
მდინარე ძირულაზე უბისა ჰესის მშენებლობის პროექტირება დასრულებულია. საპროექტო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიის შპს „ჯორჯია ჰაიდრო ფაუერის“ გენერალურმა დირექტორმა შამილ ბირკაძემ ხარაგაულელებს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში (გზშ) წარუდგინა. შეხვედრა ორგანიზაციამ 45 დღით ადრე, 16 იანვარს დაანონსა გაზეთში „ჩემი ხარაგაული“, ხოლო გზშ ელექტრონულად მიაწოდა მუნიციალიტეტის გამგეობას. შამილ ბირკაძემ ვრცლად ისაუბრა ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ . მისი თქმით,
ამ საპროექტო ორგანიზაციის ძირითადი საქმიანობაა ჰესების პროექტირება, მშენებლობა, აღჭურვილობის ჩამოტანა, გაშვება. შპს „ჯორჯია ჰაიდრო ფაუერმა“ ბოლო სამი წლის განვალობაში ოთხი ჰესი დააპროექტა.
2013 წლის 22 ოქტომბერს კომპანიამ მთავრობასთან მოაწერა ხელი მემორანდუმს უბისა ჰესისა და ქედაში სოფელ მერისის ჰესის განვითარებაზე.
უბისა ჰესის პროექტირება დამთავრდა იანვარში. მშენებლობის ნებართვა რომ გაიცეს, პირველ რიგში საჭიროა გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილ გზშ-ზე დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზა მიიღონ.
„ჰესის სათავე არის სოფელ უბისაში, რესტორან „ზღაპარიდან“ 300-400 მეტრში. ჰესის შენობა სოფელ პატარა განთიადში იქნება. უბისა ჰესი ორი მუნიციპალიტეტის – ხარაგაულისა და ზესტაფონის ტერიტორიაზე განთავსდება, – აღნიშნა ხარაგაულში შეხვედრაზე შამილ ბირკაძემ, – იმის გამო, რომ იქვეა რესტორანი და მერე იწყება სოფელი უბისა, მაღალი კაშხალის აშენება მიზანშეწონილად არ მივიჩნიეთ. მდინარე ძირულაზე 600 მ3 წყალი შეიძლება მოვარდეს წამში. ამაზე არსებობს 50-წლიანი დაკვირვება. ყველაზე დიდი მოვარდნა იყო დაახლოებით 300 მ3. კაშხალის სიმაღლე დავაპროექტეთ ისე, რომ არ დაიტბოროს სოფელი და რაიმე სახის ზიანი არ მიადგეს მოსახლეობას. რესტორან „ზღაპართან“ მოხდება შეტბორვა და პატარა ტბა გაკეთდება დაახლოებით 400 მეტრის და ის არანირ პრობლემას არ შეუქმნის რესტორანს. დავაპროექტეთ დასაშლელფარებიანი კაშხალი. შეტბორილი წყალი 2 960 მეტრი გვირაბით გამოვა სოფელ პატარა განთიადში და მილსადენით მიეწოდება ჰესის შენობას, სადაც დამონტაჟდება ორი აგრეგატი. ჯამში კაშხალის სიმძლავრე გამოდის 7,6 მეგავატი. წლიური გამომუშავება დაახლოებით 35 მილიონი კილოვატსაათი.
ვაკეთებთ 110 კილოვატიან ელექტროგადამცემ ოთხკილომეტრიან ხაზს ჰესის შენობიდან წევის ქვესადგურამდე. ამაზე უკვე ტექნიკური პირობები აღებული გვაქვს სს „ენერგო პრო ჯორჯიადან“, რომელიც არის იმ სადგურის მფლობელი.“
შამილ ბირკაძის მტკიცებით, ჰესი შესამჩნევ ზიანს არ მიაყენებს ბუნებას. კარგადაა შესწავლილი გეოლოგიური მდგომარეობა. მიწისქვეშა გვირაბის აფეთქებები იქნება მცირემუხტოვანი და გათვალისწინებულია გვირაბის სპეციალური მექანიზმებით გაყვანა.
უბისა ჰესის მშენებლობისათვის ინვესტიცია ჩინურმა კომპანიამ შპს „ჯორჯია შანჰე პაუერ ინვესტმენტმა“ გაიღო. შამილ ბირკაძის ინფორმაციით, გამორიცხული არ არის, რომ ჰესი ჩინურმა კომპანიამ ააშენოს, თუმცა იმედოვნებს, რომ, შესაძლოა, მშენებელი იყოს ქართული კომპანია.
„ობიექტზე დასაქმდება ადგილობრივი მოსახლეობა. სოფლის მაცხოვრებლებს მოველაპარაკეთ და მოხარულები იქნებიან, თუ მათ საცხოვრებელ სახლებში განვათავსებთ მუშახელს.
გზშ-სთან დაკავშირებით გარემოს დაცვის სამინისტროსგან მივიღეთ შენიშვნები. დავამუშავებთ და დავუბრუნებთ. თვის ბოლომდე მივიღებთ საბოლოო დასკვნას. სავარაუდოდ აპრილ-მაისში შესყიდვები დასრულდება, მაის-ივნისში კი მშენებლობის დაწყება შეგვეძლება. ვვარაუდობთ, რომ ორ წლამდე გახანგრძლივდება მშნენებლობა, თუმცა გვინდა, უფრო ჩქარა დავასრულოთ. ჩვენი გათვლებით, ათი წლის განმავლობაში უნდა დაიბრუნოს ინვესტორმა ჩადებული ფული,“ – აღნიშნა შეხვედრაზე შამილ ბირკაძემ.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის გამგებელი კობა ლურსმანაშვილი პროექტის საერთო ღირებულებითა და მშენებლობაზე დასაქმებულთა რაოდენობით დაინტერესდა.
