ქიმია-ბიოლოგიის მასწავლებელია. გედსამანია მაღალმთიანი დასახლების სტატუსის მქონე სოფელია. კანონით ის პირები, რომლებიც ამ სოფელში ცხოვრობენ და აქვე მუშაობენ, მაღალმთიან დასახლებაში მუდმივად მცხოვრები პირებისთვის დაწესებული შეღავათებით უნდა სარგებლობდნენ.
მეოთხე წელია, ქალბატონი ლოლა და მისი კოლეგები შეღავათებით სარგებლობას ხელისუფლებისგან უშედეგოდ ითხოვენ. საქმე იმაშია, რომ გედსამანიის სკოლა 2005 წლიდან ხუნევის სკოლასთან არის შერწყმული, ხუნევს კი მაღალმთიანი დასახლების სტატუსი არ აქვს.
გედსამანიის სკოლაში დასაქმებული 15 თანამშრომლიდან 10 გედსამანიაში ცხოვრობს. მათგან შვიდი ქალია.
„ჩემი ანაზღაურება ისედაც მცირეა, – ამბობს ლოლა ბიწაძე, – ხელზე ყოველთვიურად 500 ლარს ვიღებ. 20% საშემოსავლო არ დამექვითებოდა, სკოლას რომ ისევ დამოუკიდებელი სტატუსი ჰქონდეს. ხელისუფლების წარმომადგენლებთან ყველა შეხვედრაზე ამ საკითხს ვაყენებთ.
ასეთი შემთხვევა საქართველოში მხოლოდ ეს ერთი ყოფილა. ნუთუ არ შეიძლებოდა, რომ 2018 წლიდან მოყოლებული, ხელისუფლებას გამონაკლისი დაეშვა. წლებია, თანხას, რაც კანონით მეკუთვნის, ვერ ვიღებ“.
ხარაგაულის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი მარინე ვეფხვაძე ამბობს, რომ გედამანიის სკოლაში დასაქმებულებმა შეღავათებით რომ ისარგებლონ, ერთადერთი გამოსავალი ამ სკოლისთვის დამოუკიდებელი სტატუსის დაბრუნებაა. ამისთვის კი, პირველ რიგში, სკოლის ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს.
მარინე ვეფხვაძე 2021 წლის დასაწყისში ამბობდა, რომ ცენტრალური ბიუჯეტიდან სკოლების რეაბილიტაციისთვის გამოყოფილ თანხებს, უპირველესად, გედსამანიის სკოლის შენობის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებისთვის მიმართავდა.
2021 წელი ისე იწურება, რომ გედსამანიის სკოლაში დასაქმებულთა პრობლემის მოსაგვარებლად არავის უზრუნია. „წელს სკოლების რეაბილიტაციისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 60 ათასი ლარი მივიღეთ, – ამბობს მარინე ვეფხვაძე, – ეს თანხა მოლითის სკოლაში სველი წერტილების მოწესრიგებას და ხარაგაულის #3 სკოლაში სახურავის შეცვლას მოხმარდა.
2022 წლისთვის ჩვენი პრიორიტეტი გედსამანიისა და ხუნევის სკოლების ინფარსტრუქტურის მოწესრიგება იქნება. მაჟორიტარი დეპუტატი, მერია ყველა ჩართულია ამ პოცესებში“.
მარინე ვეფხვაძემ ზუსტად არ იცის, რა თანხა გამოიყოფა 2022 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან ხარაგაულში სკოლების ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად.
დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვა პროფკავშირების ვალდებულებაა. განათლების პროფკავშირის ხარაგაულის რაიონული ორგანიზაციის ხელძღვანელმა ლალი სებისკვერაძემ გასულ სასწავლო წელს სათაო ოფისში წერილი გააგზავნა გედსამანიის სკოლაში დასაქმებულთა უფლებების დასაცავად.
„ეს საკითხი ძალიან მნიშვნელოვანია და მასწავლებლების შრომითი უფლებები ილახება, – ამბობს ლალი სებისკვერაძე, – ჩვენი ორგანიზაციის სათაო ოფისიდან მიპასუხეს, რომ ცენტრალურ ხელისუფლებაში ამ პრობლემას დააყენებენ. შემდეგ პროცესები როგორ განვითარდა, არ ვიცი.
აუცილებლად მოვიკითხავ და შუამდგომლობას ისევ დავაყენებ. თქვენი მედიაორგანიზაციის გარდა ამ თემით არავინ დაინტერესებულა“.
საჩხერე-ჭიათურა-ხარაგაულის მაჟორიტარი დეპუტატის, პაატა კვიჟინაძისგანაც ისევ სამომავლო დაპირება მივიღეთ, რომ „ამ პრობლემის მოსაგვარებლად განათლების სამინისტროსთან ითანამშრომლებს“.
რა გზებითა და მეთოდებით აპირებს ხარაგაულის ადგილობრივი თვითმმართველობა გედსამანიის სკოლის თანამშრომელთა უფლებების დაცვას, – ამ შეკითხვით ხარაგაულის მერს კობა ლურსმანაშვილს მივმართეთ.
„ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებ, რომ გედსამანიის სკოლაში დასაქმებულებმა მათთვის დაწესებული შეღავათებით ისარგებლონ, – ამბობს კობა ლურსმანაშვილი, – არსებობს იმის შიში, რომ ეს სკოლა ავტორიზაციას ვერ გაივლის. ჩვენ ამის ხელისშემშლელი მიზეზები უნდა აღმოვფხვრათ.
ვიცი, რომ საქართველოში სკოლები ავტორიზაციის გარეშეც ფუნქციონირებს და ვადები იმ სკოლებისთვის გახანგრძლივდა. ამ საკითხზე განათლების სამინისტროსთან ვიმსჯელებთ და თუ მათთან თანამშრომლობით ვერ მოვაგვარეთ, შემდეგ „მთის საბჭოს“ მივმართავთ“.
ნინო კაპანაძე
ამავე თემაზე
ხარაგაულში პედაგოგები მაღალმთიანი დასახლების შეღავათებით ვერ სარგებლობენ
„გეკუთვნით, მაგრამ არ გეკუთვნითო“… – როდის ისარგებლებენ გედსამანიელები შეღავათებით
გედსამანიელები უსარგებლო სტატუსით და ექთნის მოლოდინში (ვიდეო)
20 ნოემბერს ხარაგაულის ადგილობრივმა ხელისუფლებამ „ხარაგაულობა“
ნიდერლანდების სამოყვარულო თეატრი „ათინათი“
20 ნოემბერს „ხარაგაულობა“ გაიმართა. ღონისძიება ხარაგაულის შემოსასვლელში,
2024-2025 სასწავლო წელს ეროვნული სასწავლო
არჩევნები არ შედგა და აუცილებელია, უმოკლეს ვადაში ჩატარდეს ახალი არჩევნები.