კორონავირუსის პანდემიამ თეატრებისა და სახელოვნებო დაწესებულებების საქმიანობა შეაფერხა.

თუმცა, გამოსავალი მოიძებნა და ღონისძიებებმა ღია სივრცეში გადაინაცვლა.

ხარაგაულის სახალხო თეატრის რეჟისორის, ირინე ჩხეიძესგან მოპოვებული ინფორმაციით, ამ თეატრის სპექტაკლი „დარისპანის გასაჭირი“ კვირას, 10 ოქტომბერს, კურორტ „ნუნისის“ ტერიტორიაზე გაიმართება.

სპექტაკლზე დასწრება შეუძლიათ როგორც კურორტის დამსვენებლებს, ასევე ნუნისში მაცხოვრებლებსა და ნებისმიერ მსურველს.

„ღია სივრცეში სპექტაკლის ჩვენების გამოცდილება გვაქვს, – ამბობს ირინე ჩხეიძე, – გასულ წელს „დარისპანის გასაჭირი“ ხარაგაულის მუზეუმის ეზოში ვითამაშეთ.

მომავალ კვირაში სპექტაკლს „იმერული რექვიემი“ ხარაგაულის კინოთეატრის სცენაზე წარმოვადგენთ. მაყურებელთან შეხვედრა ძალიან მოგვენატრა. სპექტაკლი რეგულაციების დაცვით გაიმართება.

ოქტომბრის ბოლოს აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი ჩვენი თეატრის სპექტაკლს „ორნი“ გადაიღებს. ეს ხარაგაულის სახალხო თეატრის მესამე სპექტაკლია, რომელიც „ოქროს ფონდში“ განთავსდება“.

აჭარის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა პროექტის „ტელესპექტაკლები“ ფარგლებში ხარაგაულის თეატრის „დარისპანის გასაჭირი“ და „თანამდევი სული“ გადაიღო.