შამილ ბირკაძის განმარტებით, პროექტის საერთო ღირებულება 12 მილიონი დოლარია და სამუშაოებზე სავარაუდოდ 15 ადამიანი დასაქმდება.
ბორითის მაჟორიტარი დეპუტატის, მანანა ბარბაქაძის თქმით, უბისის მოსახლეობამ ჰესის მშენებლობისა და შეხვედრის შესახებ არაფერი იცის. „გამოცდილება გვაქვს ძალიან კარგი, რომ ინვესტორებისათვის ვზრუნავთ და მოსახლეობა რჩება მძიმე მდგომარეობაში. რა სარგებელს მიიღებს მოსახლეობა ამ ჰესის მშენებლობით, ეს არის მთავარი“, – აღნიშნა მანანა ბარბაქაძემ გზშ-ს საჯარო განხილვაზე.
შეხვედრაზე მყოფი მოქალაქე მარინა ჭიპაშვილი დაინტერესდა, რა საფრთხე ემუქრება უბისის ტაძარს ჰესის მშენებლობის შედეგად. მისი თქმით, ჰესი გავლენას მოახდენს ჰავაზე. „იქნებ სოფელი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგია, ჯერ მათთვის უნდა გეკითხათ,“ – მიაჩნია მარინა ჭიპაშვილს.
„ზუსტად ამიტომ ვარ ჩამოსული, რომ თქვათ და დაასაბუთოთ, რატომ არის წინააღმდეგი სოფელი, – აღნიშნა შამილ ბირკაძემ. მივიღებთ ყველა დასაბუთებულ შენიშვნას, მაგრამ არა აბსურდულს. ორ კილომეტრშია ჰესის სათავე ტაძრიდან და არ დაზიანდება არაფერი.
ქვეყანას აქვს აღებული კურსი, რომ შექმნას ენერგოდამოუკიდებლობა და საკუთარი ენერგეტიკული წყაროები. ამის ერთ-ერთი შესაძლებლობა არის უბისა ჰესის აგება. პროგრესია განსახორციელებელი, მაგრამ არა ისე, რომ დააზარალო ვინმე და გადაასახლო.
ჰავა შეიცვლებაო, რომ ამბობთ, არასერიოზულია ამაზე საუბარი. წყლის ზედაპირი იმხელაა, რომ მისი აორთქლება შეუძლებელია.“
საღანძილის ადმინისტრაციულ ერთეულში გამგებლის წარმომადგენელი კობა ყრუაშვილი დაინტერესდა, რა რაოდენობის წყალი გაივლის გვირაბს და რა ნაწილი დარჩება მდინარის კალაპოტში, ხომ არ იქნება ელექტროენერგიის გადასახადზე რაიმე შეღავათი ადგილობრივი მოსახლეობისათვის და რა ბედი ელით მდინარის თევზებს.
შამილ ბირკაძის განმარტებით, გვირაბში მდინარის წყლის 90% შევა, 10% დარჩება სამ კილომეტრში. მისივე თქმით, პოპულისტობა იქნება, ვინმე ელენერგიის საფასურზე შეღავათებს რომ დაჰპირდეს მოსახლეობას, რადგან გამომუშავებული ელენერგია საერთო სისტემაში შევა და ცენტრალიზებულად განაწილდება. რაც შეეხება თევზებს, შამილ ბირკაძის თქმით, ახალი კანონმდებლობით არც ერთი კაშხალი არ შენდება, სპეციალური თევზსავალის გარეშე.
გარემოს დაცვის სამინისტროს გარემოზე ზემოქმედების ნებართვების დეპარტამენტის ნებართვების სამმართველოს მთავარი სპეციალისტის, ირაკლი ფირცხალაიშვილის განმარტებით, გზშ განიხილეს როგორც სამინისტროს თანამშრომლებმა, ასევე დამოუკიდებელმა ექსპერტებმა. „68 პუნქტიანი შენიშვნები გადავეცით დღეს შპს „ჯორჯია ჰაიდრო ფაუერს.“ ეკოლოგიურ ექსპერტიზაზე რომ შემოვა განაცხადი, გადავუგზავნით ისევ ექსპერტებს. თუ შენიშვნები არ გაითვალისწინეს, ვერ გაიცემა დადებითი ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა,“ – აღნიშნა ირაკლი ფირცხალაიშვილმა.
„ნუ მიიღებთ ისე, რომ ვიღაცა გაძალებთ ამ ჰესის აშენებას. ჰესი რომ ააშენო, პროცედურებია გასავლელი: ტექნიკურ-ეკონომიკური, ფინანსური დასაბუთება, დადებითი ეკოლოგიური დასკვნა და სხვ. საჯარო განხილვის ოქმში დაფიქსირდება თქვენი კითხვები და თუ პასუხგაუცემელი დარჩება, ჩვენ დადებით დასკვნას ვერ მივიღებთ. ამიტომ ჰყავს გარემოს დაცვის სამინისტროს შიდა და დამოუკიდებელი ექსპერტები,“ – დასძინა შეხვედრის ბოლოს შამილ ბირკაძემ.
ნინო კაპანაძე
საქართველოსგან ევროკავშირთან გაფორმებული
2025 წლის 6 მაისს, თბილისის დროით ღამის სამი საათისათვის,
12 მაისს მართლმადიდებელი სამყარო ანდრიაობას ზეიმობს.
დღეს, 7 მაისს, პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობა
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარძიაში აღდგომიდან